ლიეტუვამ, ლატვიამ და ესტონეთმა გაზარდეს იმ ქართველ მაღალჩინოსანთა სია, რომლებსაც ამ ქვეყნებში შესვლა ეკრძალებათ.
ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომელშიც აღნიშნულია, რომ სანქციები დაუწესდა დამატებით 74 ოფიციალურ პირს, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ადამიანის უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებების უხეშ, სისტემატურ დარღვევასა და საქართველოს მოსახლეობის მიმართ რეპრესიებზე.
ლიეტუვის საგარეო უწყების ცნობით, სანქცირებულ პირთა შორის არიან საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 7 მოსამართლე, ასევე პროკურორები და პოლიციელები, რომლებმაც ცრუ ჩვენება მისცეს ჟურნალისტ მზია ამაღლობელის წინააღმდეგ და ხელი შეუწყვეს მის დაკავებას.
„ლიეტუვა, ლატვია და ესტონეთი მტკიცე მხარდაჭერას უცხადებენ ქართველ ხალხს, რომელიც 100 დღეზე მეტია აპროტესტებს მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების” სისტემატურ ქმედებებს, რომლებიც უხეშად არღვევს ქვეყნის კონსტიტუციას“, – აღნიშნულია ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ წერილში.
I signed an order whereby Estonia imposes a ban on entry for 55 Georgian 🇬🇪 prosecutors, judges, police officials, MPs, & others.
🇪🇪 consistently shows 🇬🇪people that we support their efforts to once again achieve a democratic Georgia.
Full statement▶️https://t.co/aFnOhvFmih
— Margus Tsahkna (@Tsahkna) March 3, 2025
განცხადებას ავრცელებს ესტონეთის საგარეო უწყებაც, რომლის ცნობითაც, სხვა პირებთან ერთად სანქციები დაუწესდათ „ქართული ოცნების“ წევრებს – ლაშა ტალახაძეს, ირაკლი ზარქუას, ვიქტორ სანიკიძეს, გელა სამხარაულსა და ყოფილ პარლამენტარ ბექა ოდიშარიას; ასევე აჭარის პოლიციის დეპარტამენტის მაღალჩინოსნებს, მათ შორის ბათუმის პოლიციის უფროს ირაკლი დგებუაძესა და აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელ გრიგოლ ბესელიას.
ლატვიამ საქართველოს 16 მოქალაქეს ქვეყანაში შესვლა შეუზღუდავი ვადით აუკრძალა. ამის შესახებ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბაიბა ბრაჟემ პლატფორმა X-ზე დაწერა.
