საერთაშორისო ორგანიზაციები საქართველოს ხელისუფლებას „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ მოუწოდებენ.
ერთობლივ განცხადებას ხელს პრესის თავისუფლების, ჟურნალისტებისა და ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციები აწერენ. მათ შორისაა პრესის საერთაშორისო ინსტიტუტი, პრესისა და მედიის თავისუფლების ევროპული ცენტრი, ევროპის ჟურნალისტთა ფედერაცია და კიდევ ათზე მეტი ორგანიზაცია.
„მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ და უპირობოდ გაათავისუფლოს ამაღლობელი და დაასრულოს მედიის მიმართ ეს უპრეცედენტო ზეწოლა. გარდა ამისა, ვითხოვთ საფუძვლიან გამოძიებას მის მიმართ განხორციელებულ არასათანადო მოპყრობის ფაქტზე“, – წერია ერთობლივ განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ მზია ამაღლობელი 11 იანვარს ბათუმში მიმდინარე საპროტესტო აქციაზე დააკავეს. 14 იანვარს ბათუმის საქალაქო სასამართლომ მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ კი, ადვოკატების სარჩელი პატიმრობის შეფარდების თაობაზე დაუშვებლად ცნო. მზია ამაღლობელს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით აქვს წაყენებული, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. ის დაკავების დღიდან შიმშილობს.