დემონსტრანტთა მცირე ნაწილი პარიზში ულტრამემარჯვენე იდეოლოგიის ფრანგი ბიზნესმენის მფლობელობაში არსებული სამაუწყებლო კომპანიის ცენტრალურ ოფისთან შეიკრიბა მას შემდეგ, რაც საფრანგეთში გააქტიურდა დისკუსია ადგილობრივ მედიაზე უცხოური გავლენების შესახებ.
კერძოდ, საუბარია პროკრემლისტურ ნარატივზე, რომელსაც პროპაგანდისტად წოდებული რუსი ჟურნალისტის, ქსენია ფედოროვას მიერ ვრცელდება ბიზნესმენ ვენსან ბოლორეს მედიასაშუალებების მეშვეობით.
თავად ფედოროვა წარსულში მოსკოვის პროპაგანდისტული მაუწყებლის, Russia Today-ის ფრანგული რედაქციის ხელმძღვანელი იყო.
არხმა მაუწყებლობა 2022 წელს, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ მალევე შეწყვიტა, ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციების გამო, თუმცა ქსენია ფედოროვამ მალევე იპოვა ახალი პლატფორმა მოსკოვის ინტერესებში შემავალი ნარატივების გასავრცელებლად.
პროტესტის მონაწილეთა მტკიცებით, რუსი ჟურნალისტი კრემლის იდეოლოგიას აჟღერებს და იყენებს ანტიუკრაინულ და ისეთი ტიპის ტერმინოლოგიას, რომელიც აშკარად ეწინააღმდეგება როგორც საფრანგეთის, ისე საერთო ევროპულ ინტერესებს.
მათი თქმით, მნიშვნელოვანია, კომუნიკაციების კომისია დაინტერესდეს ქსენია ფედოროვას საქმიანობით, რადგან, როგორც ამბობენ, პრორუსული და ნაციონალისტური ნარატივების მედიის მეშვეობით აქტიურად გავრცელება განსაკუთრებით შემაშფოთებელია საფრანგეთში 2027 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მოახლოების ფონზე.
თავის მხრივ, მედიის თავისუფლების დამცველები ამტკიცებენ, რომ ნებისმიერ გამოცემას აქვს უფლება, თავად განსაზღვროს საკუთარი სარედაქციო პოლიტიკა.
მანამდე, 3 ივნისს ცნობილი გახდა, რომ ევროპარლამენტის რამდენიმე დეპუტატი ფრაქციიდან „განაახლე ევროპა“ ევრობლოკის ხელმძღვანელობას მოუწოდებს, დაუყოვნებლივ დაიწყოს მუშაობა რუსი ჟურნალისტის, ქსენია ფედოროვას წინააღმდეგ პერსონალური სანქციების დასაწესებლად.
სიმბოლურია, რომ მის წინააღმდეგ ეკონომიკური და სამოგზაურო შეზღუდვების დაწესებას სწორედ ფრანგი პოლიტიკოსი ნატალი ლუაზო მოითხოვს, რომელიც ქსენია ფედოროვას მოიხსენიებს „ცნობილ რუს პროპაგანდისტად“ და ბრალს სდებს ევროკავშირისა და უკრაინაში ომის შესახებ „უკიდურესად მანიპულაციური და პროპაგანდისტული ნარატივების“ გავრცელებაში.
დასავლელი პოლიტიკოსების შეფასებით, მაყურებელსა და მკითხველს ის აცნობს მხოლოდ პრორუსულ თვალსაზრისს და მოქმედებს უშუალოდ კრემლის მითითებებით, მათ შორის მაშინ, როცა უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიან აგრესიას „სპეციალურ სამხედრო ოპერაციას“ უწოდებს, გადაცემებში კი ზღუდავს განსხვავებულ აზრს, რომელიც მოსკოვს არ აწყობს.
მაგალითად, მაისის ერთ-ერთ გადაცემაში ქსენია ფედოროვამ უკრაინაში ომის დაწყების მიზეზად დაასახელა „ნატოს აღმოსავლეთით გაფართოება“, ხოლო 2022 წელს სამშვიდობო მოლაპარაკებები, მისი მტკიცებით, ჩაიშალა მხოლოდ იმიტომ, რომ „დასავლეთმა ამ კონფლიქტის გაჭიანურება გადაწყვიტა“.
თავად რუსი ჟურნალისტი არ მიიჩნევს, რომ ვინმეს დაკვეთას ასრულებს. მისი თქმით, აქვეყნებს ანალიზს, რომელსაც „შეიძლება შეედავონ, თუმცა მიუღებელია მისი აკრძალვა მხოლოდ იმის საფუძველზე, რომ იგი ვინმესთვის შემაშფოთებელია.“
ქსენია ფედოროვას დასაცავად განცხადება გააკეთა იმ არხის დირექტორმა, სადაც ჟურნალისტი მუშაობს და თქვა, რომ მათი მიზანი არის თავისუფალი სიტყვის დაცვა და ყველა მოსაზრების გაჟღერება.
