ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინაში არსებულ იშვიათ მინერალებზე მიიღებს წვდომას. მათ შორის იმ ელემენტებზეც, რომლებიც სუფთა ენერგიაზე გადასვლისთვის არის აუცილებელი. შეთანხმება კვირის ბოლოს უნდა გაფორმდეს.
პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, რომელიც ამ შეთანხმებას მხარს უჭერს, დიდი ხანია, სკეპტიკურად უყურებს განახლებად ენერგიაზე გადასვლას, რომელიც მოიცავს ქარისა და მზის ენერგიას, ტრანსპორტისა და საყოფაცხოვრებო ტექნიკის ელექტრიფიკაციასა და ყველა იმ მიმართულებას, რომელთა განვითარებისთვის აშშ-ს ეს მინერალები დასჭირდება.
თუ ტრამპი ამ ტენდენციის წინააღმდეგია, მაშინ რატომ ცდილობს ამ მინერალებზე წვდომის მიღებას?
„აშშ-უკრაინის მინერალების შეთანხმება საინტერესოა, რადგან ეს ტრამპის ადმინისტრაციის პირველი დიდი შეთანხმებაა უკრაინასთან, თუმცა, ვფიქრობ, გარკვეულწილად ეს საკითხი ცოტა გადაჭარბებულად არის წარმოჩენილი. უკრაინას, მართლაც, აქვს საინტერესო ნახშირწყალბადოვანი რესურსები (ნავთობი, გაზი, ქვანახშირი), მაგრამ რაც შეეხება კრიტიკულ მინერალებს, კი, რესურსები არსებობს, მაგრამ ეს აუცილებლად არ ნიშნავს, რომ მათი მოპოვება მომგებიანი იქნება. საუბარია, მაგალითად, ლითიუმზე. თუმცა იმ საბადოებზე არსებული ინფორმაცია საბჭოთა პერიოდის დროინდელია. ჩვენ რეალურად არ ვიცით, რამდენად სანდოა ეს მონაცემები და რამდენად ღირებულია ეს საბადოები.
ტრამპის ადმინისტრაციის სასარგებლოდ უნდა ითქვას, რომ მათ კრიტიკული მინერალები ყოველთვის მნიშვნელოვან პოლიტიკურ პრიორიტეტად მიაჩნდათ, რადგან იცოდნენ, რამდენად ძლიერი დამოკიდებულება ჰქონდათ ჩინეთზე. ამიტომ უკვე მაშინ განხორციელდა პირველი დიდი ინიციატივები, რომლებიც გულისხმობდა მოწყვლადობის შეფასებას და იმაზე ზრუნვას, რომ მთავრობას ჰყოლოდა სპეციალური წარმომადგენლები, რომლებიც კრიტიკული მინერალების მიწოდების ჯაჭვების დივერსიფიკაციას აკვირდებოდნენ. ეს დღესაც არ იცვლება. შესაძლოა, ქარის ტურბინები ნაკლები იყოს ან ელექტრომობილებზე გადასვლა შედარებით ნელა მიმდინარეობდეს, მაგრამ ეს პროცესი მაინც მიმდინარეობს. და ტრამპის ადმინისტრაციამ იცის, რომ ამ მიმართულებით ამერიკულ ავტომწარმოებლებს მომზადება სჭირდებათ. ეს ასევე ნიშნავს, რომ მათ უფრო დიდი წვდომა უნდა ჰქონდეთ კრიტიკულ მინერალებზე“, – აცხადებს კოლუმბიის უნივერსიტეტის საერთაშორისო და საზოგადოებრივ საქმეთა სკოლის ასოცირებული პროფესორი ტომ მორენჰაუტი.
ქვეყნები სხვადასხვანაირად საზღვრავენ, რომელი მინერალებია სტრატეგიულად მნიშვნელოვანი. აშშ-ის შინაგან საქმეთა დეპარტამენტმა 50 კრიტიკული მინერალი დაასახელა, ხოლო უკრაინას მათგან 20-ზე მეტი აქვს.
ტიტანის საბადოები, რომლებიც დიდი მოთხოვნით სარგებლობს, უკრაინის სხვადასხვა რეგიონშია განთავსებული. ტიტანს იყენებენ თვითმფრინავების ფრთების, აეროკოსმოსური ინდუსტრიის, საზღვაო აღჭურვილობის, ქიმიური დამუშავებისა და სამედიცინო მოწყობილობების წარმოებაში.
უკრაინას ასევე აქვს ლითიუმი, რომელიც თანამედროვე აკუმულატორების მთავარ კომპონენტს წარმოადგენს და ურანი, რომელიც გამოიყენება ბირთვული ენერგიის, სამედიცინო ტექნიკისა და იარაღის წარმოებისთვის. გარდა ამისა, ქვეყანას აქვს გრაფიტი და მანგანუმი, რომლებიც ელექტრომობილების ბატარეებში გამოიყენება.
უკრაინის მინერალური სიმდიდრის ნაწილი ამჟამად რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მდებარეობს.
იტერბიუმი გამოიყენება ინფრაწითელ ლაზერებში, ქიმიურ რეაქციებში, ბატარეებსა და ოპტიკურ ბოჭკოებში. ლანთანი გამოიყენება ბატარეებში, სათვალის სპეციალურ შუშებში, კამერის ობიექტივებსა და ნავთობის გადამუშავებაში.
ტრამპის ადმინისტრაციამ სუფთა ენერგიის პოლიტიკისგან თავი შორს დაიჭირა და ყურადღება „ენერგეტიკულ დომინირებაზე“ გადაიტანა, რაც ძირითადად ნავთობისა და გაზის სექტორის განვითარებას გულისხმობდა.
უკრაინა დიდი ხანია ცდილობს, ახალი ადმინისტრაციის ყურადღება თავის მინერალურ სიმდიდრეზე გადაიტანოს. ასევე ჩინეთი ამ მასალების მსოფლიო მარაგის უმეტეს ნაწილს აკონტროლებს. უკრაინის რესურსებზე წვდომა აშშ-ს სხვა წყაროებზე დამოკიდებულებას შეამცირებს.