საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ახალი დადგენილებით, კენჭისყრის დღეს საარჩევნო უბანზე მყოფი პირებისთვის დაუშვებელი ხდება ამომრჩევლებისთვის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ჩვენების ან გამორთმევის მოთხოვნა.
მაგალითად, თუკი აქამდე საარჩევნო უბანზე მყოფ უფლებამოსილ პირს/დამკვირვებელს უფლება ჰქონდა ამომრჩევლისთვის მოეთხოვა პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა და ხარვეზის გამოვლენის შემთხვევაში, ამის ფოტო/ვიდეო გადაეღო, ცენტრალური საარჩევნო კომისიის ახალი დადგენილებით, დამკვირვებლებს ეს უფლება ეზღუდებათ.
არჩევნებში ჩართული მხარეების ნაწილს მიაჩნია, რომ ეს ცვლილება კენჭისყრის სრულყოფილად დაკვირვების შესაძლებლობას შეზღუდავს. მაგალითად, ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნებში“ აცხადებენ, რომ ახალი რეგულაციის პირობებში, დამკვირვებლები ვეღარ შეძლებენ, აღმოაჩინონ ე.წ. „კარუსელი“.
ორგანიზაციის სამართლებრივი ექსპერტი გიორგი მონიავა ევრონიუს ჯორჯიასთან საუბრისას აცხადებს, რომ საარჩევნო უბანზე მყოფ დამკვირვებლებს აღარ ექნებათ შესაძლებლობა, შეაგროვონ მტკიცებულებები კენჭისყრის დღის პროცედურების დარღვევებისა და შესაძლო „გაყალბების“ მცდელობების შესახებ.
ცესკოს ახალი დადგენილება გააკრიტიკა საქართველოს მე-5 პრეზიდენტმაც. სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ ხელისუფლება ამ გზით თვითმმართველობის არჩევნებისთვის ემზადება.
არჩევნებში ჩართული მხარეების კრიტიკის ფონზე, სპეციალური განმარტება გაავრცელა ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ. მოგვიანებით, კომენტარი გააკეთა ცესკოს პრესსპიკერმა ნათია იოსელიანმა. უწყებაში განმარტავენ, რომ ეს ცვლილება განპირობებულია ამომრჩეველთა პერსონალური მონაცემების დაცვისა და საარჩევნო პროცედურების დახვეწის მოტივით.
2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე სადამკვირვებლო ორგანიზაციების დიდი ნაწილი სწორედ პირადობის დამადასტურებელი მოწმობების პრობლემაზე საუბრობდა – დამკვირვებლები აცხადებდნენ, რომ საარჩევნო უბნებზე მისული მოქალაქეთა ნაწილი ხმას რამდენჯერმე, სხვადასხვა პირადობის მოწმობით აძლევდა.
ცესკოს ახალი დადგენილების შემდეგ კი საარჩევნო საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციების წარმომადგენლები შიშობენ, რომ მათ მსგავსი დარღვევის აღმოჩენისა და ამ დარღვევაზე მტკიცებულებების შეგროვების სამართლებრივი მექანიზმი აღარ დარჩებათ.
