მთავარისაქართველოდემონსტრანტების წინააღმდეგ ადმინისტრაციულ საქმეებზე სასამართლო პროცესები გრძელდება

დემონსტრანტების წინააღმდეგ ადმინისტრაციულ საქმეებზე სასამართლო პროცესები გრძელდება

ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეებზე საპროტესტო აქციების მონაწილეების წინააღმდეგ არასამთავრობო ორგანიზაციების ცხელ ხაზზე ყოველდღიურად ათეულობით ზარი შედის.

ამ საქმეების მიმდინარეობაზე „ევრონიუს ჯორჯიამ” საქალაქო სასამართლოში „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” ადვოკატს რამდენიმე კითხვა დაუსვა. უფლებადამცველების ინფორმაციით, ცხელ ხაზზე შესული ზარების დიდი ნაწილი გზის გადაკეტვას, ნაწილი კი წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას უკავშირდება.

„ჩვენ გვიწევს ან ჯერ იზოლატორში მონახულება, როცა მათ დაუმორჩილებლობას ან ხულიგნობას ედავებიან და ხდება დაკავება და იზოლატორში გადაყვანა. ამიტომ ჩვენი ჩართულობა იწყება იზოლატორში მათი მონახულებით. გვიწევდა და ახლაც გვიწევს იმის გარკვევა პრაქტიკულად, რომელ იზოლატორშია პირი და როდის მოახდენენ მის გადმოყვანას სასამართლოში. ხშირად ეს პირები სასამართლოში გადმოჰყავდათ იმდენად შემჭიდროებულ ვადებში, რომ მათ ადვოკატთან კომუნიკაციის შესაძლებლობა არ ჰქონდათ, ამიტომ, ჩვენ გვიწევდა გადამოწმება, კონკრეტული დაკავებული ისევ იზოლატორში იყო, თუ არა, რათა სასამართლოში სწრაფად მოგვესწრო მათთან ყველა საკითხის გავლა, ასევე პროცესზე შესვლა რომ მოგვესწრო, რაც ხშირ შემთხვევებში იყო პრობლემა”, – ამბობს ტატა ჭანკვეტაძე, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” ადვოკატი.

როგორც ადვოკატები ამბობენ, ბოლო პერიოდში შემოსული ზარების დიდი უმრავლესობა გზის გადაკეტვას უკავშირდება. ცხელ ხაზზე ყოველდღიურად მსგავსი შინაარსის ათეულობით ზარი შედის.

„გზის გადაკეტვის შემთხვევაში ეს რეჟიმი შედარებით შემსუბუქებულია, როგორც წესი, წინასწარ ვიცით პროცესის თარიღი, თუმცა საქმეების ოდენობიდან გამომდინარე, მაინც ძალიან აქტიურ რეჟიმში გვიწევს მუშაობა, რომ ვინმე, ვისაც სჭირდება დახმარება, დახმარების გარეშე არ დარჩეს. ჯარიმები რომლებიც ცვლილებების შემდეგ გამოიყენება, არაპროპორციულია. ტენდენციაა, რომ უმეტესად სახდელად სწორედ ჯარიმა გამოიყენება და სულ უფრო ნაკლებად სიტყვიერი შენიშვნა. განხილვისას არ ხდება შინაარსში შესვლა და ავტომატურად ხდება იმის განმარტება, რომ გზაზე გარკვეული რაოდენობის დემონსტრანტების გადასვლა წარმოადგენს კანონდარღვევას. მოსამართლე არ აფასებს, შეიძლება თუ არა ეს ქმედება განვიხილოთ, როგორც შეკრება-მანიფესტაციის ფარგლებში განხორციელებული ქმედება”, – ამბობს ჭანკვეტაძე.

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ადვოკატი” საქალაქო სასამართლოში ამჯერადაც გზის გადაკეტვის საქმეზე იმყოფება. როგორც არასამთავრობო ორგანიზაციათა ქსელისა და სხვა ადვოკატები ამბობენ, გზის გადაკეტვის გამო სასამართლოში აღმოჩენილი დემონსტრანტის უმრავლესობა უკან სწორედ 5000-ლარიანი ჯარიმით ბრუნდება.
არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის ადვოკატებთან ერთად დემონსტრანტების უფლებებს ხშირად უსასყიდლოდ იცავენ კერძო ადვოკატებიც.

„პირველივე დღიდან, როცა მასობრივად დაიწყო დაკავება და დაჯარიმება, მაშინვე აქტიურად ჩავერთე, როგორც დამოუკიდებელი ადვოკატი. „დაიტოვე” – ჯგუფი რომ არის, იქ დავწერე ჩემი ნომერი, მივუთითე, რომ პირდაპირ დაერეკათ, თუკი დახმარება დასჭირდებოდათ”, – ამბობს დამოუკიდებელი ადვოკატი ეთერ ჩაჩუა.

კონსულტაციის თხოვნით ეთერ ჩაჩუას მას შემდეგ ათეულობით დემონსტრანტმა დაურეკა. ადვოკატმა იმუშავა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის 20-მდე საქმეზე, რომელთა უმეტესობაც ჯარიმით დასრულდა. თუმცა იყო სიტყვიერი გაფრთხილების შემთხვევაც. იურისტი გვყვება იმ რთულ რეჟიმზე, რომელშიც ადვოკატებს ამ დრომდე უწევთ მუშაობა.

„ერთ საქმეს სანამ ველოდებოდი, როდის ჩაინიშნებოდა, მანამდე სხვა საქმეზეც შევსულვარ, იმიტომ რომ იმ ადამიანს ადვოკატი არ ჰყავდა… ერთხელ ღამის 12 საათზეც გამოვედი პროცესიდან, არა და არ ჩაინიშნა ადმინისტრაციული პროცესი, რომელზეც ვიყავი მისული, თუმცა, მანამდე სამი საქმე მოვასწარი და მერე შევედი ჩემს პროცესზე”, – ჰყვება ადვოკატი.

ადვოკატების ინფორმაციით, სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციისა თუ კერძო ადვოკატების აქტიურობის მიუხედავად, ადმინისტრაციული საქმეების დიდი რაოდენობის გამო აქციის მონაწილეთა ნაწილი მაინც დაცვის გარეშე რჩება.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend