კატეგორიები

ბერლინის კედლის დანგრევიდან 37 წელი გავიდა

ბერლინის კედლის დანგრევიდან 37 წელი გავიდა
37 წელი გავიდა ბერლინის კედლის დანგრევიდან და ისტორიული მოვლენიდან, რომელმაც თითქმის სამი ათწლეულის განმავლობაში ორად გახლეჩილი გერმანიის გაერთიანებას დაუდო საფუძველი.

კედლის დანგრევით დაინგრა ის ბარიერიც, რომელიც კომუნისტურმა რეჟიმმა ააშენა, რათა აღმოსავლეთი გერმანია დასავლეთის ე.წ. „იდეოლოგიური დაბინძურებისგან“ დაეცვა.

1945 წელს იალტის შეთანხმებით მეორე მსოფლიო ომში გამარჯვებულმა მოკავშირეებმა გერმანია ოთხ საოკუპაციო ზონად დაყვეს. შეთანხმებით ოთხ ზონად დაიყო გერმანიის დედაქალაქიც. ქალაქის დასავლეთ ნაწილს მოკავშირეები – დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი და ამერიკის შეერთებული შტატები აკონტროლებდნენ. საბჭოთა კავშირის კონტროლქვეშ კი ბერლინის აღმოსავლეთ ნაწილი აღმოჩნდა.

ბერლინის ორად გაყოფის შემდეგ მილიონობით გერმანელი საიმიგრაციო შეზღუდვების გვერდის ავლით ქალაქის დასავლეთ ნაწილში გადადიოდა, რაც როგორც მოსალოდნელი იყო, საბჭოთა კავშირს არ მოსწონდა.

155-კმ-მდე სიგრძის კედლის მშენებლობა 1961 წლის 13 აგვისტოს დაიწყო, რასაც წინ უძღოდა აღმოსავლეთ გერმანიის ჯარისკაცების მიერ მავთულხლართების გაჭიმვა და ბეტონის კონსტრუქციების დადგმა. როგორც კომუნისტური რეჟიმი ამბობდა, ეს იმისთვის კეთდებოდა, რომ ფაშისტებისთვის აღმოსავლით ბერლინში შესვლის საშუალება არ მიეცათ.

გერმანელთა ნაწილი დასავლეთში გაქცევას მიწისქვეშა გვირაბებითა და საცხოვრებელი სახლების ფანჯრებიდან გადახტომითაც კი ცდილობდა.

1980-იანი წლების ბოლოს, მაშინ, როდესაც აღმოსავლეთ და ცენტრალურ ევროპაში მოსკოვისგან დამოუკიდებლობის მოთხოვნით მასშტაბური დემონსტრაციები იმართებოდა, პროტესტი აღმოსავლეთ გერმანიასაც მოედო.

1989 წლის 9 ნოემბერს საზოგადოებრივი ზეწოლის შედეგად გერმანიის კომუნისტურმა მთავრობამ გადაწყვიტა მოქალაქეებისთვის დასავლეთში გადასვლის საშუალება მიეცა. იმ დღეს ბერლინში აღმართული კედლის ორივე მხარეს უამრავი ადამიანი შეიკრიბა.

ამ მოვლენამ დასაბამი დაუდო კომუნიზმის დამხობას მთელ აღმოსავლეთ ევროპაში, თავად საბჭოთა კავშირის ჩათვლით, რომელიც ზუსტად ორ წელიწადში 15 დამოუკიდებელ რესპუბლიკად დაიყო - ქვეყნებად, რომლებიც მანამდე მოსკოვმა ძალისმიერი გზის გამოყენებით საკუთარ კონტროლქვეშ მოაქცია.

დაკავშირებული ამბები
ბერლინის კედლის დანგრევიდან 37 წელი გავიდა გერმანიაში დააკავეს უკრაინის მოქალაქე,რომელიც რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობდა