კატეგორიები

აშშ დახმარებას აჩერებს, ევროპა კი ზრდის – რა ბედი ეწევა უკრაინის სამხედრო მხარდაჭერას

აშშ დახმარებას აჩერებს, ევროპა კი ზრდის – რა ბედი ეწევა უკრაინის სამხედრო მხარდაჭერას

აშშ აჩერებს, ევროპა კი მობილიზებისთვის ემზადება. მას შემდეგ, რაც უკრაინისთვის  ამერიკული სამხედრო დახმარების შეჩერების შესახებ ეჭვები გამართლდა, ევროპამ გადაიარაღების გეგმა გაააქტიურა და ის მსოფლიოს წარუდგინა. მასში კონტინენტის თავდაცვის ხარჯების ზრდა და უკრაინისთვის სწრაფი სამხედრო დახმარების მიწოდების შესაძლებლობებია გაწერილი. საუბარია 800 მილიარდი ევროს მობილიზებაზე, რომელიც კონტინენტის უსაფრთხოებით არქიტექტურას მომდევნო ათწლეულებში გააძლიერებს. ამის საჭიროების ახსნაზე ევროკომისიის პრეზიდენტს ბევრი დრო არ დაუკარგავს, ამბობს, რომ ყველაფერი ნათელია.

„წევრი სახელმწიფოები მზად არიან მეტი ინვესტიციისთვის საკუთარ თავდაცვაში, თუ მათ ექნებათ საამისო ფისკალური სივრცე. ჩვენ უნდა მივცეთ მათ შესაძლებლობა, რომ ასეც მოიქცნენ და სწორედ ამიტომ  შევთავაზებთ მათ სტაბილურობისა და ზრდის პაქტიდან გასვლის ეროვნული გეგმის აქტივაციას. ეს მისცემთ მათ შესაძლებლობას, ხელშესახებად გაზარდონ თავდაცვის ხარჯები გადაჭარბებული სადეფიციტო პროცედურების გარეშე. თუ წევრი ქვეყნები გაზრდიან თავდაცვის ხარჯებს საშუალოდ მშპ-ს 1.5%-ით, ამით შექმნიან  650 მილიარდი ევროს ფისკალურ სივრცეს  მომდევნო 4 წლისთვის.

მეორე შეთავაზება ახალი ინსტრუმენტია, ის გულისხმობს წევრი სახელმწიფოებისთვის 150 მილიარდი ევროს სესხის მობილიზებას თავდაცვაში ინვესტიციისთვის, ეს ნიშნავს უკეთესად ხარჯვას და ერთად შესყიდვას. ვსაუბრობთ პანევროპულ მობილიზებაზე, იქნება ეს  საჰაერო და სახმელეთო თავდაცვა, საარტილერიო სისტემები, შეიარაღება, რაკეტები, დრონები თუ მათი საწინააღმდეგო სისტემები, ასევე კიბერ და სამხედრო მობილობა. ეს დაეხმარება წევრებს, რომ ერთად შეიძინონ შეიარაღება, რომლითაც შეეძლებათ, მასიურად გაზარდონ მხარდაჭერა უკრაინის მიმართ.  მიაწოდონ მას შეიარაღება დაუყოვნებლივ.

მესამე პუნქტია ევროკავშირის ბიუჯეტის გამოყენება, ამ მხრივ ბევრი რამის გაკეთება მოკლე ვადაში შეგვიძლია. ბოლო ორი ნაბიჯი ეხება კერძო კაპიტალის მობილიზებას.

ევროპა არის მზად, აიღოს საკუთარი პასუხისმგებლობა, გადააიარაღოს ევროპა და ამ გეგმით მოახერხოს  800 მილიარდი ევროს გამოყოფა თავდაცვის ხარჯებისთვის. ეს კი უსაფრთხო და მედეგი ევროპისთვის კეთდება”, – აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

ამ გეგმაზე ევროპელი ლიდერები 6 მარტის საგანგებო სხდომაზე იმსჯელებენ. მანამდე კი, მსჯელობა არ წყდება იმაზე, თუ როგორ იმოქმედა ოვალურ კაბინეტში მომხდარმა უპრეცედენტო დიპლომატიამ პროცესებზე. სწორედ ვოლოდიმირ ზელენსკის, დონალდ ტრამპსა და ჯეი დი ვენსს შორის მომხდარმა შელაპარაკებამ განაპირობა ის, რომ უკრაინას სტრატეგიულმა პარტნიორმა სამხედრო დახმარება დროებით შეუჩერა. სამხედრო მოქმედებების შეჩერების ფუფუნება არ აქვს უკრაინას, რომელსაც დღეს რუსეთმა 99  დრონით დაარტყა. კიევში ესმით ვაშინგტონთან ურთიერთობების შეფერხების მიზეზებიც და შედეგებიც, ამიტომ რიტორიკა დიპლომატიურია.

„უკრაინა მტკიცედაა მოწადინებული, გააგრძელოს თანამშრომლობა აშშ-სთან,  დიპლომატიური და სხვა არხების დახმარებით. რათა ვიმუშაოთ აშშ-სთან და დავრწმუნდეთ, რომ უკრაინა და აშშ გააგრძელებენ ბრძოლას ხანგრძლივი მშვიდობისთვის. უკრაინას არ აქვს გამოსავალი, თავდაცვის საჭიროებები ვერ მოგვცემს შეჩერების საშუალებას, რადგან მტერი არ ჩერდება. დარწმუნებულები ვართ, რომ მოვამარაგებთ ჩვენს ჯარს ყველა საჭირო კომპონენტით, რა გარემოებებიც არ უნდა შეიქმნას. თავდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ამჟამად აშშ-ის მხარდაჭერა გრძელდება. გასული ადმინისტრაციის მიერ გამოყოფილი დახმარება უკრაინაში ჩამოდის. ასე მოხდა გუშინაც. რაც შეეხება დღევანდელ მონაცემებს, ცვლილებებს ჯერ ვერ დაგიდასტურებს. მზად ვართ, მოვაწეროთ ხელი ეკონომიკური თანამშრომლობის დოკუმენტს აშშ-სთან. ეს ორივე ქვეყნის ინტერესშია“, – თქვა უკრაინის პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა.

კიევსა და ვაშინგტონს შორის ხიდების აღდგენაზე მუშაობს ლონდონი. კირ სტარმერი ორივე ქვეყნის პრეზიდენტს ესაუბრა და დიპლომატიური გადაწყვეტა შესთავაზა. თავად აშშ ვოლოდიმირ ზელენსკისთან სასაუბროდ კარს ღიად ტოვებს, ისევე როგორც მინერალებთან დაკავშირებული შეთანხმების ხელმოწერის შესაძლებლობას. ვაშინგტონი ცდილობს, შუამავლის როლი შეასრულოს იმ პირობით, რომ დათმობა ორივე მხარეს მოუწევს.

„უკრაინის მხრიდან იყო ზარი საუბრების გაგრძელების თაობაზე, თუმცა პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ჯერ ერთი ვოლოდიმირ ზელენსკიმ  უპატივცემულობა გამოიჩინა, მეორე კი მკაფიო იყო მისი მხრიდან ნების არარსებობა კონფლიქტის მშვიდობიანი გადაწყვეტის კუთხით. ომის დაფინანსება სამუდამოდ შეუძლებელია, ამერიკელი ხალხი ამას შეეწინააღმდეგება. თუ ევროპაში გამოკითხვებს დაეყრდნობით, ნახავთ, რომ ვერც ევროპა შეძლებს ამას. ჩვენ ეს პროცესი სამშვიდობო გადაწყვეტამდე უნდა მივიყვანოთ, სწორედ ამას ცდილობს პრეზიდენტი, თუმცა მას სჭირდება მომლაპარაკებელი პარტნიორი უკრაინიდან, რომ ეს გაიაზროს. მათ, რა თქმა უნდა, აქვთ საკუთარი შეხედულებები და ყველაფერში ვერ დაგვეთანხმებიან, მაგრამ უნდა დაილაპარაკონ. ზელენსკის ევროპელებმა უთხრეს, რომ ისაა თავისუფლებისთვის მებრძოლი და უნდა გააგრძელოს ბრძოლა სამუდამოდ. ვის ხარჯზე? ვისი ფულით? ვისი შეიარაღებით? ვისი სიცოცხლის ფასად? აშშ-ის პრეზიდენტს ამაზე აქვს უფრო რეალისტური ხედვა.  ომი უნდა დამთავრდეს. არავინ გთავაზობთ, რომ პუტინს ნობელის პრიზი მივანიჭოთ მშვიდობაში, ჩვენ ვამბობთ, რომ უნდა შედგეს საუბარი და ეს არ გამოვა მისთვის ცუდი სიტყვების ძახილით. ზელენსკი  კი სწორედ ამას აკეთებს. რა თქმა უნდა, კარი ღიაა მანამ, ვიდრე ზელენსკი მშვიდობაზე საუბარი სერიოზულად ენდომება. არ შეგიძლია მიხვიდე ოვალურ კაბინეტში ან სადმე სხვაგან და უარი თქვა სამშვიდობო დეტალების განხილვაზეც. ყველას მოუწევს დათმობა, უკრაინას კი ამის განხილვა არ სურს. როდესაც მშვიდობისთვის მზად იქნება, ტრამპი იქნება პირველი ადამიანი ვინც ყურმილს აიღებს”, – აღნიშნავს ჯეი დი ვენსი, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი.

ვაშინგტონში ნაკლებად საუბრობენ იმაზე, თუ რა უნდა დათმოს მოსკოვმა. შესაძლოა ამის გამოა, რომ  კრემლს პოზიციებში ცვლილებები არ ჰქონია. სერგეი ლავროვი კვლავ იმეორებს, რომ დონეცკი და ლუჰანსკი, ისევე როგორც ჰერსონი და ზაპოროჟიე რუსეთის ტერიტორიაა. დიმიტრი პესკოვი კი იმეორებს, რომ „სპეციალურმა სამხედრო ოპერაციამ” საკუთარ მიზნებს უნდა მიაღწიოს. მოსკოვი ცდილობს, ვაშინგტონსა და კიევს შორის გართულებული ურთიერთობების თავის სასარგებლოდ გამოყენებას და ამტკიცებს, რომ უკრაინას არ უნდა მშვიდობა… იმ ომში, რომელიც მოსკოვმა დაიწყო.

„ამ გადაწყვეტილებამ შესაძლოა კიევის რეჟიმს უბიძგოს სამშვიდობო პროცესისკენ. ჩვენ ვხედავთ, რომ ევროპული სახელმწიფოები ჰპირდებიან უკრაინას დახმარების გაგრძელებას, შეეცდებიან შეიარაღების დანაკლისის კომპენსირებას, თუმცა მთავარი მომმარაგებელი აშშ იყო, თუ ის შეაჩერებს ამას, ეს საუკეთესო წვლილი იქნება სამშვიდობო პროცესისთვის”, – აღნიშნა დიმიტრი პესკოვმა, რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა.

დონალდ ტრამპმა ბოლო პრესკონფერენციაზე ისიც თქვა, რომ თუ უკრაინის პრეზიდენტი შეთანხმებამდე ვერ მივა, ის თანამდებობაზე დიდი ხნით აღარ გაჩერდება, რადგან უკრაინა მას აღარ მოუსმენს. ის საკუთარ თავს ერთადერთ პრეზიდენტად მიიჩნევს, ვის დროსაც რუსეთს მეზობლებისგან არანაირი ტერიტორია არ წაუღია. თუმცა გაგრძელდება თუ არა ასე? ბუნდოვანია.

უკრაინელები აქტიურად არიან ჩართული არა მხოლოდ ომში, არამედ დიპლომატიაშიც. ისინი პროცესებს ახლოდან აკვირდებიან და საკუთარ პრეზიდენტს სოლიდარობას უცხადებენ, რადგან თვლიან, რომ ოვალურ კაბინეტში მან სიმართლე ილაპარაკა. პოლიტიკურ სპექტრში კი არიან ისეთებიც, რომლებიც ქვეყნის სასიცოცხლო მიზნებიდან გამომდინარე პრეზიდენტს ვაშინგტონისთვის ბოდიშის მოხდას ურჩევენ. შეჩერებულ დახმარებას ვოლოდიმირ ზელენსკი ჯერ არ გამოხმაურებია.

Related news
პაკისტანისა და ავღანეთის ძალებს შორის, საზღვრისპირა რეგიონებში შეტაკებებია „მნიშვნელოვან პროგრესი“ - დასრულდა აშშ-ირანის მოლაპარაკებების კიდევ ერთი რაუნდი
სხვა ამბები