სირიის უსაფრთხოების ძალებსა და ცოტა ხნის წინ ქვეყნიდან გაქცეული ყოფილი პრეზიდენტის ბაშარ ალ ასადის მხარდამჭერებს შორის ძალადობრივი შეტაკებების შედეგად ათასზე მეტი ადამიანი დაიღუპა.
სირიაში ადამიანის უფლებათა დამკვირვებელი ორგანიზაცია, რომელიც დიდ ბრიტანეთშია დაფუძნებული, აცხადებს, რომ ეს ბოლო 10 წელიწადში ერთ-ერთი ყველაზე სასტიკი შეტაკებაა.
ყოფილი პრეზიდენტის ასადის მხარდამჭერებსა და სირიის ახალი დროებითი მთავრობის ძალებს შორის შეტაკებები ხუთშაბათს დაიწყო ქვეყნის დასავლეთ სანაპიროს რეგიონებში. ასადს ათწლეულების განმავლობაში მხარს უჭერდნენ ალავიტები, რომლებიც ძირითადად სანაპირო რეგიონებსა და ქალაქებში ცხოვრობენ, რომელთა შორის ერთ-ერთი ლატაკიაა.
პარასკევს შეიარაღებულმა სუნიტმა მუსლიმებმა შურისძიების მიზნით ცეცხლი გაუხსნეს ალავიტების რეგიონებში მდებარე სახლებს, ჯერ გაძარცვეს, შემდეგ კი დაწვეს. დაიღუპა ასობით ადამიანი.
ინციდენტი დიდი დარტყმაა ჰაიათ თაჰრირ ალ-შამის ჯგუფისთვის, რომელმაც დეკემბრის დასაწყისში ასადი მოულოდნელი აჯანყების შედეგად ჩამოაგდო.
საერთაშორისო საზოგადოებამ მოუწოდა მხარეებს, გამოიჩინონ თავშეკავება და პატივი სცენ ყველა სირიელის უფლებას, განურჩევლად რელიგიური მრწამსისა.