ჭიათურაში მაღაროელების პროტესტი გრძელდება. ორმა მათგანმა პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართა და უკვე მეორე დღეა, შიმშილობს. დღეს მაღაროელები ჭიათურაში, საკრებულოს სხდომაზე, ადგილობრივ ხელისუფლებას შეხვდნენ და მათი მოთხოვნებისა და ხედვების შესახებ ისაუბრეს.
მათი განცხადებით, საჭიროა სამმხრივ სამუშაო კომისიაში მათი ჩართულობა და ადგილზე ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლების ჩასვლა. საკრებულოს სხდომაზე, ჭიათურის მერმა გივი მოდებაძემ მაღაროელებს უთხრა, რომ ისინი უნდა იყვნენ დამოუკიდებლები და ეს პროცესი უნდა გაიმიჯნოს პოლიტიკისგან. ამავე სხდომაზე მაღაროელებს დაჰპირდნენ, რომ მათ მოთხოვნებს ცენტრალურ ხელისუფლებას გადასცემდნენ. მაღაროელების მოთხოვნები უცვლელია – ჭიათურიდან გავიდეს კომპანია „ჯორჯიან მანგანეზი“, საწარმოო პროცესები გადაიბაროს სახელმწიფომ და მოისმინოს როგორც მათი პრობლემები და საჭიროებები, ასევე მათი პოზიციები.
მაღაროელების პროტესტი ჭიათურაში 28 თებერვლიდან მას შემდეგ დაიწყო, რაც კომპანია „ჯორჯიან მანგანეზმა“ 2024 წლის ნოემბერში ჭიათურის მაღაროში მუშაობა შეწყვიტა და თანამშრომლებს ხელფასის 60%-ის გადახდას დაჰპირდა. საპროტესტო აქციების მონაწილეები ამბობენ, რომ მათ ხელფასის 60% არ მიუღიათ. შვიდ მარტს კი კომპანიამ განაცხადა, რომ მიწისქვეშა სამუშაოები ჭიათურაში აღარ განახლდებოდა, რის გამოც 3 600-ზე მეტი მაღაროელი სამსახურს მიღმა დარჩა.
