ალბანეთის დედაქალაქში არ წყდება ადრიატიკის ზღვისპირა ნაკრძალის ტერიტორიაზე ულტრათანამედროვე, მდიდრული კომპლექსის მშენებლობის საწინააღმდეგო პროტესტი.
მშენებელი კომპანია პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სიძესთან, ჯარედ კუშნერთან არის დაკავშირებული, რომელმაც ჯერ კიდევ 2024 წელს დააანონსა 1 მილიარდ 500 მილიონი ამერიკული დოლარის ღირებულების პროექტი, რასაც ალბანეთის ხელისუფლებამ მხარი დაუჭირა და უწოდა „ქვეყნის ისტორიაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ინვესტიცია“.
ტირანაში, რამდენიმე დღის განმავლობაში მიმდინარე მშვიდობიან დემონსტრაციაზე, 3 ივნისის საღამოს პოლიციამ წყლის ჭავლი და ფიზიკური ძალა გამოიყენა.
აქციის მონაწილეთა მოთხოვნა მხოლოდ სამშენებლო პროექტის გაუქმებით აღარ შემოიფარგლება და ანტისამთავრობო პროტესტში გადაიზარდა, სადაც ალბანეთის პრემიერ-მინისტრს, ედი რამას გადადგომისკენ მოუწოდებენ. ტირანას ქუჩებში ისმის დონალდ ტრამპის ოჯახის საწინააღმდეგო შეძახილები.
მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ალბანეთის ხელისუფლება აცხადებს, რომ ადრიატიკის ზღვისპირა ზოლის განვითარება წარსულში კომუნისტური წყობის რესპუბლიკას ახალ სიცოცხლეს შესძენს და მისცემს ეკონომიკური წინსვლის შესაძლებლობას, რითაც ტირანა საერთაშორისო დონეზე პოზიციონირდება როგორც ელიტური ტურიზმის კერა.
„ინვესტორები ფართოდ არიან ცნობილი, როგორც მაღალი რეპუტაციის მქონე პირები. მათ შორის კი განსაკუთრებით ერთ-ერთი ინვესტორია, რომელიც მრავალი სხვა მიზეზის გამოც, საკუთარი ქვეყნისა და სხვა ქვეყნების მედიის მიერ აღიქმება, როგორც „მეორე მხარის“ მოწინააღმდეგე. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ვიყოთ სტუმართმოყვარეები, სამართლიანები და თავიდან ავიცილოთ ისეთი ქვეყნის იმიჯი, რომელიც ინვესტორების მიმართ არაკეთილგანწყობილია.
მეორე მხრივ, არ არსებობს არანაირი შანსი, რომ ეს ინვესტიცია შეჩერდეს, ვიდრე მე ამ თანამდებობაზე ვიმყოფები. ამასთანავე, როგორც ყველა სხვა შემთხვევაში, სრულიად ღია ვარ საუბრისთვის ნებისმიერ პირთან, ვისაც რაიმე სახის პრეტენზია აქვს. თუმცა, უპირველეს ყოვლისა, საჭიროა ნათლად განისაზღვროს, რას ეხება ეს პრეტენზიები. რადგან თუ ასეთი პრეტენზია საკუთრებას უკავშირდება, როგორც უკვე აღვნიშნე, ამ საკითხს თავისი სამართლებრივი და პროცედურული გადაწყვეტის გზა აქვს“, - განაცხადა ალბანეთის პრემიერ-მინისტრმა, ედი რამამ.
განსხვავებული შეფასება აქვთ ეკოაქტივისტებს, რომლებიც ამბობენ, რომ მშენებლობა გაანადგურებს უნიკალურ ეკოსისტემას, სადაც ახლა ფლამინგოები, ზღვის კუები და გადამფრენი ფრინველები ბინადრობენ.
„ტექნიკა უნდა იქნეს გაყვანილი, ბუნება პირველადი სახით უნდა შენარჩუნდეს, ტერიტორია კი აღდგეს. მეორე მხრივ, წარმოდგენილი პროექტი და მისი მასშტაბები უკიდურესად დამანგრეველი ეფექტის მქონეა.
საჭიროა, ასევე გავითვალისწინოთ, რომ დაგეგმილია 10 000 ოთახის მოწყობა, მშენებლობა კი 10-15 წლის განმავლობაში გაგრძელდება. საუბარია ყოველდღიურ ინტერვენციაზე, რომელშიც ათობით ან ასობით სატვირთო მანქანა და უფრო და უფრო მეტი მუშა მიიღებს მონაწილეობას“, - ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე, ეკოაქტივისტი ჯონი ვორსპი.
პროტესტის პარალელურად, ალბანეთის ანტიკორუფციულმა ბიურომ პროექტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო, თუმცა დეტალებს არ ასაჯაროებს.
სამართალწარმოების მიმდინარეობის მიზეზი გახდა ტერიტორიის პრივატიზების საკითხი, რომელიც, ერთ-ერთი ვერსიით, კანონმდებლობის გვერდის ავლით წარიმართა.
ალბანეთს 450-კილომეტრიანი სანაპირო ზოლი აქვს, რომელიც ათწლეულების განმავლობაში განუვითარებელია, წარსულში ეკონომიკური პრობლემებისა და კომუნისტური გავლენების გამო.
მიუხედავად ქვეყნის ამჟამინდელი ხელისუფლების რიტორიკისა, სახალხო პროტესტის მასშტაბისა და მეზობელ სერბეთში მსგავსი პრეცედენტის არსებობის გათვალისწინებით, როდესაც წინააღმდეგობამ ხელისუფლებას უკან დაახევინა, როგორც ჩანს, გამორიცხული არაფერია.
