გერმანიაში ავტომობილი ხალხში შევარდა – არის მსხვერპლი. შემთხვევა ქალაქ მანჰაიმის ერთ-ერთ ცენტრალურ საფეხმავლო ქუჩაზე მოხდა.
ოფიციალური უწყება სულ მცირე ორ დაღუპულსა და 20-მდე დაშავებულზე იუწყება. ასევე აცხადებენ, რომ მომხდარში ეჭვმიტანილი დაკავებულია.
ბადენ-ვიურტემბერგის მხარის შინაგან საქმეთა მინისტრის, თომას შტრობლის ცნობით, ეჭვმიტანილი მძღოლი 40 წლის გერმანელია რაინლანდ-პფალციდან. ქალაქის პოლიციის წარმომადგენელთა განმარტებით, შემთხვევიდან რამდენიმე წუთში მანჰაიმის ეს ზონა სპეციალური აპლიკაციის მეშვეობით „განსაკუთრებით საფრთხისშემცველად“ გამოცხადდა.
ჯერჯერობით ადგილობრივი ხელისუფლება არ აკონკრეტებს მომხდარი უბედური შემთხვევაა თუ ტერორისტული თავდასხმა. ბოლო ერთ თვეში ეს გერმანიაში ხალხში მანქანით შევარდნის მეორე შემთხვევაა.
13 თებერვალს მიუნხენში უსაფრთხოების კონფერენციის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე ავტომობილი პროფკავშირების დემონსტრაციებში შევარდა, რასაც ორი პირის დაღუპვა მოჰყვა. მაშინ მომხდარს ტერაქტის კვალიფიკაცია მიენიჭა, ეჭვმიტანილი ავღანელი ლტოლვილი კი ადგილზე დააკავეს.
