მთავარიგადაცემებიEuropeans' Storiesსად გაქრნენ ექთნები? მოსახლეობის დაბერების მაჩვენებელი ევროპის ჯანდაცვის სისტემაში კადრების სერიოზულ დეფიციტს...

სად გაქრნენ ექთნები? მოსახლეობის დაბერების მაჩვენებელი ევროპის ჯანდაცვის სისტემაში კადრების სერიოზულ დეფიციტს იწვევს

ევროპის ჯანდაცვის სექტორი მუშახელის სერიოზულ კრიზისს განიცდის. არსებული სტატისტიკის მიხედვით, ევროკავშირის ქვეყნებში, სადაც მოსახლეობის დაბერების მაჩვენებელი სწრაფად იზრდება, ექიმების, ექთნებისა და ბებიაქალების დეფიციტის მაჩვენებელი მილიონ ორასი ათასს შეადგენს. განსაკუთრებით იგრძნობა ექთნების ნაკლებობა. ამ პრობლემის დეტალების გასარკვევად ევრონიუსის რეპორტიორი ხულიან ლოპეს გომესი ბულგარეთში ჩავიდა, რომელიც ერთ-ერთია ევროკავშირის იმ ქვეყნებს შორის, რომლებიც ყველაზე მეტად განიცდიან სამედიცინო კადრების დეფიციტს.

ევროპაში ჯანდაცვის სექტორი მუშახელის სერიოზულ კრიზისს განიცდის. ევროკავშირის ქვეყნებში, სადაც მოსახლეობის დაბერების მაჩვენებელი სწრაფად იზრდება, ექიმების, ექთნებისა და ბებიაქალების დეფიციტის მაჩვენებელი, არსებული გათვლებით, მილიონ ორასი ათასს შეადგენს. განსაკუთრებით იგრძნობა ექთნების ნაკლებობა. მათი დიდი ნაწილი საპენსიო ასაკს უახლოვდება, ახალგაზრდები კი ნაკლებად ირჩევენ ამ პროფესიას.

ექთნებს ხშირად მძიმე პირობებში უწევთ მუშაობა, მათ შორის არის ზეგანაკვეთურ საათებში შრომა, ერთ ექთანზე დამოკიდებული პაციენტების მაღალი მაჩვენებელი, დაბალი ხელფასები და ემოციური დაძაბულობა.

ექთნები გადაიღალნენ, რის გამოც ბევრი ტოვებს სამსახურს, ეს კი ახალგაზრდებს უკლავს მოტივაციას, დაეუფლონ ამ პროფესიას. სამედიცინო კადრების მიზიდვისა და შენარჩუნების კუთხით ევროკავშირის ქვეყნებს შორის მიმდინარე კონკურენცია კიდევ უფრო ამწვავებს მდგომარეობას. ბულგარეთი არსებული პრობლემების ნათელი მაგალითია.

ბოლო ათი წლის განმავლობაში ამ ქვეყანამ ექთნების 10 პროცენტი დაკარგა, მათ შორის იმის გამოც, რომ ისინი ევროკავშირის სხვა წევრ ქვეყნებში გადავიდნენ უკეთესი ანაზღაურებისა და სამუშაო პირობების საძებნელად. ამ პრობლემის შესახებ კარგად უწყიან ევროკავშირში და სწორედ ამიტომ მიმდინარეობს მუშაობა გადამზადების სამწლიან ახალ და უკეთეს პროგრამაზე, რათა ახალგაზრდები მიიზიდონ ექთნის პროფესიისკენ.

ელზა ერთ-ერთია იმ 144 ექთანს შორის, რომლებიც დიდ სახელმწიფო საავადმყოფოში არიან დასაქმებული. ელზა ორთოპედიის პალატაში მუშაობს. ჯანდაცვის პროფესიულ წრეებში მიღებული საუკეთესო სტანდარტის მიხედვით, ერთ ექიმს ორი ექთანი მაინც უნდა ჰყავდეს. მიუხედავად გასულ წელს ჩატარებული რეფორმისა, ეს საავადმყოფო სტანდარტის მინიმალურ მაჩვენებელზე ბევრად დაბალ დონეზე მუშაობს.

ბლაგოევგრადის სახელმწიფო საავადმყოფო – Copyright Euronews

ელზა ისკროვაბლაგოევგრადის სახელმწიფო საავადმყოფოს უფროსი ექთანი

“ყოველთვის ვოცნებობდი, ექთნად მემუშავა, მიუხედავად იმისა, რომ სწავლის დროს ძალიან დიდი არჩევანი მქონდა,“ – ამბობს ელზა. „მაგრამ მე ექთნობა მინდოდა. დედაჩემიც ამ პროფესიის იყო, ჩემი შვილებიც ექთნები არიან. ეს კარგ პროფესიად მიმაჩნია. მაგრამ ძალიან ცოტას გვიხდიან და ამის გამო იძულებული ვართ, ორ ადგილას ვიმუშაოთ. მე გამოსასვლელ დღეებს მაძლევენ, როცა შემიძლია, ოჯახის წევრები ვნახო. პალატაში 24 საათი არ ვართ, მაგრამ ძალიან დიდხანს გვიწევს მუშაობა. ძალიან ვიღლები. ასეთი მძიმე სამუშაო აფრთხობს ახალგაზრდა ექთნებს. და ისინი ერთი მეორის მიყოლებით მიდიან“.

ევროკავშირის სხვა ექთნების მსგავსად, ელზასაც უჭირს ამ საკითხზე საუბარი. სამსახურის დაკარგვის ეშინია. თუმცა იგი ვერ ფარავს თავის დარდს, თუ რის ფასად უჯდება თავისი საყვარელი პროფესია.

“ჩვენი საქმე ალბათ არ არის სათანადოდ დაფასებული ბულგარეთში,“ – ამბობს ელზა. „უსამართლო მოპყრობის უამრავი მაგალითის მოყვანა შემიძლია. მაგრამ თავს რაღაცნაირად მართლა დაუფასებლად თვლი, როდესაც 12 საათი მუშაობ და შენთვის არც დღესასწაულებია, არც უქმეები, არც ოჯახთან ერთად გატარებული საღამოები, არა? ეს ყველაფერი კი ფინანსურ საკითხამდე დადის“.

ბულგარეთის ჯანდაცვის სისტემამ გამართულად რომ იმუშაოს, 17 ათასი ექთანი სჭირდება, ქვეყანას კი ბევრად ნაკლები ჰყავს. მაინც როგორ უნდა გადაიჭრას ეს პრობლემა, ან სულ მცირე, გაუმჯობესდეს მაინც? ამ კითხვით ბულგარეთის ჯანდაცვის მუშაკთა ასოციაციაში მივედით, რომელსაც 32 ათასი წევრი ჰყავს. მილკა ვასილევა, ასოციაციის პრეზიდენტი, კლინიკაში ექთნად 43 წელი მუშაობდა. როგორც თავად ამბობს, ექთნის საქმე მნიშვნელოვანია და ის შესაბამისად უნდა დაფასდეს.

მილკა ვასილევა – Copyright Euronews

„ჩვენი გათვლების მიხედვით, ექთნები ბულგარეთში რომ დარჩნენ, საწყისი ხელფასი არსებული მინიმალური ანაზღაურების სულ მცირე სამმაგი ოდენობა უნდა იყოს,“ – ამბობს იგი.  „რისი გაკეთება შეუძლია ევროკომისიას? უკვე ვნახეთ, რომ მრავალი დეკლარაცია, სხვადასხვა ფინანსური თუ სხვა ტიპის დოკუმენტი გაუგზავნეს წევრ ქვეყნებს. ბულგარეთზე ევროკავშირის მხოლოდ ერთი სემესტრის ანგარიშშიც კი მკაფიოდ წერია, რომ ჯანდაცვაში ინვესტიციები უნდა გაიზარდოს, რათა ექთნებმა შეძლონ იმის გაკეთება, რისთვისაც მოამზადეს. და ეს მხოლოდ სამედიცინო დაწესებულებებში შრომას კი არ გულისხმობს, არამედ მის მიღმა პაციენტზე ზრუნვასაც, რაც ამჟამად არ ხდება“.

ექსპერტები თანხმდებიან, რომ, დაფინანსების გარდა, ევროკავშირის დონეზე აუცილებელია სტრატეგიის შემუშავებაც, რომელიც გააუმჯობესებს ისეთ საკითხებს, როგორებიცაა: დაგეგმარება, კადრების შერჩევა, გადამზადება, სამუშაო პირობებისა და პროფესიული კუთხით განვითარება.

ავტორი: ხულიან გომესი

 

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend