მთავარისაქართველოპარლამენტში მეორე მოსმენით მხარი დაუჭირეს სადავო კანონპროექტებს

პარლამენტში მეორე მოსმენით მხარი დაუჭირეს სადავო კანონპროექტებს

18 მარტს პარლამენტში მეორე მოსმენით მიიღეს მედიის შემზღუდავი კანონპროექტი. კანონპროექტის მომხრე იყო 86 დეპუტატი, მოწინააღმდეგე კი – 0. კანონპროექტში წერია, რომ „აიკრძალება მაუწყებლის მიერ უცხოური ძალისგან პირდაპირი ან არაპირდაპირი დაფინანსების, ფულადი თანხის ან ქონებრივი ღირებულებების სხვა მატერიალური სიკეთის მიღება”.

„ქართულმა ოცნებამ” 24 თებერვალს წარადგინა მაუწყებლობის შესახებ კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ ორი კანონპროექტი. პირველი კანონპროექტის თანახმად, კანონს მაუწყებლობის სტანდარტებთან დაკავშირებით ემატება რეგულაციები და მათ მიერ დადგენილი სტანდარტების დარღვევაზე რეაგირების უფლებამოსილება ექნება კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას. მეორე კანონპროექტი, რომელიც „მაუწყებლობის შესახებ” კანონში ცვლილებების შეტანას გულისხმობს, უკრძალავს ტელე და რადიომაუწყებლებს უცხოური ძალისგან პირდაპირი ან არაპირდაპირი დაფინანსების, მათ შორის ფულადი თანხის ან ქონებრივი ღირებულების სხვა სახის მატერიალური სიკეთის მიღებას.

პარლამენტმა დღესვე მეორე მოსმენით მიიღო „უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტი” – 86 ხმით,  წინააღმდეგი არავინ ყოფილა. კანონპროექტით განისაზღვრება სუბიექტის უცხოური პრინციპალის აგენტად რეგისტრაციის საკითხები, კანონის აღსრულება კი დაევალება ანტიკორუფციულ ბიუროს. კანონპროექტი შესაბამისი ვალდებულების შეუსრულებლობისთვის ითვალისწინებს სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაწესებას. მას ასევე თან ახლავს ცვლილებები სისხლის სამართლის კოდექსში, დარღვევა დაისჯება ჯარიმით 5000-დან 10,000 დოლარამდე, ან ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთით.

ასევე მეორე მოსმენით და ამჯერად, 85 ხმით პარლამენტში მხარი დაუჭირეს სისხლის სამართლის კანონმდებლობაში „სამშობლოს ღალატის” მუხლის დაბრუნებას. „ქართული ოცნების” ინიციატივით, სისხლის სამართლის კოდექსს ემატება 307-ე პრიმა მუხლი, რომელიც სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხს ითვალისწინებს „სამშობლოს ღალატისთვის”. პარტიის გადაწყვეტილებით, სამშობლოს მოღალატედ ჩაითვლება ის პირი, ვინც დაარღვევს საქართველოს ტერიტორიულ ხელშეუხებლობას, შევა უცხოურ სადაზვერვო სამსახურში, საქართველოს კონსტიტუციური წყობილების შესაცვლელად დაგეგმავს შეთქმულებას ან ამბოხებას, დაეხმარება უცხო ქვეყანას, უცხოეთის ორგანიზაციას, ან უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებულ ორგანიზაციას მტრულ საქმიანობაში.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend