მთავარისაქართველოამერიკული FARA ქართულად

ამერიკული FARA ქართულად

ამერიკული FARA-ს ქართულ ანალოგს საქართველოს პარლამენტში იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მხარი დაუჭირა. „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტის“ პროექტს „ქართული ოცნების” წარმომადგენლები დაჩქარებული წესით განიხილავენ და ამ პროცესში არ მონაწილეობს არც ოპოზიცია და არც ის სექტორი, რომლებსაც უშუალოდ შეეხება ეს კანონი.

კანონპროექტის მიხედვით, კანონით გათვალისწინებული ვალდებულების არშესრულების ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევებზე სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა იქნება გათვალისწინებული. კანონმდებლობას ახალი მუხლი ემატება, რომლის გათვალისწინებით, „უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტის“ დარღვევა დაისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთ წლამდე. „ქართული ოცნების“ წევრების თქმით, საპარლამენტო განხილვის პროცესში მოხდება კანონპროექტის შესაბამისი ტერმინოლოგიის ქართულ სამართლებრივ სივრცესთან შესაბამისობაში მოყვანა.

მათივე განცხადებით, „ფარა” იძლევა საშუალებას დაფინანსება გამოყენებულ იყოს გამჭვირვალედ და ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე.

„თითქმის საუკუნეა, „ფარა“ აშშ-ში უცხოური ჩარევების განეიტრალებას უზრუნველყოფს. ეს კანონმდებლობა მთელ მსოფლიოში სამაგალითოა. საქართველოს ისევ აქვს ის გამოწვევები, რომლებზეც მანამდეც ვსაუბრობდით და არაფერი შეცვლილა. შესაბამისად, გვჭირდება ძლიერი კანონმდებლობა, რომელიც მომავალში ქვეყანას უცხოური ჩარევისგან დაიცავს. „ფარა“ საქართველოს უცხოური გავლენისგან დაიცავს. თავის დროზე „ფარაზეც“ იყო საუბარი, თუმცა მაშინ ამერიკული კანონი „რუსულ კანონად“ მონათლეს. იმაზე უფრო ლმობიერი კანონი მივიღეთ, ვიდრე საფრანგეთმა, თუმცა სამოქალაქო სექტორის ნაწილმა კანონის აღსრულებას შეგნებულად აარიდა თავი და ისინი წავიდნენ ჯარიმებზე, რათა გამჭვირვალობა არ იყოს. ახლა უკვე გაუმჭვირვალობასა და სავარაუდო კორუფციულ ფაქტებზე თავად ამერიკული მხარე საუბრობს და უფრო მნიშვნელოვანი გახდა, რომ ჩვენი ქვეყანა უცხოური გავლენისგან დავიცვათ. არ გვინდოდა ისეთი მკაცრი კანონმდებლობის მიღება, რომელიც საფრანგეთსა და აშშ-ს ჰქონდათ, მაგრამ გამოწვევებმა, რომლებიც ჩვენს ქვეყანაშია, უფლება მოგვცა, ასეთი კანონმდებლობა მივიღოთ და ქვეყანა ნებისმიერი უცხოური გავლენისგან დავიცვათ, მათ შორის მედიაც, სამოქალაქო სექტორიც და ის იურიდიული თუ ფიზიკური პირი, რომელსაც აშშ-ში მოქმედი კანონმდებლობა განსაზღვრავს“, – განაცხადა „ქართული ოცნების” წევრმა ვლადიმერ ბოჟაძემ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend