მთავარისაქართველობიძინა ივანიშვილი კიდევ ერთ შვეიცარიულ ბანკთან, „იულიუს ბაერთან", სასამართლო დავის დაწყებას გეგმავს

ბიძინა ივანიშვილი კიდევ ერთ შვეიცარიულ ბანკთან, „იულიუს ბაერთან”, სასამართლო დავის დაწყებას გეგმავს

ბიძინა ივანიშვილის ადვოკატის ლაშა კალანდაძის შეფასებით, შვეიცარიული ბანკი ბიძინა ივანიშვილს პოლიტიკურად აშანტაჟებს.

კერძოდ, ლაშა კალანდაძის განმარტებით, „იულიუს ბაერმა“ ამერიკის შეერთებული შტატების მიერ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარისთვის დაწესებული ფინანსური სანქციები მათ საბანკო ანგარიშებზეც გაავრცელა.

„როგორც დაინტერესებული პირებისთვის კარგად არის ცნობილი, ბიძინა ივანიშვილი თითქმის 10 წელია, აწარმოებს დავას Credit Suisse-ის/მასთან დაკავშირებული იურიდიული პირების წინააღმდეგ სხვადასხვა იურისდიქციაში.

გაცნობებთ, რომ სინგაპურში მიმდინარე დავა Credit Suisse-ის წინააღმდეგ წარმატებით დასრულდა. ბერმუდაში მიმდინარე საქმე კი, რომელიც წარმატებით არის დასრულებული პირველი და მეორე ინსტანციის სასამართლოებში, საბოლოო ინსტანციის სასამართლოში განიხილავენ 2025 წლის ზაფხულში. შვეიცარიაშიც იწყება სამოქალაქო საქმეების განხილვა (შვეიცარიაში დავის საგანს წარმოადგენს იმ თანხების ანაზღაურება, რომლის კომპენსირება ვერ მოიცვა სინგაპურსა და ბერმუდაში მიმდინარე დავებმა).

აღნიშნული საქმეების განხილვის მიმდინარეობისა თუ შედეგების შესახებ საზოგადოება ეტაპობრივად იქნება ინფორმირებული.

დაინტერესებულ პირებს შევახსენებთ, რომ Credit Suisse-ის უკანონო ქმედებებს გადარჩენილი აქტივების დიდი ნაწილი გადაიტანეს სხვა შვეიცარიულ ბანკში (Julius Baer), მათ შორის, ის ანგარიშებიც, რომლებზედაც უნდა განთავსებულიყო ჰეჯ ფონდებიდან შემოსული თანხები“, – ნათქვამია ბიძინა ივანიშვილის ადვოკატის, ლაშა კალანდაძის, მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

როგორც იურისტი განმარტავს, ბოლო ერთი წლის განმავლობაში შვეიცარიულ ბანკსა და ბიძინა ივანიშვილს შორის ურთიერთობა რადიკალურად შეიცვალა და „იულიუს ბაერი“ თითქმის 6 თვის განმავლობაში ჰეჯ ფონდების თანხების ბრუნვის შესახებ ინფორმაციას ზღუდავდა, რითაც მომხმარებელთან ხელშეკრულების პირობები დაარღვია.

„ურთიერთობა გაუარესდა სხვა მიმართულებითაც. თავდაპირველად, ბანკმა უარი უთხრა ბიძინა ივანიშვილსა და მისი ოჯახის რამდენიმე წევრს შეესრულებინა დავალება თანხის გადარიცხვასთან დაკავშირებით. მას შემდეგ, რაც Julius Baer-მა მიიღო შეტყობინება, რომ სამართლებრივ მექანიზმებს მიმართავდნენ ბენეფიციარები თავიანთი უფლებების დასაცავად, ბანკმა შეასრულა დავალება თანხის გადმორიცხვის შესახებ, თუმცა თითქმის ერთი თვე დასჭირდა აღნიშნული ვალდებულების შესრულებას, არადა, როგორც წესი, ასეთი დავალების შესრულება ერთ დღეში ხორციელდება.

შემდეგ 2024 წლის დეკემბრის შუა რიცხვებში Julius Baer, ფაქტობრივად, დაემუქრა, რომ პირადი საბანკო ანგარიში უნდა დაეხურა ბიძინა ივანიშვილისთვის, როგორც პოლიტიკურად აქტიური პირისთვის.

აღნიშნული საფუძვლით ანგარიშის დახურვის/გაუქმების მიზანშეწონილობა Julius Baer-ის მიერ არ იყო არგუმენტირებული. ბანკმა არც კი განმარტა, რატომ დადგა დღის წესრიგში, თან მაინც და მაინც 2024 წლის ბოლოს, პოლიტიკურად აქტიური პირის საფუძვლით პირადი ანგარიშის გაუქმების საკითხი. Julius Baer-ს არც დაუხურავს პირადი ანგარიში, თუმცა აღნიშნული ქმედების შესახებ საზოგადოების ინფორმირება მიზანშეწონილად ჩაითვალა“, – წერია  განცხადებაში.

ადვოკატის, ლაშა კალანდაძის თქმით, „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე აპირებს, „მათ შორის, უცხოელი ადვოკატების ჩართულობით დაიწყოს სამართლებრივი პროცედურები Julius Baer-ის წინააღმდეგ“.

ეს არ არის პარტია „ქართული ოცნების“ დამფუძნებლისა და შვეიცარიული ბანკების სასამართლო დავების პირველი შემთხვევა. ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული საქმე Credit Suisse-ს შეეხება. ეს დავა არაერთ წელს ითვლის, თუმცა ერთ-ერთი ცნობილი პროცესი 2022 წელს უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ დაიწყო. გავრცელებული ინფორმაციით, ბანკმა ბიზნესმენის კუთვნილი 2.7 მილიარდი გირვანქა სტერლინგის ოდენობის ანგარიში გაყინა, საფუძვლით, რომ თანხები შესაძლოა, რუსული წარმოშობის ყოფილიყო.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend