9 მაისს „ექსპო ჯორჯიაში” საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ორგანიზებით ევროპის დღე აღინიშნა. ღონისძიების ფარგლებში სტუმრებს დღის მანძილზე ევროკავშირსა და ქართველ ხალხს შორის ოცდაათწლიანი პარტნიორობის, საქართველოში ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ინიციატივებისა და ბლოკის წევრი სახელმწიფოების კულტურის უკეთ გაცნობის შესაძლებლობა ჰქონდათ.
.
ამასთან, მათ ჰქონდათ შესაძლებლობა, მოესმინათ ქართველი და ევროპელი მომხსენებლების მსჯელობა ევროპული ღირებულებების პრაქტიკულ მნიშვნელობასა და საქართველოს მომავლის ჩამოყალიბებაში მათი როლის თაობაზე.
.
„ექსპო ჯორჯიას“ სივრცეში საკუთარი პროდუქცია ჰქონდათ წარმოდგენილი ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილ ფერმერებსა და მცირე მეწარმეებს.
დღის 12:00 საათზე ღონისძიება საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ გახსნა. ევროპის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები არ ესწრებოდნენ. როგორც მედიასთან საუბრისას პაველ ჰერჩინსკიმ განმარტა, მათ ღონისძიებაზე ყველა მიიწვიეს და ამისთვის სოციალურ მედიაშიც აწარმოეს კამპანია, თუმცა მოწვევა კონკრეტულად არავისთვის გაუგზავნიათ.
„ჩვენ პერსონალური მოწვევები არ გაგვიგზავნია არც მოქმედი და არც ყოფილი თანამდებობის პირებისათვის. სამწუხაროდ, რეალობა ისაა, რომ უფრო და უფრო მეტი მნიშვნელოვანი ღონისძიებაა ისეთი, მათ შორის, ევროკავშირის გაფართოებასთან დაკავშირებული, რომელსაც საქართველო არ ესწრება. და ეს იმ ნაბიჯების გამო ხდება, რომლებსაც ხელისუფლების წარმომადგენლები ბოლო წლის განმავლობაში დგამდნენ. ეს ძალიან სამწუხაროა, თუმცა დღეს ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობა ასეთია“, – განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.
ევროპის დღის აღსანიშნად გამართული ღონისძიება ჯგუფ bedford falls-ის კონცერტით დასრულდა.