მთავარიგადაცემებიEuropeans' Storiesეკრანზე მიჯაჭვულობის პრობლემა ევროპაში - როგორ უნდა დავიცვათ მცირეწლოვნები?

ეკრანზე მიჯაჭვულობის პრობლემა ევროპაში – როგორ უნდა დავიცვათ მცირეწლოვნები?

ბავშვებისა და მოზარდების ეკრანზე მიჯაჭვულობა რომ საშიშია, ამას სულ უფრო მეტად აღიარებენ მსოფლიოში. შესაბამისად, ევროკავშირში სულ უფრო მეტი ქვეყანა კრძალავს სმარტფონის სკოლაში გამოყენებას. მაგრამ რამდენად  იღებენ საკმარის ზომებს ევროპაში, რომ ახალგაზრდები ეკრანზე მიჯაჭვულობისგან დაიცვან?

ახალგაზრდების ეკრანზე მიჯაჭვულობად  ითვლება სმარტფონით, ტაბლეტით, კომპიუტერით, ტელევიზორით და ციფრული თამაშებით აზარტულად გართობა. ციფრულ ეკრანზე ასეთი დამოკიდებულება არღვევს ძილს, ურთიერთობებს, საშინაო დავლება კი უხარისხოდ სრულდება.

კვლევების მიხედვით, დღეში 2-3 საათზე მეტი ხნით ეკრანთან ყოფნა აქვეითებს სწავლის უნარს და ასუსტებს მენტალურ ჯანმრთელობას. მიუხედავად ამისა, მოზარდები მთელ მსოფლიოში დღეში საშუალოდ  7 საათსა და 22 წუთს ატარებენ ეკრანებთან. ზომაზე მეტი ხნით ეკრანის ყურება 3 წლამდე ასაკის ბავშვებში უარყოფითად აისახება მათი ტვინის განვითარებაზე. ბოლო კვლევები აჩვენებს, რომ ეკრანზე დამოკიდებულება 9-11 წლის ასაკის ბავშვებში ზრდის სუიციდისაკენ მიდრეკილების რისკს.

როგორც არასრულწლოვანების, ისე ზრდასრულების  დაცვის მიზნით, 2024 წლიდან ევროპაში მოქმედი ყველა ციფრული პლატფორმა უნდა დაემორჩილოს „ციფრული მომსახურების აქტს“ –  ევროკავშირის მასშტაბით მოქმედ რეგულაციათა პაკეტს, რომელიც უსაფრთხო ინტერნეტგარემოს შექმნას ემსახურება. არსებობს მოსაზრება, რომ TikTok-ი, Facebook-ი, და  Instagram-ი არ ემორჩილებიან ამ აქტს. ევროკომისიამ გამოძიება დაიწყო, რათა გაარკვიოს, რამდენად იყენებენ ბოროტად ეს სოციალური ქსელები ახალგაზრდების სუსტ ნებას, რასაც ეკრანზე დამოკიდებულება მოჰყვება შედეგად.

საფრანგეთში სმარტფონები სკოლაში 2018 წლიდან არის აკრძალული, თუმცა ამ აკრძალვას, როგორც წესი, ყურადღებას არ აქცევენ. მე ლიონის სამხრეთ-დასავლეთით მდებარე მარსელ პანიოლის სახელობის საჯარო სკოლაში ვიმყოფები, რომელიც იმ 200 საშუალო სკოლას შორის არის,  რომლებიც სასწავლო წლის დაწყებიდანვე ამოწმებენ, ხდება თუ არა ე.წ. „ციფრული დარღვევები“. მოდი, გავიგოთ, როგორ მიდის საქმე“.

დილის რვის ნახევარზე საშუალო სკოლის  11-12 წლის მოსწავლეებმა თავიანთი მობილურები შესასვლელში უნდა დატოვონ. უფროსი კლასის მოსწავლეებს შეუძლიათ ტელეფონი თან იქონიონ, თუმცა გამოყენების უფლება არ აქვთ.

სკოლის დირექტორი განმარტავს, რომ ტელეფონების კონფისკაცია ყველაზე მარტივი საშუალებაა სკოლაში სმარტფონის ამკრძალავი კანონის დასაცავად. იგი ამბობს, რომ ციფრული დარღვევების შესახებ შინაგანაწესის დადებითი შედეგი უკვე სახეზეა.

იან დიუროზა, მარსელ პაგნიოლის სახელობის საშუალო სკოლის დირექტორი:

“შეუძლებელია, რომ თითოეული მოწაფე ამოწმოს თითო უფროსმა ადამიანმა, იხედებიან თუ არა ისინი ტელეფონებში დასასვენებელ ოთახსა თუ დერეფანში მესიჯებისა თუ შეტყობინებების შესამოწმებლად. აკრძალვის მიზანია, შეამციროს ეკრანზე დამოკიდებულება, რაც შეიძლება დიდი ხნით სკოლის საათებში და ამ მეექვსეკლასელებთან ტელეფონის აკრძალვის დარღვევის ერთი შემთხვევაც კი არ მქონია პირველი სექტემბრიდან მოყოლებული. თუმცა მეხუთე, მეოთხე და მესამე კლასელებთან ჯერ კიდევ ბევრია ასეთი ინციდენტი. ვცდილობთ, გავიგოთ, გადაიღეს თუ არა ფოტო. რომელსაც, როგორც წესი,  ძალიან საშიშ ვითარებაში იღებენ ის მოწაფეები, რომლებიც უბრალოდ მიჯაჭვული არიან თავიანთ ტელეფონებზე“.

სმარტფონის აკრძალვა ერთსულოვნად მიიღეს სკოლაში.

“სკოლის დროს ეკრანებთან აღარ ვართ“, – ამბობს ერთი 12 წლის გოგონა.

ესპანური ენის მასწავლებელი ამბობს, რომ ციფრული აპარატების რეგულირება ამცირებს კიბერბულინგის შემთხვევებსაც. ამ პრობლემის მასშტაბი იზრდება და ევროპაში ექვსიდან ერთი მოწაფე მისი მსხვერპლია, როგორც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ახალი კვლევა აჩვენებს.

“ბოლო რამდენიმე წელია, უამრავი პრობლემა გვქონდა ტელეფონებთან დაკავშირებით,“ – ამბობს სოფი ატალაჰი, ესპანური ენის მასწავლებელი, მარსელ პაგნიოლის სახელობის საშუალო სკოლა. „წელს ტრადიციული საცეკვაო ბანკეტი 14 და 15 წლის მოწაფეებისთვის ტელეფონების გარეშე ჩავატარეთ. ეს შესანიშნავი იყო, რადგან მოწაფეებს შეეძლოთ, თავისუფლად ეცეკვათ და მშვიდად ყოფილიყვნენ, აღარ ღელავდნენ იმის გამო, რომ მათ ფოტოებს ვიღაც მანიპულაციისთვის გამოიყენებდა. ყველა მართლა მშვიდად იყო“.

მშობლები მთელ ევროპაში ცდილობენ, რაღაცა გააკეთონ ეკრანზე დამოკიდებულების შესამცირებლად. ლიონში ორი შვილის დედამ მარი-ალიმ დაწერა წიგნი ამ თემაზე და ფეისბუკზე ხუთი წლის წინ შექმნა სპეციალური ჯგუფი, რომელიც ახლა 20 ათას წევრს ითვლის. ეს მხოლოდ ვირტუალური წრე არ არის. ზოგიერთი მათგანი ხვდება მარი-ალის, რათა ცნობიერების ამაღლებაზე გათვლილი ღონისძიებები მოაწყონ.

“როდესაც ბავშვებს ვესაუბრე, ზოგიერთი მათგანი ჩემთან მოვიდა და მითხრა: „უბრალოდ ვერ ვჩერდები.“ ეს ალკოჰოლზე დამოკიდებული იმ ადამიანის ნათქვამს ჰგავს, რომელიც ამბობს, რომ გუშინ დალევა არ მინდოდა, მაგრამ მაინც დავლიეო“, -განმარტავს მარი-ალი ლე როი.

ევროპარლამენტარი „მწვანეებიდან“ კიმ ფონ დერ სპარენტაკი  დიდი ხანია მოუწოდებს, რომ ტექნოლოგიური გიგანტების მიმართ რეგულაციები გამკაცრდეს. როგორც „ციფრული მომსახურების ანგარიშის“ მომხსენებელი, დარწმუნებულია, რომ „ ევროკომისიას შეუძლია, უფრო მკაფიოდ ჩაწეროს, რომ სპეციფიკური ალგორითმი, რომელიც დაწკაპუნების შედეგად იშლება, ყველაზე მეტად იწვევს დამოკიდებულებას, ამიტომ უბრალოდ უნდა აიკრძალოს ეს ფუნქცია, რადგან ყველა ადამიანის ტვინს არ შეუძლია ასეთ ალგორითმებთან გამკლავება“.

არასრულწლოვანების დამოკიდებულება ტექნოლოგიებთან ჯანსაღი რომ იყოს, რამდენიმე მხარე უნდა ჩაერიოს მის მოგვარებაში. ეს მხარეებია:  ინსტიტუციები, სკოლა და ოჯახი. და თითოეული რგოლი უნდა ეცადოს, დანერგოს და დაიცვას რეგულაციები. ერთი კითხვა მაინც რჩება პასუხგაუცემელი:  რამდენად მოინდომებენ ტექნოლოგიური გიგანტები, რომ ჩაერთონ ამ პრობლემის მოგვარებაში და დააბრკოლონ საკუთარი ბიზნესი, რათა დაიცვან ახალგაზრდა მომხმარებლების მენტალური ჯანმრთელობა?

ავტორი: მონიკა პინა

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend