მთავარიEuropean Union„მსურველთა კოალიცია” - ყველაფერი, რაც მის შესახებ ვიცით

„მსურველთა კოალიცია” – ყველაფერი, რაც მის შესახებ ვიცით

„ევროპა, მთლიანობაში, ძალიან დიდი ხანია ასეთი ძლიერი და ერთიანი არ ყოფილა“, – ასე აღწერს გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი „მსურველთა კოალიციის“  ძალისხმევას – დაასრულოს უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი აგრესია, რომელიც უკვე 3 წელზე მეტია მიმდინარეობს.

ეს ამოცანა სტარმერმა, საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან ერთად, მას შემდეგ დაისახა, რაც დონალდ ტრამპმა ვლადიმირ პუტინთან მოლაპარაკებები, ევროპელი პარტნიორების გარეშე წამოიწყო.

ტრამპსა და პუტინს შორის გამართული 90-წუთიანი სატელეფონო საუბრის შემდეგ, ევროპის კონტინენტი ომის დასრულების პროცესში – საკუთარი პოზიციის ხელახლა განმტკიცებას და საკუთარი ინტერესების წინ წამოწევას ცდილობს.

მათ შორის უმთავრესი უკრაინის, როგორც დამოუკიდებელი, სუვერენული სახელმწიფოს შენარჩუნება და პუტინის იმპერიალისტური მისწრაფებების დასრულებაა. ამისთვის კი, ხანგრძლივი, მტკიცე სამშვიდობო ხელშეკრულება არის საჭირო.

თუმცა, წარსულში, სამშვიდობო შეთანხმებებით დაკისრებული ვალდებულებების დარღვევების გამო ევროპა რუსეთს ვერ ენდობა. სწორედ ამიტომ, ამჯერად, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ კონტინენტის ყველაზე სისხლიანი სამხედრო დაპირისპირების დასრულების მიზნით, ევროპა უფრო ფართო მასშტაბის და მეტად თამამი ნაბიჯების გადადგმას ცდილობს, რათა თავიდან აირიოს წარსულის შეცდომების განმეორება.

ვინ შედის კოალიციაში?

კოალიციის, როგორც ახალი პოლიტიკური ფორმატის იდეა თავდაპირველად 17 თებერვალს წამოიჭრა, როდესაც ემანუელ მაკრონი ევროპელ ლიდერებს ტრამპსა და პუტინს შორის შემდგარი საუბრის შემდეგ შეხვდა.

მოგვიანებით, 2 მარტს, ევროპელი ლიდერები კვლავ შეიკრიბნენ – ამჯერად, ლონდონში კირ სტარმერის ორგანიზებით. დისკუსია ვოლოდიმირ ზელენსკის ოვალურ კაბინეტში ვიზიტს მოჰყვა – მსჯელობის დასასრულს, კირ სტარმერმა „მსურველთა კოალიციის“ დაბადება გამოაცხადა, რომელსაც ბრიტანეთი და საფრანგეთი ერთობლივად უხელმძღვანელებდნენ.

ცოტა ხნის წინ პარიზში გამართულ სამიტს, მაკრონს, სტარმერსა და ზელენსკისთან ერთად ესწრებოდნენ ბელგიის, გერმანიის, ნიდერლანდების, ესპანეთის, შვედეთის და ევროკავშირის წევრი არაერთი სახელმწიფოს ლიდერები.

ვიცე-პრეზიდენტი გაგზავნა თურქეთმაც, ხოლო ავსტრალიას და კანადას ელჩები წარმოადგენდნენ.

სამიტს ესწრებოდნენ ევროკავშირის ლიდერები ურსულა ფონ დერ ლაიენი და ანტონიო კოშტა, ისევე როგორც ნატო-ს გენერალური მდივანი მარკ რუტე – ჯამში, 33 დელეგაცია.

ვინ არ არის კოალიციაში?

კოალიციაში მყოფი ქვეყნების უმრავლესობა ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები არიან, თუმცა არის რამდენიმე თვალშისაცემი გამონაკლისი.

მალტა და ავსტრია ამ დრომდე კოალიციის შეხვედრებს, ნეიტრალიტეტიდან გამომდინარე არ უერთდებიან. ისევე როგორც, შვეიცარია და ექვსი ბალკანური სახელმწიფო.

უნგრეთი და სლოვაკეთი, ნატო-ს წევრი სახელმწიფოები, კატეგორიულად არ იზიარებენ ევროპის მიდგომას ომის მიმართ და მიაჩნიათ, რომ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მიწოდება კონფლიქტის ესკალაციის ტოლფასია.

რაზე მუშაობს კოალიცია?

პარიზში გამართული სამიტის შემდეგ, „მსურველთა კოალიციის“ სამუშაოს სამი ძირითადი სფერო გამოიკვეთა.

პირველი: უკრაინის შეიარაღებული ძალების მუდმივი მხარდაჭერაა, რასაც კიევი და ევროპა რუსული აგრესიის შესაჩერებლად უსაფრთხოების მთავარ გარანტიად მიიჩნევენ.

მეორე: სრულიად ახალი ძალის შექმნას გულისხმობს, რომელიც უკრაინულ მიწაზე განლაგდება.

მესამე კი ევროპის კონტინენტის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებაა. სულ ცოტა ხნის წინ, ევროკომისიამ თავდაცვისთვის 800 მილიარდ ევრომდე ახალი ინვესტიციის მობილიზების წინადადება წარადგინა.

ჯერჯერობით, დამატებითი უსაფრთხოების გარანტიის სახით ახალი ძალის შექმნის მიზნით წვლილის შეტანის ვალდებულებას მხოლოდ საფრანგეთი და ბრიტანეთი იღებენ. როგორც ემანუელ მაკრონი აღიარებს, ამ საკითხზე ერთსულოვნება არ არის; ზოგ სახელმწიფოს ჯარისკაცების გაგზავნის შესაძლებლობა არ აქვს, ზოგს კი პოლიტიკური კონტექსტი არ უწყობს ხელს.

იქნება თუ არა რაიმე ფორმით ჩართული აშშ?

ამჟამად, აშშ-ი „მსურველთა კოალიციის“ რიგებში არ შედის. მეტიც, კოალიციის არსებობის მთავარი მიზეზი სწორედ დონალდ ტრამპის მიერ მოკავშირეთა გაერთიანებული ფრონტის დარღვევა და პუტინთან მოლაპარაკებების ერთპიროვნულად წამოწყება გახდა.

მიუხედავად ამისა, კოალიციის წევრები იტოვებენ იმედს, რომ ამერიკა საკუთარ წვლილს შეიტანს, საჰაერო თავდაცვის გაძლიერების თუ სადაზვერვო ინფორმაციის გაზიარების კუთხით. თუმცა, ჯერჯერობით ტრამპის ადმინისტრაცია არათუ დახმარების გაფართოებას, არამედ ევროპაში განლაგებული ამერიკელი ჯარისკაცების რაოდენობის ეტაპობრივ შემცირებას გეგმავს.

რა ელის კოალიციას?

როგორც უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, კოალიციის წინაშე რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი დგას. ეს არის ის, თუ რომელი ქვეყნები გაგზავნიან ჯარისკაცებს, კონკრეტულად სად განლაგდებიან ისინი და როდის?  ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ამოქმედების დღიდან თუ მხოლოდ მაშინ, როდესაც ომი საბოლოოდ დასრულდება?

მოსალოდნელია, რომ ამ საკითხებს ევროპელი ლიდერები მომავალ შეხვედრაზე განიხილავენ, რომელიც 4 აპრილს, უკრაინაში არის დაგეგმილი. ზელენსკის თანახმად ეს იქნება კოალიციის პირველი სიღრმისეული შეხვედრა, სადაც იმ სახელმწიფოთა ვიწრო წრის მაღალჩინოსნები შეიკრიბებიან, რომლებიც მზად არიან უკრაინის ტერიტორიაზე ამა თუ იმ ფორმით განათავსონ სამხედრო ძალები.

რუსეთი მკაცრად აკრიტიკებს ნებისმიერ გეგმას, რომელიც უკრაინის ტერიტორიაზე დასავლეთის ჯარების განთავსებას გულისხმობს. თუმცა, მაკრონი და სტარმერი აცხადებენ, რომ პუტინის საჩივრები კოალიციის გეგმებზე გავლენას არ იქონიებს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend