ომიდან მშვიდობამდე თითქმის 35 წელი გავიდა. მთიან ყარაბაღზე ჯერ ათწლეულების წინ დაწყებული ტერიტორიული დავა ბაქოსა და ერევანს შორის საბოლოო ზავით მთავრდება. ახლა ხელმოწერაღა დარჩა. დედაქალაქებში ადასტურებენ, რომ სამშვიდობო დოკუმენტის 17-ივე პუნქტზე შეთანხმდნენ, მათგან 2 რამდენიმეთვიანი დისკუსიებისა და წინააღმდეგობების მიზეზი იყო.
„ამ წუთისთვის დოკუმენტის არსებული ტექსტი შეიძლება იყოს განხილული, როგორც კომპრომისული ვარიანტი. ამ მოცემულობაში ის სომხეთის რესპუბლიკისთვის მისაღებია. რაც შეეხება პირობებს, შეთანხმებულ ტექსტთან დაკავშირებით ჩვენ არ გვაქვს საიდუმლო ჩვენი საზოგადოებისგან, მისი პუნქტები და შინაარსი ყველასათვისაა ცნობილი”, – აღნიშნა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა.
რა არის ცნობილი?
სომხეთი და აზერბაიჯანი ერთმანეთის წინააღმდეგ წამოწყებულ დავებს საერთაშორისო სასამართლოებიდან უკან გაიწვევენ;
ერთობლივ უარს ამბობენ საზღვარზე მესამე ძალის, ანუ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის განთავსებაზე;
სომხეთი დასთანხმდა ბაქოს მოთხოვნას, შესწორება შეიტანოს კონსტიტუციაში, რომელშიც ჯერ კიდევაა გამოთქმული პრეტენზიები აზერბაიჯანის ტერიტორიებთან დაკავშირებით.
ეს მოლაპარაკებების ყველაზე სადავო პუნქტი იყო, რადგან ერევანს კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანა ბაქოს კარნახით არ სურდა. ბოლო გზავნილებში პოზიცია შერბილდა და მწვანე შუქიც გამოჩნდა.
„სამშვიდობო ტექსტზე მოლაპარაკებები დასრულებულია, ბოლო ორ გადაუწყვეტელ საკითხს პასუხი გაეცა. აზერბაიჯანი ელის, რომ სომხეთი შესწორებებს შეიტანს თავის კონსტიტუციაში და ასევე სხვა ჩარჩო დოკუმენტებში, რომლებიც აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის წინააღმდეგაა მიმართული. ეს იქნება პირობა საბოლოო ხელმოწერამდე“, – აღნიშნა აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯეიჰუნ ბაირამოვმა.
President Ilham Aliyev: “Until a peace agreement is signed, this stability is not here” pic.twitter.com/EmOJyQMh2Q
— Ilham Aliyev (@presidentaz) March 14, 2025
ერევანმა ბაქო იმის გამო გაკიცხა, რომ გადაწყვეტილების შესახებ ერთობლივ განცხადებას ცალმხრივი განცხადება ამჯობინა. თუმცა ერთი თუ მეორე ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროების განცხადებებში იმაზე მეტი საერთო გზავნილია, ვიდრე განსხვავებული, რაც იშვიათი შემთხვევაა. ერევანი უკვე მზადაა, ხელმოწერის თარიღები და ვადები შეათანხმოს, თუმცა ვარაუდობენ, რომ 2026 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე სომხეთს კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანა ვერ მოხერხდება, რის გამოც პროცესს ბოლომდე დასრულებული არ ჰქვია.
❗️MFA statement on the “Agreement on Peace & Establishment of Interstate Relations between the Republic of #Armenia & the Republic of #Azerbaijan” ⤵️ pic.twitter.com/V2p7zP337B
— MFA of Armenia🇦🇲 (@MFAofArmenia) March 13, 2025
„სამშვიდობო პროცესი არ არის მხოლოდ ხელშეკრულება, ესაა ძალიან გრძელვადიანი და საკმაოდ მტკივნეული პროცესი. ჯერჯერობით ამას სამშვიდობო პროცესს ვერ დავარქმევთ, ესაა სამშვიდობო ხელშეკრულების პროექტი. რა თქმა უნდა, კარგი ნაბიჯია, თუმცა ამის გაყიდვა, როგორც შემდგარი ფაქტის, არ იქნებოდა სწორი. თუმცა ის, რომ ეს ქვეყნები აქამდე მივიდნენ, მიღწევაა”, – აღნიშნა Euronews Georgia-სთან საუბრისას „საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის” დამფუძნებელმა ნოდარ ხარშილაძემ.
კიდევ ერთი საკითხი, რომელზეც ბაქო და ერევანი დავობდნენ, ზანგეზურის დერეფანს ეხებოდა. ბაქოს მოთხოვნები სომხეთისთვის მისაღები არ იყო. არაერთი მედიის ცნობით, მიღწეული შეთანხმება ზანგეზურის დერეფნის საკითხს არ მოიცავს, შესაბამისად, პროცესი ღიად რჩება.
„საუბრობდნენ, რომ ზანგეზურს გააკონტროლებდნენ რუსები, მაგრამ ახლა შორს არიან ამისაგან, რუსები არც სომხებს უნდათ და არც აზერბაიჯანელებს. ვინ უნდა გააკონტროლოს ზანგეზურის დერეფანი? მაშინ უნდა გააკონტროლონ სომხებმა. აზერბაიჯანი ამბობს, რომ ნახიჩევანი ჩემი რეგიონია და ამას არავინ უარყოფს, და რატომ უნდა გავატარო ჩემს რეგიონში ტვირთი საბაჟო პროცედურებით? რატომ არ უნდა მქონდეს განსაკუთრებული რეჟიმი ამ მხრივ? სომხეთის ლოგიკა კი ისაა, რომ უცხო ქვეყნიდან შემომდის ტვირთი და არ ვიცი, რა დევს ამ ტვირთში. ორივე მხარეს აქვს ლოგიკა, ასეთ შემთხვევაში მხარეები საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოებში ჩივიან”, – პასუხობს Euronews Georgia-ს კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი.
„შეთანხმება მშვიდობისა და სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების დამყარების შესახებ“ – ასე ჰქვია დოკუმენტს, რომლის ტექსტიც 5-წლიანი მოლაპარაკებების შემდეგ საბოლოოდ შეთანხმდა და ხელმოსაწერადაა მზად. მასზე მსჯელობა სამხრეთ კავკასიის ორმა ქვეყანამ 2020 წელს დაიწყო, მას შემდეგ, რაც ბაქო მთიანი ყარაბაღის მნიშვნელოვან ნაწილს აკონტროლებს. 2023 წელს კი, 24-საათიანი სამხედრო ოპერაციით ის უკვე საბოლოოდ გაიფორმა. მას შემდეგ დევნის შიშით ტერიტორია ათასობით ეთნიკურმა სომეხმა დატოვა და გეზი სომხეთისკენ აიღო.