კატეგორიები

დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომა

დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომა
პარლამენტში „ქართული ოცნების“ ინიციატივით შექმნილი დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომა განახლდა.

ყოფილი ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელი კომისია 5 მაისს პარლამენტის ყოფილ დეპუტატს, ვალერი გელაშვილს, მასზე განხორციელებული ფიზიკური ანგარიშსწორების შესახებ უსმენს.

საქმის მასალების მიხედვით, 2005 წელს ბეჭდურ მედიაში იმდროინდელი ხელისუფლებისა და პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისადმი კრიტიკული სტატიის გამოქვეყნების გამო, ვალერი გელაშვილს თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ.

„2005 წელს გაზეთში „რეზონანსი“ სტატია დავწერე. ცოტა შეურაცხყოფაც მივაყენე [მიხეილ სააკაშვილს], მაგრამ მე თვითონაც შეურაცხყოფილი ვიყავი… ჯავშნიანი მანქანა მყავდა. ვილნიუსიდან ჩამოვედი, პირადი დაცვაც მყავდა. ეკონომიკის სამინისტროსთან მეყენა მანქანა, რაღაცები გადამიჭრეს, იძულებული ვიყავი, მანქანა სერვისში გადამეყვანა. გადავჯექი მეუღლის მანქანაზე, მივდიოდი ხაშურისკენ. ელიავას ბაზრობას გავცდი თუ არა, რამდენიმე მანქანამ გზა დამიბლოკა. უკნიდან, ავტობუსიდან გადმოვიდა სპეციალური დანიშნულების რაზმის ფორმაში 7 თუ 8 პირი. უკნიდან და გვერდიდან შუშები ჩაუმტვრიეს მანქანას. ჩემი დაცვა გადავიდა, ხელები აწია. მეც იარაღი მქონდა, მაგრამ ხელი არ მოვკიდე, რადგან ჩამცხრილავდნენ. მაშინ ბიჭებს ნიღბები ეკეთათ, ეგრევე კონდახი მომარტყეს სახეში და სახის ძვლების მსხვრევა ვიგრძენი. მივხვდი, რომ ბოლომდე მიიყვანდნენ საქმეს და ერთადერთი, რაც მოვახერხე, სახის ხელებით დაფარვა იყო, დარტყმების ასაცილებლად. ოთხი პირი, დაახლოებით ნახევარი წუთის განმავლობაში ჩექმებით მირტყამდა თავში“, – თქვა პარლამენტის ყოფილმა დეპუტატმა ვალერი გელაშვილმა.

ყოფილი დეპუტატის ცემის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლომ 2016 წელს „ნაციონალური მოძრაობის“ მთავრობის ყოფილი მაღალჩინოსნები, მათ შორის იმდროინდელი შინაგან საქმეთა მინისტრი, ვანო მერაბიშვილი, სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის ყოფილი დირექტორი, ერეკლე კოდუა და ამავე დეპარტამენტის სამმართველოს ყოფილი უფროსი, გია სირაძე დამნაშავედ ცნო.

2018 წელს, ვალერი გელაშვილის საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა მიესაჯა ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილსაც.

დაკავშირებული ამბები
მეურნეობის ეკოლოგია საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი სიონის საკათედრო ტაძარში დაკრძალეს
სხვა ამბები