ვაშინგტონი და კიევი საუბარს ისევ ეცდებიან, ამჯერად, სულ სხვა ქვეყანაში და სულ სხვა შემადგენლობით. ქალაქ ჯედაში უკრაინის დელეგაციასთან პირისპირ შეხვედრისას ამერიკელები იმას დააკვირდებიან, თუ რამდენადაა მონდომებული უკრაინა შტატებთან ჩვეული ურთიერთობების აღდგენით, რამდენად დიდია, უკრაინის ნება ომი რეალისტურად დასრულდეს. პრეზიდენტი ტრამპი დადებით ცვლილებებს ელის.
„ბევრი რამის მოლოდინი გვაქვს. საუდის არაბეთში მალე გაიმართება დიდი შეხვედრა, რომელიც რუსეთის ჩართულობასაც გულისხმობს. იქ იქნება უკრაინა. ვნახავთ, რაიმეს გაკეთება თუ შეგვიძლია. ამ კვირაში უკრაინამაც და რუსეთმაც ბევრი ადამიანი დაკარგეს, ასე რომ ყველას სურს ამის დასრულება. დიდი პროგრესი გვექნება ამ კვირაში. ვფიქრობ, საუდის არაბეთში კარგი შედეგი გვექნება, ბევრი კარგი ადამიანია ჩასული. ვფიქრობ, უკრაინა კარგად იმოქმედებს, ვფიქრობ, რუსეთიც კარგად იმოქმედებს. ვფიქრობ, ბევრი დიდი რამ მოხდება ამ კვირაში, იმედია. თუ მე შევძლებ ამ ადამიანების სიკვდილის დასრულებას, ბედნიერი ვიქნები. ამწუთას არავის აქვს ბერკეტი ხელში, არც რუსეთს და არც უკრაინას. ჩვენ გვჭირდება შეთანხმება, რომ დამთავრდეს ეს უაზრო ომი. ჩვენ მას დავამთავრებთ”, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.

მოლაპარაკებებისას საუდის არაბეთში იქნება უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკიც. თუმცა არა უშუალოდ ამერიკელებთან სასაუბროდ, არამედ ქვეყნის ხელმძღვანელობასთან შესახვედრად. აქ მისი ვიზიტი რამდენიმე კვირის წინ გადაიდო მას შემდეგ, რაც რუსეთსა და აშშ-ს შორის ელ-რიადში გამართულ შეხვედრაზე უკრაინის ადგილი ვერ მოიძებნა. ამჯერად, შეხვედრა სწორედ ორ სტრატეგიულ პარტნიორს შორის შედგება, თუმცა გართულებული ურთიერთობების პირობებში. კერძოდ, იმ ფონზე, როდესაც ვაშინგტონს კიევისთვის სამხედრო დახმარებაა აქვს შეჩერებული. ჯერ კიდევ არ აღმდგარა სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდება კიევისთვის. სწორედ ამიტომაა, რომ ამ შეხვედრისგან უკრაინის პრეზიდენტის მოლოდინი ქვეყნის მხარდაჭერასაც ეხება. მას ამერიკელებთან ურთიერთობებში კონსულტაციებს უკვე ლონდონიც უწევს.
„დიპლომატია ძლიერი იქნება, მხოლოდ ძლიერი პოზიციებით ფრონტზე. ვაკეთებთ ყველაფერს, რომ უკრაინის ფრონტმა ყველა საჭიროება მიიღოს. ჩვენ გავაგრძელებთ იმაზე მუშაობას, რომ მოვაახლოოთ მშვიდობა. შედგება ჩემი ვიზიტი საუდის არაბეთში. ასევე უკრაინული და ამერიკული ჯგუფები შეხვდებიან ერთმანეთს. ვიმედოვნებთ იმგვარ შედეგს, რომელიც მოაახლოებს მშვიდობას და ასევე გააგრძელებს მხარდაჭერას ჩვენი მისამართით”, – აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკი.
თუ აშშ-მა და უკრაინამ ამჯერად ერთმანეთს უკეთ გაუგეს, ამან შესაძლოა სამშვიდობო პროცესები დააჩქაროს. მოსკოვი ყურადღებით დააკვირდება ამერიკელებსა და უკრაინელებს შორის შეხვედრას, რადგან არსებობს წინასწარი განწყობა, რომ ამ შეხვედრამ ბევრი რამ შეიძლება გადაწყვიტოს. თავად კრემლში არ შეცვლილა რიტორიკა, რომლის თანახმადაც, მშვიდობის სურვილი არა მათ, არამედ უკრაინას აკლია. ეს იმ ფონზე, როდესაც მათ მიერ ნასროლ 200-მდე დრონს დონეცკში 11 ადამიანი ემსხვერპლა. ფრონტის ხაზზე გამძაფრებულმა შეტევამ ვაშინგტონი რუსეთის მისამართით სანქციების პერსპექტივაზეც კი აალაპარაკა. მოსკოვი ცდილობს, თავისთვის ხელსაყრელ გზავნილებზე ორიენტირდეს.
„არ აქვს მნიშვნელობა, თუ რას ველით ჩვენ. მთავარია, რას ელის აშშ. სხვადასხვა დონეზე ჩვენ არაერთგზის მოვისმინეთ განცხადებები, რომ აშშ უკრაინის მხრიდან მშვიდობის ნების დემონსტრაციას ელის. სურთ თუ არა ზელენსკის რეჟიმის წევრებს ეს, თუ არა – აი, ესაა ჩამოსაყალიბებელი”, – განაცხადა დიმიტრი პესკოვმა, კრემლის სპიკერმა.
რუსულმა საფრთხემ და აშშ-ის არაპროგნოზირებადობამ ევროპას სერიოზული ნაბიჯებისკენ უკვე უბიძგა. 800-მილიარდიან თავდაცვით ინიციატივასთან ერთად სულ უფრო აქტუალური ხდება ემანუელ მაკრონის გეგმა ევროპული ბირთვული ფარის შექმნასთან დაკავშირებით, რომელიც დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთის ბირთვული არსენალის ხარჯზე სხვა ევროპული ქვეყნების დაცვას გულისხმობს. ბირთვული შესაძლებლობების გაზიარებას მიესალმებიან პოლონეთშიც. ამაზე საუბრობს გერმანიის კანცლერობის კანდიდატი ფრიდრიხ მერციც. თუმცა ამასთან ევროპელებს სურთ აშშ-ის ბირთვული ქობინები ევროპაში დარჩეს.
„ატომური იარაღის გაზიარება არის საკითხი, რომელზეც ჩვენ უნდა ვისაუბროთ. ჩვენ ბირთვული შეკავების თვალსაზრისით ერთად უნდა გავძლიერდეთ. ჩვენ უნდა ვისაუბროთ ორივე ქვეყანასთან, საფრანგეთსა და ბრიტანეთთან, ასევე ამერიკული ბირთვული ფარის თვალსაზრისითაც, რომლის შენარჩუნებაც, რა თქმა უნდა, გვსურს”, – თქვა გერმანულ მედიასთან გერმანიის ახალი კანცლერი ფრიდრიხ მერცი.
„ჩვენ უფრო უსაფრთხოდ ვიქნებოდით, თუ საკუთარი ბირთვული არსენალი გვექნებოდა, ამაში არანაირი ეჭვი არ არსებობს. ჩვენ ვხედავთ, რა მოხდა ახლა უკრაინაში. ის თავდასხმის მსხვერპლი გახდა, რადგან დაკარგა თავისი ბირთვული იარაღი. დღეს ჩვენ უფრო უსაფრთხოდ ვიქნებოდით, საკუთარი ბირთვული არსენალი რომ გვქონდეს. ამაში არანაირი ეჭვი არ არსებობს”, – განაცხადა პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა.
მიუხედავად იმისა, თუ როგორ დასრულდება უკრაინის ომი, რუსეთისგან მომავალმა უცვლელმა საფრთხემ და ვაშინგტონში შეცვლილმა ხელმძღვანელობამ ევროპელებს უკვე უბიძგა იზრუნონ თავდაცვის ავტონომიურობაზე, რაც შესაძლოა ახალი თავდაცვითი მექანიზმების საფუძვლადაც კი იქცეს.