კატეგორიები

მოლაპარაკებათა მეორე რაუნდი – რაზე შეთანხმდნენ მხარეები

მოლაპარაკებათა მეორე რაუნდი – რაზე შეთანხმდნენ მხარეები

სტამბოლის შეხვედრა დიდი მოლოდინის გარეშე დაიწყო, ცეცხლის შეწყვეტას არავინ ელოდა. ასეც მოხდა, თუმცა დასასრულს ცნობილი გახდა, რომ მოსკოვსა და კიევს შორის შეთანხმება ჰუმანიტარულ საკითხებზე მოხერხდა.

კერძოდ, მხარეები ერთმანეთში ტყვეებს კიდევ ერთხელ გაცვლიან, აქცენტი მძიმედ დაჭრილ ჯარისკაცებსა და 25 წლამდე ახალგაზრდა სამხედროებზე იქნება. ამასთან უკრაინულმა მხარემ რუსულს გადასცა იმ არასრულწლოვანთა სრული სია, რომლებიც უკრაინის ტერიტორიიდან უკანონოდ გაიყვანეს. კიევი მათ სრულად დაბრუნებას მოითხოვს.

უკრაინული დელეგაციის წარმომადგენლები რუსულ დელეგაციასთან შესახვედრად მიემართებიან, სტამბოლი, თურქეთი, 2 ივნისი, 2025 წელი Copyright AP Photo/Emrah Gurel

„ჩვენ  წარვუდგინეთ რუსულ მხარეს 3 ძირითადი მოთხოვნა პრეზიდენტი ზელენსკისგან: პირველი, ცეცხლის უპირობო და სრული შეწყვეტა ჰაერში, წყალსა და ხმელეთზე 30 დღით მაინც. რამდენიმე დღის ჩვენ წარვუდგინეთ ჩვენი დოკუმენტი რუსულ მხარეს, მაგრამ კომუნიკაცია მათი მხრიდან არ ყოფილა. დღევანდელ დისკუსიებზე კი მათ გადმოგვცეს მემორანდუმის დოკუმენტი, რის შესასწავლადაც დრო გვჭირდება. მეორე ნაბიჯია ჩვენი ხალხის გათავისუფლება, მოვითხოვთ ყველა პატიმრისა და გატაცებული ბავშვის დაბრუნებას.

შევთანხმდით კონკრეტულ კატეგორიებზე,  კერძოდ,  „ყველა ყველაზე” პრინციპზე, რაც სერიოზულად დაჭრილ სამხედროებსა და ახალგაზრდა ჯარისკაცებს შეეხებათ. გავცვლით სამხედროების ცხედრებს – 6000-ს 6000-ზე. ეს ჩვენთვის ფუნდამენტურია. მესამე საკითხია ლიდერების შეხვედრა, რადგან გვჯერა, რომ ყველა საკვანძო საკითხი სწორედ ლიდერების დონეზე წყდება, მათ შორის განიხილება სხვა ლიდერების ჩართულობა, როგორიცაა აშშ-ის პრეზიდენტი.

ჩვენ შევთავაზეთ რუსულ მხარეს შეხვედრა უკვე ამ თვის ბოლოს, დიდი ხანია მათ ვეუბნებით, რომ ომი უნდა დასრულდეს. ამაში კი მთელი მსოფლიო გვიჭერს მხარს. ჩვენ მოვუწოდებთ მათ რეალური მუშაობისკენ. თუ რუსეთი სერიოზულადაა განწყობილი ომის დასრულებაში, მაშინ შესაბამისად იმოქმედებს, წინააღმდეგ შემთხვევაში მას საერთაშორისო სანქციები უნდა დაეკისროს”, – აღნიშნა შეხვედრის შემდეგ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა რუსტემ უმეროვმა.

„ჩვენ რამდენიმე საკითხი გადავწყვიტეთ. პირველ რიგში, უკრაინულ მხარეს გადავცემთ 6 000 უკრაინელი ჯარისკაცისა და ოფიცრის გაყინულ ცხედარს. ყველა მათგანი ჩვენთან ინახება. ვისი იდენტიფიცირებაც შეგვეძლო, ასეც გავაკეთეთ. ჩავატარეთ დნმ-ის ტესტი, გავარკვიეთ მათი ვინაობა. მომდევნო კვირაში ამ ცხედრებს ორგანიზებულად გადავცემთ უკრაინულ მხარეს, რათა მათ შეძლონ მათი დაკრძალვა. თუ მათაც აქვთ რუსი სამხედროების ცხედრები, ჩვენც მივიღებთ მათ. ასევე შევთანხმდით კიდევ ერთ უმნიშვნელოვანეს გაცვლაზე – ყველა მძიმე დაჭრილი, ყველა მძიმედ დაავადებული იქნება გაცვლილი ფორმულით „ყველა ყველას სანაცვლოდ”. ეს ჩვენი მხრიდან არის ჰუმანიტარული ჟესტი.ფორმულით „ყველა ყველას სანაცვლოდ” გაცვლილები იქნებიან 25 წლამდე ასაკის ჯარისკაცებიც.

ჩვენ ასევე შევთანხმდით მუდმივმოქმედი სამედიცინო კომისიის არსებობაზე, რომლის დასკვნის საფუძველზეც მხარეები, პოლიტიკური გადაწყვეტილებების ლოდინის გარეშე შეადგენენ მძიმედ დაჭრილთა სიას”, – აღნიშნა შეხვედრის დასრულების შემდეგ ვლადიმერ მედინსკიმ, რომელიც კრემლში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის თანაშემწის თანამდებობას იკავებს.

უკრაინის თავდაცვის მდივანმა რუსულ მემორანდუმში ჩახედვა ჯერ ვერ მოასწრო. ხანგრძლივი ლოდინის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ ომის დასასრულებლად საკუთარი პირობები რუსულმა მხარემ უკრაინას სწორედ შეხვედრის დაწყების წინ გადასცა. კიევმა 1-კვირიანი ვადა აიღო დოკუმენტის შესასწავლად. ცნობილია, რომ თავად უკრაინული მემორანდუმის აქცენტი ცეცხლის შეწყვეტაზეა. ამასთან საკუთარ დოკუმენტში კიევი უარს ამბობს სამხედრო ნეიტრალიტეტზე რაიმე სახის ვალდებულების აღებაზე. უკრაინას უსაფრთხოების გარანტიები სჭირდება.

„დოკუმენტი ოდნავ ადრე რომ მიგვეღო, მზად ვიქნებოდით მის პუნქტებზე სასაუბროდ, თუ რამდენად მისაღები ან მიუღებელია ისინი, მაგრამ ის რამდენიმე წუთის წინ მივიღეთ, შესაბამისად, იმპროვიზებას ვერ მივყვებით. დოკუმენტი უნდა შევისწავლოთ, ჩვენი დოკუმენტი კი ღია და რაციონალურია. ის ლოგიკურია და მასში ნორმალური სამშვიდობო პროცესისთვის საჭირო პუნქტებია გაწერილი”, – განუმარტა ჟურნალისტებს უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა გეორგი ტიხიმ.

ვოლოდიმირ ზელენსკისა და ვლადიმერ პუტინს შორის შეხვედრის თარიღიც უკრაინამ რუსულ მხარეს  თვის ბოლო შესთავაზა. თუმცა მოსკოვი პასუხებს არ ჩქარობს. ვიდრე პუტინი ფიქრობს, ზელენსკის ნატოს სამიტზე ვილნიუსში მასპინძლობენ. ლიეტუვაში  სკანდინავიისა და ე.წ. ბუქარესტის ცხრიანის ქვეყნები ხვდებიან, რათა ჰააგის სამიტისთვის პოზიციები შეაჯერონ. სამიტზე მიწვეულმა ზელენკსიმ იმ სპეცოპერაციაზე ისაუბრა ღიად, რომელსაც კიევი პარტნიორებთან ერთად 6 თვე გეგმავდა. ოპერაცია „ობობის ქსელი” ე.წ. ეფ-ეს-ბეს ერთ-ერთი შტაბ-ბინის მახლობლად დაიგეგმა,  შედეგად კი უკრაინულმა დრონებმა 40-ზე მეტი რუსული თვითმფრინავი გაანადგურეს. მოლაპარაკებების წინ კიევისთვის ეს პოლიტიკურ უპირატესობას წარმოადგენდა, მოსკოვი საკითხს ჯერ არ გამოხმაურებია.

„ევროპას ამერიკასთან ერთად რუსეთზე უკეთესი იარაღი აქვს. ჩვენ აგრეთვე გვაქვს ძლიერი ტაქტიკური გადაწყვეტა, ჩვენი გუშინდელი ოპერაცია „ობობის ქსელი” ამის დასტურია. რუსეთმა უნდა იგრძნოს რას ნიშნავს დანაკარგი. სწორედ ეს უბიძგებს მას დიპლომატიისკენ და როდესაც რუსეთი საკუთარ თავზე იწვნევს დანაკარგს ამ ომში, ყველასათვის ნათელი გახდება, რომ უკრაინა იცავს თავდაცვის ხაზს, არა მხოლოდ საკუთარი თავისთვის, არამედ ევროპისთვის.

უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რათა დავრწმუნდეთ, რომ დიპლომატია არ არის ცარიელი. ჩვენი დელეგაცია ახლა სტამბოლში იმყოფება და მზად ვართ, გადავდგათ საჭირო ნაბიჯები მშვიდობის მისაღწევად. საწყისი წერტილი უნდა იყოს ცეცხლის შეწყვეტა და ჰუმანიტარული ნაბიჯები, მათ შორის პატიმრების გათავისუფლება და გატაცებული ბავშვების დაბრუნება. ყველა საკვანძო საკითხის გადაწყვეტა შესაძლებელია ლიდერების დონეზე. და თუ რუსეთი ძირს გამოუთხრის ამ საწყისს დღის წესრიგს და თუ სტამბოლში შეხვედრები არაფერს მოიტანს, ეს იქნება იმის მკაფიო ნიშანი, რომ ახალი ძლიერი სანქციები რუსეთზე სასწრაფო და აუცილებელია ევროკავშირის მე-18 სასანქციო პაკეტისა თუ აშშ-ის მხრიდან. კერძოდ, კი ის მკაცრი სანქციები, რომლებსაც პრეზიდენტი ტრამპი დაგვპირდა”, – თქვა ვილნიუსში ვიზიტით მყოფმა უკრაინის პრეზიდენტმა.

სტამბოლში გამართული შეხვედრა ჯერ არ შეუფასებია აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს. ბოლო განცხადებებში მას არ დაუმალავს იმედგაცრუება მოლაპარაკებების პარალელურად მიმდინარე რუსული თავდასხმის გამო უკრაინის ქალაქებზე. აშშ-ის პრეზიდენტმა აგრეთვე განაცხადა, რომ გადახედავს სენატორ ლინდსი გრემის კანონპროექტსაც, რომელიც 82 მხარდამჭერით რუსეთისთვის სანქციების დაკისრებას ითვალისწინებს, იმ შემთხვევისთვის თუ პუტინი ცეცხლის შეწყვეტას არ დასთანხმდება.

Related news
პაკისტანისა და ავღანეთის ძალებს შორის, საზღვრისპირა რეგიონებში შეტაკებებია „მნიშვნელოვან პროგრესი“ - დასრულდა აშშ-ირანის მოლაპარაკებების კიდევ ერთი რაუნდი
სხვა ამბები