კატეგორიები

აშშ-მა, ინდოეთმა, ავსტრალიამ და იაპონიამ საპორტო ინფრასტრუქტურისა და ენერგეტიკის მიმართულებით ახალი ინიციატივის შესახებ გამოაცხადეს

აშშ-მა, ინდოეთმა, ავსტრალიამ და იაპონიამ საპორტო ინფრასტრუქტურისა და ენერგეტიკის მიმართულებით ახალი ინიციატივის შესახებ გამოაცხადეს
Copyright Reuters

ავსტრალიის, ინდოეთის, იაპონიისა და შეერთებული შტატების საგარეო საქმეთა მინისტრებმა საზღვაო უსაფრთხოების, საპორტო ინფრასტრუქტურისა და ენერგეტიკის მიმართულებით ახალი ინიციატივის შესახებ გამოაცხადეს, რომელიც ოთხი ქვეყნის სადაზვერვო მიმართულებით თანამშრომლობას და ინფორმაციის რეალურ დროში გაცვლის გაძლიერებას ითვალისწინებს. ოთხეულის მიზანია რეგიონში ჩინეთის მზარდი გავლენების ფონზე თანამშრომლობა გააძლიერონ.

ინდოეთში გამართული შეხვედრების შემდეგ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მარკო რუბიოს განცხადებით, იმ ფონზე, როდესაც ჩინეთი ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონში სამხედრო და ეკონომიკურ გავლენას აფართოებს, მხარეებს შორის ეს გაერთიანება მნიშვნელოვან პლატფორმას წარმოადგენს საზღვაო უსაფრთხოების, მიწოდების ჯაჭვებისა და რეგიონული სტრატეგიის სფეროში თანამშრომლობისთვის.

„მინდა მადლობა გადავუხადო ინდოეთს ოთხეულის შემდეგი ეტაპის მასპინძლობისთვის. ეს შეხვედრა  ჩვენი ქვეყნების სანაპირო თავდაცვის ერთ სივრცეში, ერთ გემზე  გაერთიანებას ითვალისწინებს. მიმდინარე მოვლენები მიგვითითებს, რა შეიძლება მოხდეს, როდესაც საზღვაო უსაფთხოება შეფერხებულია.  საზღვაო უსაფრთხოება კი იმიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ გლობალური საზღვაო ვაჭრობის 60% ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონზე მოდის. და ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ეროვნული ინტერესია არა მხოლოდ აქ წარმოდგენილი ოთხი ქვეყნისთვის, არამედ მსოფლიოს ათობით ქვეყნისთვის,“ - განაცხადა მარკო რუბიო.

ოთხმხრივი მოალაპარაკებების შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სუბრაჰმანიამ ჯაიშანკარმა განაცხადა, რომ უსაფრთხოების კუთხით თანამშრომლობა საციცოცხლოდ მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით კი ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლისას. მისი თქმით, ტერორიზმის წინააღმდეგ შემწყნარებლობა გაუმართლებელია.

„ტერორიზმის მიმართ არ უნდა გამოვიჩინოთ ტოლერანტობა. ქვეყნებს, რომლებიც ტერორისტული თავდასხმების მსხვერპლნი ხდებიან, თავდაცვის უფლება აქვთ. თავისუფალ და ღია ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონს მრავალი განზომილება და ასპექტი აქვს. დღევანდელ შეხვედრაზე ჩვენ შევაფასეთ პროგრესი ამ მიმართულებების მრავალ სფეროში და ამავე დროს ხელი შევუწყვეთ ახალი მიმართულებების შესწავლას, იქნება ეს ეკონომიკური საქმიანობა, ენერგეტიკა, ვაჭრობა თუ საზღვაო კომერცია. ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონი მსოფლიოსთვის კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გახდება,“ - განაცხადა სუბრამანიამ ჯაიშანკარმა.

ავსტრალიის საგარეო საქმეთა მინისტრ  პენი ვონგის განცხადებით, მნიშვნელოვანია, მხარეებმა გააძლიერონ თანამშრომლობა საზღვაო მეთვალყურეობის მიმართულებით, განსაკუთრებით ირანის მიერ ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვით გამოწვეული ენერგოკრიზისის ფონზე.

„რეგიონი მწვავე ეკონომიკურ წნეხს ებრძვის. ვიცით, რომ მსოფლიო უფრო არაპროგნოზირებადი გახდა, რომ ეკონომიკური არასტაბილურობა იზრდება. ისიც ვიცით, რა შედეგები მოაქვს ჩვენი რეგიონისთვის ირანის მიერ ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვას, რას ნიშნავს ეს ჩვენი ენერგოუსაფრთხოებისთვის, ეკონომიკებისა და ხალხისთვის. ჩვენ ვაფასებთ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს ძალისხმევას, დიპლომატიური გზით მოგვარდეს პრობლემა.  ნაოსნობის თავისუფლება და ენერგომომარაგების კრიტიკულად მნიშვნელოვანი ნაკადი უნდა აღდგეს. ჩვენ ასევე ვაღიარებთ ნაოსნობის თავისუფლების პრინციპის შენარჩუნების მნიშვნელობას,“ - განაცხადა პენი ვონგმა.

ოთხმხრივი შეხვედრებისას მხარეები ასევე შეთანხმდნენ ინდო-წყნარი ოკეანის ენერგოუსაფრთხოების ინიციატივაზე, რომელიც რეგიონში საწვავისა და ენერგომომარაგების ჯაჭვების გაძლიერებას ისახავს მიზნად.

„მაშინ როცა ახლო აღმოსავლეთში არსებული ვითარება ენერგომომარაგების კუთხით მნიშვნელოვან გავლენას ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონზე ახდენს, ჩვენ დიპლომატიური ძალისხმევის მნიშვნელობაზე შევთანხმდით, რათა ჰორმუზის სრუტეში უსაფრთხო გადაადგილება და რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის აღდგენა უზრუნველყოფილი იყოს. ენერგოუსაფრთხოების ინიციატივის მიზანი ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონში სტაბილური ენერგომომარაგების უზრუნველყოფაა,“ - განაცხადა ტოშიმიცუ მოტეგიმ.

ოთხი სტრატეგიული მოკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა გააკრიტიკეს ჩინეთის ქმედებები სამხრეთ ჩინეთის ზღვაში და პეკინი სადავო წყლების მილიტარიზაციაში დაადანაშაულეს. ჩინეთის მთავრობა კი ოთხეულს ჩინეთის განვითარების შეფერხებისა და რეგიონული გავლენის შესუსტების მცდელობაში ადანაშაულებს.

ინდოეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან კრიტიკული მინერალებისა და იშვიათი მიწის ელემენტების მოპოვებისა და გადამუშავების შესახებ ორმხრივ შეთანხმებას მოაწერა ხელი. შეთანხმება კრიტიკული მინერალებისა და იშვიათი მიწების მიწოდების მთელ ჯაჭვს მოიცავს, მათ შორის მათ მოპოვებას, გადამუშავებას და ინვესტიციებს.

დაკავშირებული ამბები
აშშ-მა, ინდოეთმა, ავსტრალიამ და იაპონიამ საპორტო ინფრასტრუქტურისა და ენერგეტიკის მიმართულებით ახალი ინიციატივის შესახებ გამოაცხადეს მსგავსებები და განსხვავებები პეკინში რუსეთისა და აშშ-ის პრეზიდენტების ვიზიტებს შორის