კატეგორიები

„არა თვეებში, არამედ კვირებში “- რუბიო მოსკოვის პასუხს ელის

„არა თვეებში, არამედ კვირებში “- რუბიო მოსკოვის პასუხს ელის

კრემლის პასუხს ვაშინგტონი მოთმინებით ელის, თუმცა მოლოდინსაც აქვს ვადები. მარკო რუბიომ თვეები გამორიცხა და თქვა, რომ მოსკოვის პოზიციებში გარკვევას უახლოეს კვირებში ელოდება. ნატოელ მოკავშირეებთან შეხვედრაზე აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა რუსეთთან დაკავშირებით ბევრი ხისტი პოზიცია მოისმინა, თუმცა როგორც მომლაპარაკებელმა მოსკოვის მიმართ დიპლომატიური ტონი ბოლომდე შეინარჩუნა, გარკვეული მინიშნებებით.

„ძალიან მალე, არა თვეების, არამედ კვირების განმავლობაში გავიგებთ, რუსეთი სერიოზულად უყურებს მშვიდობას თუ არა. მსოფლიოსთვის კარგი იქნებოდა, თუ ომი დამთავრდება, მაგრამ ჩვენ უნდა შევამოწმოთ ეს მტკიცება. რუსებმა იციან ჩვენი პოზიცია, რომ გვსურს ომის დასრულება. მათი პასუხებიდან მალე გავიგებთ, ეს მშვიდობის რეალური სურვილია თუ დროის გაჭიანურების ტაქტიკა. ამ უკანასკნელით  არ ვართ დაინტერესებული, პრეზიდენტი ტრამპი არ გაებმება დაუსრულებელი მოლაპარაკებების მახეში. საკმაოდ მალე გავიგებთ  ყველაფერს, თუ ისინი სერიოზულად უდგებიან საკითხს, ძალიან კარგი და განვაგრძობთ გზას მშვიდობისკენ. თუ არა, მაშინ მოგვიწევს იმის გადაფასება, თუ სად ვდგავართ და რას ვაკეთებთ. დღის ბოლოს ჩემთვის მნიშვნელოვანი ისაა, მივიწევთ მშვიდობისკენ თუ არ. საკმაოდ სწრაფად გავიგებთ, მშვიდობა რეალურია თუ არა, თუ ისინი არ არიან დაინტერესებული მშვიდობით, ამასაც მალე გავიგებთ. გადაწყვეტილებებს კი ამის საფუძველზე მივიღებთ. მე იმედი მაქვს, რომ ის რეალურია, არსებობს დამაიმედებელი ნიშნები, არსებობს პრობლემური ნიშნებიც, ეს არ იქნება მარტივი, არავის უთქვამს, რომ მარტივი იქნებოდა. მე ვრჩები იმედიანად, მე უნდა დავრჩე იმედიანად”, – აღნიშნავს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო.

როგორც გამოცემა „პოლიტიკომ” დაწერა, ვაშინგტონში ჩასულმა რუსმა დესპანმა თქვა, რომ ღიაა უკრაინისთვის გარკვეული უსაფრთხოების გარანტიების უზრუნველყოფაზე. კრემლში ამბობენ, რომ ნიუანსებზე მუშაობა გრძელდება. სტივენ ვიტკოფთან საუბრის შემდეგ კირილ დმიტრიევს არ დაუკონკრეტებია, ზუსტად რაზეა საუბარი. ის კი ნამდვილად დაადასტურა, რომ უკრაინის ნატოში წევრობა წითელი ხაზია. მოგვიანებით უფრო მეტი აქცენტი რუსულ ბაზარზე ევროპელების ჩანაცვლებას დაუთმო. ამ შეხვედრაზე რუსეთსა და აშშ-ს შორის პირდაპირი ფრენების საკითხიც განიხილეს.

„ტრამპის ადმინისტრაცია ბაიდენისგან იმით განსხვავდება, რომ მათ ესმით რუსეთის პოზიცია და წუხილები. რა თქმა უნდა, არსებობს უთანხმოება ბევრ სხვა პუნქტში, თუმცა  არსებობს პროცესი და დიალოგი, რომელიც დაეხმარება ამ უთანხმოების მოგვარებას. ჩვენ განვიხილეთ ეკონომიკური და საინვესტიციო ხასიათის საკითხები, ვნახეთ ამერიკული კომპანიების დიდი სურვილი დაბრუნდნენ რუსეთში და დაიკავონ ის ნიშები, რომლებიც ევროპულმა კომპანიებმა დატოვეს. ასე რომ, ამგვარი იდეოლოგიური შეზღუდვები, რომლებიც ევროკავშირის სახელმწიფოებში არსებობს, ამერიკულ კომპანიებს მისცემს ახალ შესაძლებლობას. თუმცა იქ, სადაც ეს რუსეთისთვის იქნება სასარგებლო”, – უთხრა რუსეთის პირდაპირი ინვესტიციების ფონდის ხელმძღვანელმა კირილ დმიტრიევმა ჟურნალისტებს.

დმიტრიევმა გიჟური უწოდა იდეას, რომ რუსეთი ევროპაზე აპირებს თავდასხმას. ევროპაში ასე არ ფიქრობენ და ვერ ხედავენ არგუმენტს, რა შეაკავებს პუტინს ევროპაში, თუ უკრაინაში გაიმარჯვებს. აშშ-ისგან განსხვავებით აქ პროცესისგან დამაიმედებელი მოლოდინი არ აქვთ. „მსურველთა კოალიციის” ლიდერები დარწმუნებულები არიან, რომ შეთავაზებაზე რუსეთის სიჩუმე ტაქტიკის ნაწილია და არა სიღრმისეული ფიქრის პროცესი.

„ვკონცენტრირდებით ხანგრძლივ მშვიდობაზე, რომელიც ევროატლანტიკურ სივრცეს გახდის უსაფრთხოს. ჩვენი ხედვაა, რომ პუტინი აგრძელებს ფეხის თრევასა და გაჭიანურებას, მას შეუძლია ცეცხლის შეწყვეტა ახლა, თუმცა აგრძელებს უკრაინის დაბომბვას. ჩვენ კარგად ვხედავთ ამას და ამიტომაცაა, რომ ვაგრძელებთ უკრაინის ყველაზე ძლიერ პოზიციაში ჩაყენებისკენ მიმართულ მცდელობებს, იქნება ეს სამხედრო, ჰუმანიტარული  თუ ეკონომიკური თვალსაზრისით”, – ფიქრობენ ლონდონში, ვისი აზრიც ნატოს შტაბ-ბინაში საგარეო საქმეთა მინისტრმა დევიდ ლამმა გაახმოვანა.

„სამი კვირის წინ უკრაინამ მნიშვნელოვანი კომპრომისი მიიღო უპირობო ცეცხლის შეწყვეტასთან დაკავშირებით, ამ დროის მანძილზე კი რუსეთი მუდმივად იცვლის აზრს, აგრძელებს ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმასა და ომის დანაშაულს. მას აშშ-სთვის მართებს პასუხი, რომელმაც დიდი ძალისხმევა გასწია, პასუხი უნდა იყოს კი, ან არა და პასუხი უნდა იყოს სწრაფი. კოალიციის ქვეყნები მუშაობენ საჭირო ძალისხმევაზე, რომ მშვიდობა იყოს ხანგრძლივი, ეს ძლიერ უკრაინულ ჯარს ნიშნავს, ასევე არსებობს სამხედრო გარანტიის საჭიროება. ამიტომაც ეწვევიან დღეს ჩვენი სამხედრო ხელმძღვანელები კიევს”, – აღნიშნავს საფრანგეთის პირველი დიპლომატი ჟან-ნოელ ბარო.

თავად უკრაინას ცეცხლის შეწყვეტაზე უპირობო თანხმობა უკვე გაცხადებული აქვს. ცდილობს, ვაშინგტონი იმაში დაარწმუნოს, რომ რუსეთი არათუ ცეცხლის სრულ შეწყვეტას, არამედ ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდაუსხმელობის პირობასაც კი არ ასრულებს. ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ნატოს შტაბ-ბინაში ისაუბრა.

„უკრაინა არაა დაბრკოლება მშვიდობისთვის. ბურთი რუსეთის მოედანზეა, გუშინ კი მორიგი პასუხი მივიღეთ, როდესაც 70-ზე მეტი დრონით მათ ხარკივს დაარტყეს. ეს ნათელს ხდის, თუ ვის სურს ომი და ვის არა. რუსეთზე ზეწოლა უნდა გავზარდოთ, რათა სერიოზულად მიუდგეს მშვიდობას. ამისათვის აქტივებისა და იზოლირების თვალსაზრისით ბევრი ხელსაწყო არსებობს“, – ამბობს ანდრი სიბიჰა.

მსოფლიო მოსკოვის დიპლომატიურ პასუხს ელის, სამხედრო პასუხს კი ყოველდღიურად ხედავს. ხარკივში გუშინდელ თავდასხმას 5 ადამიანი ემსხვერპლა, 30-ზე მეტი კი დაიჭრა.

Related news
„პრეზიდენტი არაფერს იგონებს“ - თეთრის სახლის პრესსპიკერი მედიის კითხვებს პასუხობს „ირანში ომი მალე დასრულდება” - დონალდ ტრამპი
სხვა ამბები