ისრაელის გადაწყვეტილებამ, რომლითაც იკრძალება ღაზაში საკვებისა თუ სხვა პროდუქტების მიწოდება, მოსახლეობაში შიმშილის შიშისა და გაურკვევლობის განცდა გააჩინა. სიტუაციას ისიც ამძაფრებს, რომ ძირითად პროდუქტებზე ფასები გასამმაგდა.
ჰუმანიტარულ ორგანიზაციებში აცხადებენ, რომ ჯერ მხოლოდ ერთი კვირაა, შეჩერებულია დახმარება, თუმცა უკვე შეექმნა საფრთხე იმ პროგრესს, რომელიც მათ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების პირველი ეტაპის ფარგლებში შიმშილის თავიდან ასაცილებლად მიაღწიეს. გაუარესებული პირობების ფონზე, პალესტინელები, მთელი ღაზის მასშტაბით, განაწილების ცენტრებთან დგებიან რიგში, რათა მიიღონ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი დახმარება
ხან-იუნისის მცხოვრების ფარეს ალ-კეისის თქმით, ჯერ ორი თვეც არ არის გასული, რაც ვითარების განმუხტვა დაიწყო. ცეცხლის შეწყვეტის დაწყებიდან მდგომარეობა ცოტა გამოსწორდა, მანამდე კი იყო შიმშილი, საერთოდ არ იყო საკვები. პურიც კი არ იშოვებოდა, რომ ბავშვები გამოეკვებათ. ერთი ტომარა ფქვილის ფასი 200-300 დოლარამდეც კი ავიდა.
ცეცხლის შეწყვეტის პირველი ეტაპის დროს ჰუმანიტარული სააგენტოები ჩქარობდნენ ღაზის სექტორში დახმარების შეტანას. დღეში დაახლოებით 600 სატვირთო მანქანა შედიოდა. თითქმის 16-თვიანი ომის შემდეგ ღაზის მოსახლეობა სრულად არის დამოკიდებული ჰუმანიტარულ დახმარებაზე.
თუმცა ბევრი ამბობს, რომ ეს არ არის საკმარისი მათი ოჯახების გამოსაკვებად. ისრაელის მიერ ღაზის 2 მილიონზე მეტი ადამიანისთვის საკვების, საწვავის, მედიკამენტებისა და სხვა მარაგების შეტანის აკრძალვამ ფასების ზრდა და ვითარების მკვეთრად გაუარესება გამოიწვია.
ხან-იუნისის მცხოვრები ბუშრა აბუ აკარი ამბობს, რომ ბოლოს დახმარების სახით მხოლოდ ერთი ტომარა ფქვილი მიიღეს. მათ უფრო მეტი დახმარება სჭირდებათ.
დევნილი პალესტინელის ჰამდი ალ-დეირის თქმით, ძალიან რთული ვითარებაა. რომ არა დახმარება, რომელსაც ჰუმანიტარული ორგანიზაციებიდან იღებენ, მათი მდგომარეობა უფრო მეტად გაუარესდებოდა.
გაეროს სურსათის მთავარი სააგენტოს, მსოფლიო სასურსათო პროგრამის წარმომადგენლებმა გასულ კვირას განაცხადეს, რომ ღაზაში არ არის მარაგი, რადგან პირველი ეტაპის ფარგლებში მხოლოდ მშიერ მოსახლეობას ურიგებდნენ საკვებს.
სააგენტოში ასევე ამბობენ, რომ მათ მხოლოდ რამდენიმე კვირის სამყოფი საწვავი აქვთ.