კატეგორიები

გარდაიცვალა ირანელ-ფრანგი მწერალი და ილუსტრატორი მარჯან სატრაპი

გარდაიცვალა ირანელ-ფრანგი მწერალი და ილუსტრატორი მარჯან სატრაპი

ირანელ-ფრანგი მწერალი და ილუსტრატორი მარჯან სატრაპი, რომელსაც მსოფლიო ყველაზე კარგად „პერსეპოლისით“ იცნობს, 56 წლის ასაკში გარდაიცვალა.  

როგორც ახლობლები იტყობინებიან, მიზეზი მისი მეუღლის, შვედი პროდიუსერისა და სცენარისტის გარდაცვალებით გამოწვეული სევდაა.

„მარჯან სატრაპი დარდს ემსხვერპლა მისი მეუღლისა და ცხოვრების სიყვარულის, მატიას რიპას გარდაცვალებიდან ერთ წელზე ცოტა მეტი ხნის შემდეგ“, - წერია მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

„მისი გარდაცვალებით საფრანგეთის კულტურამ დაკარგა ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურა და თავისუფლებისთვის თავდადებული ხელოვანი, რომლის შემოქმედებაც უნივერსალურ გზავნილს ატარებდა“, - ასე გამოეხმაურა მარჯან სატრაპის გარდაცვალებას ელისეს სასახლე.

განცხადებაში ნათქვამია ისიც, რომ საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი და მისი მეუღლე „პატივს მიაგებენს გამორჩეულ ხელოვანს, რომელმაც ირანში გატარებული ბავშვობა უნივერსალურ იგავად აქცია.“

მარჯან სატრაპის ყველაზე ცნობილი ნამუშევარი ავტობიოგრაფიული გრაფიკული რომანი და ამავე სახელწოდების ფილმი „პერსეპოლისია“. ეს მოზარდობის ისტორიაა ირანის ისლამური რევოლუციის ფონზე.

ფილმმა 2007 წელს კანის კინოფესტივალზე ჟიურის მთავარი პრიზი დაიმსახურა, 2008 წელს კი სეზარის პრემია მიიღო საუკეთესო ადაპტირებული სცენარისთვის. „პერსეპოლისი“ ნომინირებული იყო „ოსკარზეც“ - საუკეთესო ანიმაციური ფილმის კატეგორიაში.

„თუ ამაში რაიმე გზავნილია, ეს ის არის, რომ წარმოამავლობის მიუხედავად ადამიანი ადამიანია. მსოფლიოში ძალიან სევდიანი დროა. ისევ შევქმენით ახალი აღმოსავლური ბლოკი. ისევ შევქმენით ახალი მტერი. ჩვენ ადამიანებს განვსჯით, და ისინი ისეთ აბსტრაქტულ ცნებამდე დაგვყავს, როგორიცაა „ტერორისტი“, „ისლამისტი“ და სხვა“, - განაცხადა სატრაპიმ Associated Press-ისთვის 2007 წელს მიცემულ ინტერვიუში.

მარჯან სატრაპი 1969 წლის 22 ნოემბერს ირანში, ქალაქ რეშთში დაიბადა. 1983 წელს, 1979 წლის ისლამური რევოლუციის შემდეგ, მშობლებმა იგი ვენაში გაგზავნეს.

1989 წელს სატრაპი ირანში დაბრუნდა და სწავლა თეირანის უნივერსიტეტში განაგრძო. მოგვიანებით, 1994 წელს, იგი საბოლოოდ  საფრანგეთში გადავიდა - ჯერ სტრასბურგში, შემდეგ  პარიზში დასახლდა.

2023 წელს სატრაპიმ სხვა ხელოვანებსა და მეცნიერებთან ერთად გამოსცა წიგნი „ქალი, სიცოცხლე, თავისუფლება“, რომელიც 2022 წელს მაჰსა ამინის გარდაცვალების შემდეგ ირანში დაწყებულ საპროტესტო მოძრაობას ეძღვნებოდა და ქვეყანაში ადამიანის უფლებების დარღვევას აკრიტიკებდა.

2024 წელს სატრაპის საფრანგეთის უმაღლესი ჯილდო, საპატიო ლეგიონის ორდენი შესთავაზეს, თუმცა უარი თქვა, რადგან მიაჩნდა, რომ პარიზი დემოკრატიისთვის მებრძოლ ირანელებს მხარს საკმარისად არ უჭერდა.

დაკავშირებული ამბები
გარდაიცვალა ირანელ-ფრანგი მწერალი და ილუსტრატორი მარჯან სატრაპი კულტურული ღონისძიებების დაიჯესტი: სად ღირს წასვლა გასართობად, ან რისი ნახვა და მოსმენა შეგიძლიათ ევროპაში ამ კვირაში