ადგილობრივი პოლიციის ინფორმაციით, სამშაბათს სიცილიის დედაქალაქ პალერმოში მაფიის წინააღმდეგ განხორციელებული მასშტაბური ოპერაციის შედეგად დაახლოებით 150 ადამიანი დააკავეს.
კრიმინალური დაჯგუფების წინააღმდეგ ჩატარებულ რეიდებში 1200-ზე მეტი პოლიციელი მონაწილეობდა. იტალიურ მედიაში აცხადებენ, რომ მაფიის წინააღმდეგ მსგავსი მასშტაბის ოპერაცია 40 წელია არ ჩატარებულა.
ჯამში მაფიის 183 წევრის დაკავების ორდერი გასცეს, თუმცა აქედან 36 უკვე პატიმრობაში იმყოფებოდა.
11 თებერვალს დაკავებულ ეჭვმიტანილებს ბრალად ედებათ გამოძალვა, მაფიოზურ გაერთიანებასთან კავშირი, ნარკოტიკებით ვაჭრობა და მკვლელობის მცდელობა.
ოდესღაც მაფია სრულად მართავდა სიცილიას, თუმცა მისი ძალაუფლება და გავლენა ბოლო 25 წლის განმავლობაში საგრძნობლად შესუსტდა. ორგანიზაციის ლიდერების დაპატიმრებამ, ადგილობრივი მაღალჩინოსნების სიფხიზლემ და იმ ადამიანთა სიმრავლემ, რომლებიც მაფიას არ ემორჩილებოდნენ, ხმელთაშუა ზღვის კუნძულზე გახშირებული ორგანიზებული დანაშაულის რიცხვი შეამცირა.
პოლიციაში აცხადებენ, რომ მაფიამ, ხელისუფლებას რომ არ მიეკვლია, ძველი ტაქტიკა განაახლა და ახალიც შეიმუშავა.
„მაგალითად, ციხეებში ჩუმად შეაქვთ დაშიფრული მობილური ტელეფონები, რათა მაფიის დაპატიმრებულმა წევრებმა გააგრძელონ უკანონო საქმიანობა გისოსებს მიღმა. ტრადიციული პირისპირ შეხვედრები კი დისტანციური კომუნიკაციით ჩაანაცვლეს”, – აცხადებენ პოლიციაში.
მიუხედავად იმისა, რომ მაფია დასუსტდა, ის მაინც იზიდავს ახალგაზრდებს. პოლიციამ აღწერა, თუ როგორ ჩაუტარა კრიმინალურ ორგანიზაციასთან დაკავშირებულმა პირმა ერთ ახალწვეულს „მაფიის გაკვეთილები“. იგი ასწავლიდა, როგორ გამოეძალა ხალხისთვის ფული და როგორ უნდა დაჰკავშირებოდა მაფიის მეთაურებს.
Un’operazione straordinaria dei Carabinieri del Comando Provinciale di Palermo ha portato oggi all’arresto di oltre 180 persone, tra cui diversi boss, infliggendo un colpo durissimo a Cosa Nostra. Un risultato che conferma l’impegno incessante dello Stato nella lotta alla…
— Giorgia Meloni (@GiorgiaMeloni) February 11, 2025
ნარკოტიკებით ვაჭრობა „კოზა ნოსტრასთვის“ ყველაზე მომგებიანი ბიზნესია. პოლიციაში აცხადებენ, რომ ჯგუფს დიდი რაოდენობით ნარკოტიკების მიწოდების მიზნით კავშირი აქვს კალაბრიულ „ნდრანგეტასთან”, რომელიც ევროპის ყველაზე ძლიერ, ორგანიზებულ დანაშაულებრივ ჯგუფად ითვლება.
მოგვიანებით იტალიის პრემიერმა ჯორჯია მელონიმ პლატფორმა X-ზე დაწერა, რომ პოლიციის რეიდები და დაკავებების სერია სერიოზული დარტყმაა მაფიისთვის და ბრძოლა ბოლომდე გაგრძელდება.