კატეგორიები

ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონში უსაფრთხოებისთვის ავსტრალიამ და ინდონეზიამ მემორანდუმი გააფორმეს

ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონში უსაფრთხოებისთვის ავსტრალიამ და ინდონეზიამ მემორანდუმი გააფორმეს

ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონში, სახელმწიფოთა შორის მზარდი უთანხმოების ფონზე, სამხედრო-პოლიტიკური მშვიდობის უზრუნველსაყოფად, ინდონეზიამ და ავსტრალიამ ახალი მემორანდუმი გააფორმეს, რომელსაც მხარეები ორი ქვეყნის ურთიერთობებში „გარდამტეხ მომენტს“ უწოდებენ.

ჯაკარტაში შეთანხმების ხელმოწერამდე ორი სახელმწიფოს ლიდერები მრავალთვიან მოლაპარაკებებს მართავდნენ და დოკუმენტის ტექნიკურ საკითხებს აზუსტებდნენ.

„ამ ერთობლივი შეთანხმების გაფორმება ასახავს ორივე სახელმწიფოს გადაწყვეტილებას, განაგრძონ მჭიდრო თანამშრომლობა ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის მისაღწევად…“ – განაცხადა ინდონეზიის პრეზიდენტმა, პრაბოვო სუბიანტომ.

„შეთანხმება არის მნიშვნელოვანი უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროებში ჩვენი არსებული თანამშრომლობის კიდევ უფრო გაძლიერებისთვის. ის ჩვენი ურთიერთნდობისა და დამოკიდებულების სიმტკიცის ნათელი დემონსტრირებაა,“ – განაცხადა ჯაკარტაში ვიზიტით მყოფმა ავსტრალიის პრემიერ-მინისტრმა, ენტონი ალბანეზემ.

ანალიტიკოსთა შეფასებით, შეთანხმება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ავსტრალიისთვის, მითუმეტეს ჩინეთთან მზარდი დაძაბულობის გათვალისწინებით. პეკინი სულ უფრო მეტად ცდილობს სამხედრო გავლენების გაძლიერებას არამხოლოდ აზიურ სახელმწიფოებში, არამედ პლანეტის სამხრეთ ნაწილში, ასევე არქტიკის რეგიონში.

ავსტრალიისა და ინდონეზიისთვის არანაკლები საფრთხეა ჩრდილოეთ კორეის მიერ წარმოებული პერიოდული სამხედრო მანევრებიც.

ინდონეზიასთან თანამშრომლობის ფარგლებში, შესაძლოა, გათვალისწინებული იყოს 1995 წლის „უსაფრთხოების შესახებ“ დოკუმენტის ჩანაწერებიც.

ეს შეთანხმება მხარეებს ავალდებულებდა, თავდაცვის სფეროში ერთმანეთის დახმარებას, თუმცა გაფორმებიდან 4 წელიწადში ჯაკარტას მიერ დაირღვა, რადგან ავსტრალიამ აღმოსავლეთ ტიმორში სამშვიდობო მისიაში მონაწილეობა გადაწყვიტა.

თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროებში ხელახალი კავშირების დამყარება სახელმწიფოებმა 2006 წელს „ლომბოკის ხელშეკრულების“ გაფორმებით სცადეს.

დოკუმენტი წარმატებული აღმოჩნდა, რადგან ინდონეზიისა და ავსტრალიის ერთობლივი გადაწყვეტილებით, შეთანხმების პირობები 2014 წელს გაფართოვდა.

Related news
ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონში უსაფრთხოებისთვის ავსტრალიამ და ინდონეზიამ მემორანდუმი გააფორმეს „ბოროტების აქტი, ანტისემიტიზმის აქტი, ტერორისტული აქტი ჩვენს სანაპიროზე“ – ავსტრალიის პრემიერი-მინისტრი