კატეგორიები

ავსტრალიის არჩევნებში მმართველმა ლეიბორისტულმა პარტიამ გაიმარჯვა

ავსტრალიის არჩევნებში მმართველმა ლეიბორისტულმა პარტიამ გაიმარჯვა
ავსტრალიის ფედერალურ არჩევნებში მმართველმა ლეიბორისტულმა პარტიამ პრემიერ-მინისტრ ენტონი ალბანეზის ხელმძღვანელობით დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა. ცენტრისტულ-მემარცხენე ძალამ არა მხოლოდ შეინარჩუნა ძალაუფლება, არამედ უფრო მეტი მანდატი მოიპოვა ქვედა პალატაში – ეს კი იშვიათი მოვლენაა ავსტრალიური პოლიტიკის ისტორიაში.

ენტონი ალბანეზი, რომელიც მეორე ვადით რჩება ქვეყნის პრემიერად, უკვე დაუბრუნდა დედაქალაქ კანბერას, სადაც კოლეგებთან ერთად განიხილავს ახალი კაბინეტის შემადგენლობას. ოფიციალური შედეგების დათვლა კვლავ მიმდინარეობს, თუმცა პარტიას უკვე გარანტირებული აქვს მინიმუმ 85 მანდატი  150-წევრიან წარმომადგენლობით პალატაში — რაც საკმარისია უმრავლესობის შესანარჩუნებლად.

გაძლიერებული მანდატით ალბანეზი აქტიურად ჩაერთო საერთაშორისო დიპლომატიაში. ბოლო დღეებში მას არაერთი სატელეფონო საუბარი ჰქონდა მსოფლიოს ლიდერებთან, მათ შორის აშშ-ისა და უკრაინის პრეზიდენტებთან.

ავსტრალიის პრემიერ-მინისტრi ენტონი ალბანეზი – Copyright 2025 The Associated Press. All rights reserved

„დღეს დილით და გუშინ არაერთ მსოფლიო ლიდერს  დავუკავშირდი. ვისაუბრე პაპუა-ახალი გვინეის პრემიერ-მინისტრს, ინდონეზიის პრეზიდენტს, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის, გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრ კირ სტარმერს, კანადის პრემიერ-მინისტრ მარკ კარნის, რომელმაც დამპატიჟა ივნისში კანადაში დაგეგმილ G7-ის სამიტზე და მე ეს მოწვევა მივიღე, ასევე აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს.

დღის მეორე ნახევარში დაგეგმილი მაქვს შეხვედრები ან სატელეფონო საუბრები სინგაპურის პრემიერ-მინისტრ ლოურენს ვონგთან. ძალიან თბილი და პოზიტიური საუბარი მქონდა პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან – მადლობა მინდა გადავუხადო მას გულწრფელი მოლოცვისთვის. ვიმსჯელეთ AUKUS-ზე, ტარიფებზე — და შევთანხმდით, რომ მომავალში პირისპირ კომუნიკაციასაც გავაგრძელებთ. ეს იყო მართლაც თბილი დიალოგი, მადლობას ვუხდი მას  პოზიტიური გზავნილისთვის“, – განაცხადა  ავსტრალიის პრემიერ-მინისტრმა ენტონი ალბანეზიმ.

ენტონი ალბანეზის თქმით, მისი მთავრობა ახალ ვადაში იმუშავებს ეკონომიკურ სტაბილურობაზე, კლიმატის პოლიტიკის გაძლიერებასა და საგარეო ურთიერთობების განმტკიცებაზე. ლეიბორისტული პარტიისთვის ეს გამარჯვება მნიშვნელოვან ძალას ნიშნავს რეფორმების გაგრძელების გზაზე, განსაკუთრებით მაშინ, როცა მსოფლიოს გეოპოლიტიკური ვითარება მუდმივად იცვლება.

Related news
ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონში უსაფრთხოებისთვის ავსტრალიამ და ინდონეზიამ მემორანდუმი გააფორმეს „ბოროტების აქტი, ანტისემიტიზმის აქტი, ტერორისტული აქტი ჩვენს სანაპიროზე“ – ავსტრალიის პრემიერი-მინისტრი
სხვა ამბები