იტალიის პრემიერ-მინისტრის ჯორჯია მელონის განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან ევროკავშირისთვის ტარიფების შესაძლო დამტკიცების შემთხვევაში მისი მთავრობა პრაგმატულ ნაბიჯებს გადადგამს, რომ თავიდან აიცილოს მხარეებს შორის არსებული სავაჭრო დავის კიდევ უფრო გარღმავება.
იტალიის პრემიერ-მინისტრი ცდილობს ერთგვარი შუამავლის როლი შეასრულოს თავის იდეოლოგიურ მოკავშირეს აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და ევროპელ პარტნიორებს შორის.
„მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ალბათ ყველაზე რთულ დროს გვიწევს მუშაობა. ცოტ-ცოტა ყველაფერი მოხდა და ხდება. ტარიფების საკითხს პრაგმატიზმით, განგაშის გარეშე მივუდგებით. რა თქმა უნდა, ამერიკის შეერთებული შტატების გადაწყვეტილებას არ ვეთანხმებით, თუმცა მზად ვართ გამოვიყენოთ ყველა შესაძლებლობა – მოლაპარაკებები თუ ეკონომიკური ინსტრუმენტები, რომ მხარი დავუჭიროთ ჩვენს ბიზნესებსა და იმ სექტორებს, რომლებიც დაიჩაგრებიან”, – განაცხადა ჯორჯია მელონიმ.
ჯოჯია მელონი ასევე ევროკავშირს მოუწოდებს, გადახედოს მწვანე შეთანხმებას, რადგან მისი თქმით, შეთანხმების რეგულაციები ყველა სექტორს მოიცავს და დამატებით შიდა ტარიფებს უწესებს ადგილობრივ მწარმოებლებს, რასაც ახლა შესაძლოა ამერიკული ტარიფებიც დაემატოს.
„ჩვენ ასევე დავუბრუნდებით და მტკიცედ მოვუწოდებთ ევროპას, გადახედოს მწვანე შეთანხმების რეგულაციებს, ყველა სექტორში არსებულ გადაჭარბებულ რეგულაციებს, რომელიც დღეს რეალურად შიდა ტარიფებს წარმოადგენს და საბოლოოდ გარე ტარიფებს უაზროდ ემატება. ჩვენ მათ გარეშე დიდი სიამოვნებით ვიმუშავებდით, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ იტალიელები თავს მშვიდად გრძნობენ, რადგან მათ იციან, რომ ახლა იტალიის სათავეში ჩვენი მთავრობაა”, – განაცხადა ჯორჯია მელონიმ.