„არ იქნება უკრაინის დაფინანსება - მაშ, არც ბიუჯეტი იქნება“ - ასეთია გერმანიის კანცლერის, ფრიდრიხ მერცის პირობა.
ბუნდესლიდერმა ევროკავშირის მომდევნო ბიუჯეტზე შეთანხმება კიევისთვის ახალი დახმარების გამოყოფას დაუკავშირა.
ამით მან ორი პოლიტიკურად სენსიტიური საკითხი გააერთიანა, რომლებმაც ევრობლოკის წევრ ქვეყნებს შორის ღრმა უთანხმოება გამოავლინა.
ბერლინი ევროკავშირის მთავრობებისგან მოითხოვს, შეთანხმდნენ კიევისთვის დაფინანსების გრძელვადიან და მდგრად მექანიზმზე, რომელიც უკრაინასთან დაკავშირებული ვალის მომსახურების ხარჯების დაფარვასაც მოიცავს.
მერცი მიიჩნევს, რომ ომში მყოფი ქვეყნის დახმარება არ უნდა იყოს მხოლოდ კონკრეტული სახელმწიფოების ვალდებულება, რადგან ახლა უკრაინაზეა დამოკიდებული საერთო ევროპული უსაფრთხოება და კონტინენტის მომავალი.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტ ანტონიუ კოშტასთვის გაგზავნილ წერილში ბუნდესკანცლერი წერს:
„ჩვენი საერთო ვალდებულება - ყველამ, გამონაკლისის გარეშე, სამართლიანი წვლილი შევიტანოთ ამ ფინანსური დეფიციტის დასაფარად - უმნიშვნელოვანესი წინაპირობაა როგორც ამ საკითხის მოგვარებისთვის, ისე შემდგომი საკითხების განხილვისთვის, განსაკუთრებით კი იმ საკითხებისა, რომლებსაც ფინანსური შედეგები მოჰყვება.
ევროკავშირის 7-წლიანი ბიუჯეტის შესახებ მოლაპარაკებებმა უნდა უზრუნველყოს გადაწყვეტილება, რომელსაც ევროკავშირის ყველა წევრი სახელმწიფო დაუჭერს მხარს და რომელიც უკრაინას 2028 წლიდან დაწყებული მდგრად და მრავალწლიან ფინანსურ პერსპექტივას შეუქმნის, მათ შორის უკვე დარიცხული საპროცენტო ვალდებულებების დაფარვის გათვალისწინებით.“
გერმანიის ლიდერი ერთადერთი არ არის, ვისაც მიაჩნია, რომ ევროკავშირის ბიუჯეტმა კიევის ფინანსური საჭიროებების დასაკმაყოფილებლად მუდმივი გადაწყვეტა უნდა უზრუნველყოს.
ირლანდიის ფინანსთა მინისტრმა, საიმონ ჰარისმა Euronews-ს განუცხადა, რომ ევროპის მრავალწლიანი ბიუჯეტის სრულყოფილებისთვის, „მასში აუცილებლად უნდა იყოს განხილული უკრაინის დაფინანსების საკითხიც“.
ევროკავშირი გეგმავს, დაფაროს დაფინანსების დეფიციტის დაახლოებით 45 მილიარდი ევრო. ეს თანხა დაემატება უკრაინის მხარდასაჭერად უკვე შეთანხმებულ 90-მილიარდიან სესხს, რომელიც 2026–2027 წლებისთვის არის გათვალისწინებული.
უნგრეთმა, სლოვაკეთმა და ჩეხეთმა აღნიშნულ სესხში მონაწილეობაზე უარი განაცხადეს და, სავარაუდოდ, დამატებით დაფინანსებაშიც არ შეიტანენ წვლილს. ბულგარეთმაც მიანიშნა, რომ დამატებითი ფინანსური ვალდებულებების აღებას აღარ აპირებს.“
რუსეთის განუწყვეტელი საჰაერო დარტყმების შედეგად გამოწვეული ზარალის გამო, კიევს 2027 წლის ბიუჯეტში 70 მილიარდი ევროს ოდენობის ფინანსური დეფიციტი ემუქრება. ევროკავშირმა პირობა დადო, რომ ამ დანაკლისის ორ მესამედს, დაახლოებით 45 მილიარდ ევროს, ჯერ კიდევ შეუმუშავებელი ფინანსური მექანიზმის საშუალებით დაფარავს.
