როგორი უნდა იყოს აშშ-ის სარაკეტო თავდაცვა იმ დროს, როდესაც რუსეთის, ჩინეთის, ჩრდილოეთ კორეისა და ირანის რაკეტები უფრო ზუსტი, რთულად აღმოსაჩენი და მობილური ხდება… სენატში გამართული შეხვედრის დროს ამერიკელ გენერლებს კონგრესმენებმა კითხვები დაუსვეს. მთავარი ყურადღება ჰიპერბგერითი რაკეტებისგან გამოწვეულ საფრთხეებზე იყო გამახვილებული.
„ქვეყნის მიმართ სარაკეტო საფრთხე მზარდია და უფრო დინამიკური ხდება. ჩვენი მოწინააღმდეგეები ავითარებენ და ქმნიან ახალ შესაძლებლობებს, როგორებიცაა, მაგალითად, ჰიპერბგერითი იარაღი, შორი მოქმედების ფრთოსანი რაკეტები, ახალი ბალისტიკური იარაღი და ორბიტალური დაბომბვის სისტემები. ეს შესაძლებლობები ჩვენს მოწინააღმდეგეებს საშუალებას აძლევს, დაარტყან შეერთებულ შტატებს და დააკარგვინონ ლიდერობა. არასაკმარისმა დაფინანსებამ და მოძველებულმა პოლიტიკურმა შეზღუდვებმა ჩვენი სამშობლო დაუცველი გახადა“, – განაცხადა კონგრესმენმა სკოტ დეჟარლემ.
ჩრდილოეთის სარდლობისა და ჩრდილო ამერიკის საჰაერო თავდაცვის სარდლობის მეთაურმა გენერალმა გრეგორი გიიუმ კი ყურადღება გაამახვილა იმ ძირითად საფრთხეებზე, რომელთა გათვალისწინებაც უწევს აშშ-ს – „ჩრდილოეთ კორეის მხრიდან არსებობს შორსმსროლელი ბალისტიკური რაკეტების საფრთხე, ასევე, შესაძლოა, ირანმაც გადაწყვიტოს, საკუთარი კოსმოსური გამშვები აპარატი გადააკეთოს შორსმსროლელ ბალისტიკურ რაკეტებად. არის ასევე ჰიპერბგერითი სარაკეტო საფრთხე. როდესაც ვაკვირდებით რუსეთისა და ჩინეთის სამხედრო დოქტრინებს, ნათლად ჩანს, რომ ისინი ფრთოსანი რაკეტებით გეგმავენ ჩვენი კრიტიკულად მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურის სხვადასხვა ობიექტზე შეტევას. სწორედ ამიტომ არის აუცილებელი, რომ ყველა ეს საფრთხე იყოს გააზრებული და ერთმანეთთან დაკავშირებული სენსორული ქსელით, რომელიც უზრუნველყოფს აღმოჩენას, კვალდაკვალ თვალთვალსა და შესაბამისი განადგურების მექანიზმების ამოქმედებას“.
აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტი საჰაერო თავდაცვის სისტემა „ოქროს გუმბათის“ შესაქმნელად აქტიურად მუშაობს. სენატში გამართული მოსმენისთვის აშშ-ის არმიის სარაკეტო და საჰაერო თავდაცვის სარდალმა წარადგინა ანგარიში, რომელშიც აღნიშნულია საფრთხეები, რომ რუსეთის ბირთვული პროგრამა, ინიციატივა ბირთვული იარაღის კოსმოსში განთავსებაზე, ასევე ჩინეთის, ირანისა და ჩრდილოეთის სარაკეტო პროგრამები აშშ-სთვის უმთავრესი გამოწვევაა.
„ჩვენ ვაძლიერებთ მოქმედი სახმელეთო საშუალო საფეხურის თავდაცვითი სისტემის შესაძლებლობებსა და ეფექტიანობას, პარალელურად კი ვმუშაობთ ახალი, მომდევნო თაობის გადამჭერი სარაკეტო სისტემის განვითარებასა და ტესტირებაზე. ვთანამშრომლობთ საზღვაო ძალებთან, რათა გავაუმჯობესოთ ბალისტიკური სარაკეტო თავდაცვის შესაძლებლობები და გავაძლიეროთ ჰიპერბგერითი საფრთხეების საწინააღმდეგო საშუალებები. ამავდროულად, ვმუშაობთ არმიასთან ერთად, რათა გავზარდოთ ინვესტიციები ბალისტიკური სარაკეტო თავდაცვის სისტემის – „თადის“ განვითარებაში“”, – ამბობს გენერალი ჰით კოლინსი, მას სარაკეტო თავდაცვის სააგენტოს დირექტორის თანამდებობა უკავია.
სენატში მოსმენისას, აღინიშნა, რომ აქტიურად მუშაობენ დონალდ ტრამპის ინიციატივაზე, რომლის მიხედვითაც, უნდა შეიქმნას ეფექტიანი სარაკეტო თავდაცვის სისტემა „ოქროს გუმბათი“.
