სომხეთის პრემიერი ნიკოლ ფაშინიანი ისევ ითხოვს პასუხს სომეხთა პატრიარქისგან, თქვას, ჰყავს თუ არა შვილი.
ფაშინიანმა დღესაც, 6 ივნისსაც, დაწერა სოციალურ ქსელში, რომ მისი მრევლი პასუხს ელოდება კითხვაზე, ხომ არ დაარღვია პატრიარქმა უბიწოების აღთქმა. მისი მოსაზრებით, ამ საკითხზე პატრიარქის დუმილი იმის მანიშნებელია, რომ ცნობები შვილის თაობაზე, სიმართლეა.
ბოლო რამდენიმე დღეა, კიდევ ერთხელ გამწვავდა ურთიერთობები სომხეთის პრემიერსა და სომეხთა კათოლიკოს გარეგინ მეორეს შორის. ფაშინიანი და მისი ცოლი, ანა ჰაკობიანი ღიად აკრიტიკებენ სასულიერო პირებს და მათ ქვეყნის მთავარ მაფიოზებს უწოდებენ.
გუშინ, 5 ივნისს, ერთ-ერთი სომხური გამოცემა წერდა, რომ ფაშინიანმა თანაგუნდელებს უთხრა, რომ ეკლესია რუსეთისგან იღებს მითითებებს. ოპონენტები კი ზეწოლად აფასებენ ფაშინიანისა და მისი ცოლის განცხადებებს. სამოციქულო ეკლესიის მიერ გამოქვეყნებულ ოფიციალურ განცხადებაში წერია, რომ ეს ბრალდებები ავტორიტეტის შელახვას ემსახურება.
ამასთან, წერილში არაფერია ნათქვამი ფაშინიანის დაჟინებულ კითხვაზე, ჰყავს თუ არა გარეგინ მეორეს შვილი. აღსანიშნავია, რომ სომხურ ეკლესიასა და ფაშინიანს შორის ურთიერთობები ჯერ კიდევ 2020 წელს გამწვავდა, ყარაბაღის ომის შემდეგ. გარეგინ მეორე და სხვა რელიგიური ლიდერები ღიად დაუპირისპირდნენ ადმინისტრაციას და შეუერთდნენ მოწოდებებს პრემიერ-მინისტრის გადადგომის თაობაზე.
