პლასტმასა ყველგანაა – ტიპური გარდერობი სავსეა პოლიესტერის შემცველი ნაქსოვი ტანსაცმლით, აკრილის სვიტრებით, ნეილონის საცურაო კოსტიუმებითა და ელასტიკური წინდებით – სამოსით, რომელიც დიდი რაოდენობით პლასტმასას შეიცავს.
როდესაც პლასტმასის შემცველ სამოსს ვატარებთ, ვრეცხავთ და ვაშრობთ, მისი ბოჭკოები გარემოში ვრცელდება და საბოლოოდ, ტბებსა და ოკეანეებშიც კი ხვდება. შედეგად, ყოველწლიურად მილიონობით ზღვის ბინადარი ცხოველი კვდება, მათ შორის ზოოპლანქტონები, ფრინველები და ვეშაპები.
22 აპრილს, დედამიწის დღეს მსოფლიოს გარშემო ადამიანები პლანეტის დაბინძურების შემცირების გზებზე მსჯელობენ, რაც პლასტმასის შემცველი ტანისამოსით გამოწვეული დაბინძურების აღმოფხვრასაც გულისხმობს.
„იმ ტანისამოსის უმრავლესობა, რასაც ჩვენ ყველანი ვატარებთ, პლასტმასას შეიცავს. ეს შესაძლოა გასაკვირი იყო მათთვის, ვინც ვთქვათ, ბამბის, მატყლისა და მსგავსი ნივთიერებებით დამზადებულ ტანსაცმელზე ფიქრობს. სინამდვილეში, ჩვენი სამოსის უმეტესი ნაწილი ხელოვნურადაა დამზადებული, რაც ძირითადად პოლიესტერს შეიცავს. პლასტმასით დაბინძურება კი სწორედ ჩვენგან ტანსაცმლის ტარებით იწყება. მიკროპლასტიკური ბოჭკოები გარემოში ვრცელდება. ჩვენ მათ ალპურ ტბებსა და ოკეანეებშიც კი ვპოულობთ“, – ამბობს გარემოსდამცველი რეიჩელ მილერი.
როგორც გარემოსდამცველი რეიჩელ მილერი აცხადებს, პლასტმასით დაბინძურების შემცირება ნებისმიერ ადამიანს ყოველდღიურ ცხოვრებაში მარტივი ცვლილებების შეტანით შეუძლია.
თუმცა, ბევრად რთულია ხარისხიანი ქსოვილის დამზადება ეკომეგობრული გზით, რომელიც არც გარემოს დააბინძურებს და დიდხანსაც გაძლებს.
„გარემოს პლასტმასით დაბინძურების აღმოფხვრა მარტივი ცვლილებებით არის შესაძლებელი, მათ შორის ტანსაცმლის უკეთ მოვლითა და ნაკლები გარეცხვით. უფრო გრძელვადიან პერსპექტივაში, უნდა დავფიქრდეთ იმაზეც, თუ როგორ ტანსაცმელს ვატარებთ და სად ვყიდულობთ მას. უმჯობესია მეორადი ტანსაცმლის შეძენა, მეგობრებისგან თხოვება ან თუნდაც, მაღალხარისხიან ნაჭრებში ინვესტიციის ჩადება. რეალობა ისაა, რომ ყველა ვინც ატარებს და რეცხავს მსგავს ტანისამოსს, ამ პრობლემის ნაწილია. თუმცა, კარგი ამბავი ის არის, რომ ყველას შეუძლია გახდეს გამოსავლის ნაწილიც“, – ამბობს მილერი.
პოლიესტერი დედამიწაზე ყველაზე ფართოდ გამოყენებული ბოჭკოვანი ქსოვილია და სხვა ხელოვნური გზით დამზადებულ მასალებთან ერთად მსოფლიოში ქსოვილის წარმოების ორ მესამედს შეადგენს.
