8 მარტს ქალთა უფლებადამცველების მიერ ორგანიზებული საპროტესტო მარში პირველი რესპუბლიკის მოედნიდან დაიძრა და რუსთაველის გამზირზე მიმდინარე დემონსტრაციას შეუერთდა.
რესპუბლიკის მოედანზე შეკრება ქალებმა საღამოს 19:00 საათიდან დაიწყეს. ქალთა საერთაშორისო სოლიდარობის დღისთვის შეკრებილთა მიზანი წელს მზია ამაღლობელისადმი სოლიდარობის გამოხატვა და საპროტესტო აქციების დროს დაკავებულთა მხარდაჭერა იყო.
„ამ აქციებს აქვს ქალის ხმა. ჩვენ გვინდა რეალური ცვლილებები ამ ქვეყანაში, საქართველოში დღეს უამრავი პრობლემაა, დაწყებული სიღარიბიდან დამთავრებული უსამართლო სასამართლოთი. ეს მარში და დღევანდელი დღე ეძღვნება პირველ რიგში მზია ამაღლობელს, რომელიც ერთი მხრივ სწორედ ქალების ბრძოლის სიმბოლოა და მეორე მხრივ იმ უსამართლობისა, რომელშიც არის დღეს ჩვენი ქვეყანა”, – ამბობს კინომცოდნე თეო ხატიაშვილი.
საპროტესტო მარშში სხვადასხვა ასაკისა და პროფესიის ქალი მონაწილეობდა. დემონსტრანტებს შორის იყვნენ დაკავებულთა დედები და დევნილები.
„დევნილი ქალებიც აქ არიან. დევნილებმა ყველაზე კარგად იციან, რას ნიშნავს, როცა ხარ გარიყული, მიტოვებული და უარყოფილი სახელმწიფოს მიერ. დევნილი ქალები აუცილებლად ვიქნებით ამ რეჟიმისა და ყველა იმ რეჟიმის წინააღმდეგ, რომლის მთავარი ხელწერაც არის ჩაგვრა“, – ამბობს აფხაზეთიდან დევნილი აქტივისტი ვენერო მელუა.
„2025 წლის 8 მარტს საქართველოში პირველად ვხვდებით ქალ პოლიტპატიმრებთან ერთად – მზია ამაღლობელი, ავტორიტარული რეჟიმის მსხვერპლი და თავისუფლებისთვის ბრძოლის სიმბოლოა დღეს. მასთან ერთად არც სხვა ქალები ვეგუებით საქართველოში ჩამოყალიბებულ ავტორიტარიზმსა და პოლიციურ რეჟიმს, რომელმაც დაამწყვდია უდანაშაულო ადამიანები ციხეში, უგულებელყო საქართველოს კონსტიტუცია და ადამიანის ფუნდამენტური უფლებები, შეურაცხყოფას აყენებდა მოშიმშილე მზია ამაღლობელს, აწამა მშვიდობიანი მანიფესტანტები და თავისი ყოველდღიური ქმედებით მიჰყავს საქართველო სულ უფრო და უფრო ღრმა კრიზისამდე. ერთად გავაგონოთ რეჟიმს გაბრაზებული ქართველი ქალების ხმა!” – ნათქვამია ღონისძიების ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ მიმართვაში.
ქალთა უფლებების დამცველი ორგანიზაციების ორგანიზებით სარვამარტო აქცია-მსვლელობები საქართველოში 2012 წლიდან იმართება. გასულ წლებში ეს აქციები თემატურად ქალთა უფლებრივ მდგომარეობას, ფემიციდს, პოლიტიკაში მონაწილეობასა თუ სხვა პრობლემურ საკითხებს უკავშირდებოდა. შარშან 8 მარტის დემონსტრაციაზე ქალები ე.წ. რუსული კანონის წინააღმდეგ გამოვიდნენ. წელს კი ქალების მთავარი სათქმელი მზია ამაღლობელისადმი და დემონსტრაციებზე დაკავებულთა მიმართ მხარდაჭერის გამოხატვა იყო.
.
რუსთაველის გამზირზე პარლამენტის შენობის წინ უფლებადამცველმა ქალებმა საპროტესტო მიმართვა წაიკითხეს, რის შემდეგაც სიმბოლურად დაწვეს ის გისოსები, რომლებიც დაკავებულთა მიმართ სოლიდარობის ნიშნად რესპუბლიკის მოედნიდან საპროტესტო ბანერებთან ერთად მოიტანეს.
„ეს გისოსები არის სიმბოლო, თავისუფლების უკანონოდ წართმევის სიმბოლო“, – ამბობს ქალების მარშის მონაწილე, თეონა ჭალიძე.