აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ მიიღო ახალი კანონპროექტი, რომელიც უკრაინის დახმარებასა და რუსეთის ეკონომიკის მნიშვნელოვანი სექტორების დასანქცირებას ითვალისწინებს.
რესპუბლიკელი კონგრესმენების წინააღმდეგობის მიუხედავად, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ კანონპროექტი მოლაპარაკებების პროცესს დააზიანებს, ის პალატაში 226 ხმით 4 ივნისს მიიღეს.
დემოკრატი კონგრესმენის, გრეგორი მიქსის მიერ წარდგენილი კანონპროექტის მიზანია, უკრაინის უსაფრთხოებისთვის მილიარდ დოლარზე მეტი ღირებულების დახმარების გამოყოფით უკრაინის მხარდაჭერას განამტკიცებს. კანონპროექტის ფარგლებში, სესხის სახით უკრაინის თავდაცვის სექტორისთვის დამატებით 8 მილიარდი დოლარი იქნება ხელმისაწვდომი.
თუმცა სანამ კანონპროექტი ძალაში შევა, ის სენატმა უნდა დაამტკიცოს, რისი ალბათობაც საკმაოდ დაბალია. სენატი, რომელსაც უმრავლესობით რესპუბლიკური პარტია აკონტროლებს, კანონპროექტს მხოლოდ იმ შემთხვევაში დაამტკიცებს, თუ მას თავად აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი დაუჭერს მხარს.
წარმომადგენელთა პალატის მიერ მიღებული კანონპროექტი კონგრესმენებში არსებულ უკმაყოფილებაზე მიუთითებს, რომელიც პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის საგარეო პოლიტიკითაა გამოწვეული. მიმდინარე კვირაში ეს მეორე შემთხვევაა, როდესაც წარმომადგენელთა პალატა საგარეო პოლიტიკის საკითხზე პრეზიდენტის საწინააღმდეგოდ მოქმედებს. წინა დღით წარმომადგენელთა პალატამ ომის უფლებამოსილების შესახებ დაამტკიცა რეზოლუცია, რომელიც ირანის წინააღმდეგ აშშ-ის სამხედრო მოქმედებების შეჩერებას ისახავს მიზნად.
