აშშ-ის დემოკრატიული პარტია, რომელმაც 3 ნოემბრის შუალედური არჩევნების შედეგად კონგრესის ორივე პალატაში უმრავლესობა მოიპოვა, ომის მდივნის, პიტ ჰეგსეტის იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებას გეგმავს.
შესაბამისი განცხადება წარმომადგენელთა პალატის ამჟამინდელ შემადგენლობაში დემოკრატიული პარტიის ფრაქციის ხელმძღვანელმა, ჰაკიმ ჯეფრისმა გააკეთა.
მოსალოდნელია, რომ ჯეფრისი წარმომადგენელთა პალატის ახალი სპიკერი გახდება მას შემდეგ, რაც კონგრესის ახალი მოწვევის მუშაობა მომავალი წლის იანვარში დაიწყება.
კვირას, 8 ნოემბერს ჰეგსეტის დასაცავად განცხადება გააკეთა აშშ-ის პრეზიდენტმაც.
ომის ამჟამინდელი მდივანი თანამდებობაზე დონალდ ტრამპმა დანიშნა და მას ადმინისტრაციის ერთ-ერთ რჩეულ კადრად მიიჩნევს.
თეთრი სახლის ლიდერის თქმით, „დემოკრატების“ მხრიდან იმპიჩმენტის პროცედურის წამოწყება „ძალიან არასამართლიანია“, რადგან ვაშინგტონმა „ორივე ომში - ვენესუელასა და ირანში - გაიმარჯვა.“
აშშ-ის ისტორიაში მოქმედი მინისტრების წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურა ჯერ არასოდეს დასრულებულა.
წარმომადგენელთა პალატას შეუძლია უბრალო უმრავლესობით თანამდებობის პირი სამსახურებრივ გადაცდომაში დამნაშავედ ცნოს და მის წინააღმდეგ იმპიჩმენტი გამოაცხადოს. ამის შემდეგ სენატმა ხმების ორი მესამედით უნდა მიიღოს გადაწყვეტილება მისი თანამდებობიდან გადაყენების შესახებ.
შუალედური არჩევნების შედეგები ყველა საარჩევნო ოლქში ჯერ საბოლოოდ შეჯამებული არ არის, თუმცა წარმომადგენელთა პალატაში დემოკრატები სულ მცირე 254 მანდატს იღებენ, რაც მნიშვნელოვნად აღემატება უმრავლესობის მოსაპოვებლად საჭირო 218 ადგილს.
თუმცა, სენატში მათ ხმების ორი მესამედის უმრავლესობა არ აქვთ, ამიტომ შესაბამისი გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო იქნებოდა „რესპუბლიკელების“ მხარდაჭერაც, რომლის მოპოვებაც საკმაოდ რთული იქნება.
მიუხედავად ამისა, ჰეგსეტის იმპიჩმენტს წარმომადგენელთა პალატაში რესპუბლიკური პარტიის ზოგიერთი წევრიც უჭერს მხარს. მათ შორისაა კონგრესმენი თომას მასი, რომელიც იანვარში თანამდებობას დატოვებს. ის ტრამპის ერთ-ერთი ცნობილი ოპონენტია. მის მიერ მომზადებულ დოკუმენტში ჩამოთვლილია იმპიჩმენტის რვა მუხლი, რომელთა საფუძველზეც შესაძლოა ჰეგსეტი თანამდებობიდან გადააყენონ.
ზოგიერთი მათგანი ეხება ბრალდებებს, რომ პენტაგონის ხელმძღვანელმა ირანის წინააღმდეგ ომი კონგრესის თანხმობის გარეშე დაიწყო, რაც 1973 წლის „ომის უფლებამოსილებების შესახებ რეზოლუციის“ თანახმად, აუცილებელია.
