თანამდებობის დაკავების შემდეგ ევროკავშირის საგარეო ურთიერთობათა, უსაფრთხოებისა და თავდაცვის კომიტეტებთან პირველი საჯარო გამოსვლისას, მარკ რუტემ განაცხადა, რომ ღრმად არის შეშფოთებული ევროპის წინაშე არსებული უსაფრთხოების გამოწვევების გამო და დეპუტატებს თავდაცვის ხარჯების მნიშვნელოვნად გაზრდისკენ მოუწოდა.
ბოლო ათწლეულის განმავლობაში ალიანსი აქტიურად მოითხოვს წევრი სახელმწიფოებისგან, რომ მათ თავდაცვაზე თავიანთი მშპ-ის სულ მცირე 2% დახარჯონ, თუმცა დღეისთვის ამ ნიშნულს ნატოს 32 წევრიდან მხოლოდ 24 აღწევს.
მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ქვეყნისთვის 2%-იანი ნიშნულის მიღწევაც კი მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს, აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ნატოს მოკავშირეებს ხარჯების 5%-მდე გაზრდას სთხოვს.
თუმცა ეს მაჩვენებელი ბევრისთვის მიუწვდომელია, შესაძლოა, თავად აშშ-ისთვისაც, რომელიც ამჟამად თავდაცვისთვის მშპ-ს დაახლოებით 3.4%-ს იღებს.
მარკ რუტეს თქმით, თუ ალიანსის წევრები არ გაზრდიან იარაღისა და სამხედრო აღჭურვილობის ერთობლივ შესყიდვას, საბოლოო სამიზნემ შესაძლოა დაახლოებით 3,6-3,7%-ს მიაღწიოს.
„ის 2%, რასაც ახლა ვხედავ, არ არის საკმარისი. ახლა უსაფრთხოდ ვართ, მაგრამ აღარ ვიქნებით მომდევნო 4-5 წელიწადში, თუ დანახარჯებს არ გავზრდით…. თუ ამას არ გააკეთებთ, გაიარეთ რუსული ენის კურსები, ან წადით ახალ ზელანდიაში… ან ახლავე მიიღეთ გადაწყვეტილება, რომ დახარჯოთ მეტი. სწორედ ეს დისკუსია უნდა მივიყვანოთ ბოლომდე მომდევნო სამი-ოთხი თვის განმავლობაში“, – ამბობს ნატოს გენერალური მდივანი.
We are not at war, but we are not at peace either. The good news is that we know what we need to do to protect our people and way of life – now and in the long-term. We just need to do it. And stepping up our #NATO–#EU cooperation is essential. pic.twitter.com/dx1gJwrPHB
— Mark Rutte (@SecGenNATO) January 13, 2025
ევროპარლამენტარების წინაშე წარდგენისას მარკ რუტემ განაცხადა, რომ ტრანსატლანტიკური პარტნიორობის წარმატების გამო ევროპული თავდაცვის ალიანსის შექმნის აუცილებლობას ვერ ხედავს… და რომ მისი მიზანი კრემლის მიერ წარმოებული დესტაბილიზაციის კამპანიის ფონზე ნატოსა და ევროკავშირის დაახლოებაა.
მიუხედავად დონალდ ტრამპის მიერ კანადის, გრენლანდიისა და პანამის არხის ტერიტორიებზე გამოთქმული პრეტენზიებისა, რუტე ამტკიცებს, რომ ევროპის უსაფრთხოება კვლავ მჭიდროდაა დაკავშირებული აშშ-სთან. ნატოს გენერალური მდივნის თანახმად, „ილუზიაა” იფიქრო, რომ ევროპა თავდაცვის გამოწვევებთან გამკლავებას დამოუკიდებლად შეძლებს.
„ნატოს ტერიტორიაზე დახარჯული თანხის 60%-ზე მეტი აშშ-სგან მოდის. ეს ნიშნავს, რომ დანარჩენი 31 წევრი, კანადის ჩათვლით, 40%-ზე ნაკლებს იღებს. ილუზიაა, რომ მომდევნო 10-დან 50 წლამდე პერიოდში ევროპული ნატოს აშენება იქნება შესაძლებელი. ან რატომ უნდა გვინდოდეს ეს? პირველი მსოფლიო ომის და განსაკუთრებით, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ტრანსატლანტიკური თანამშრომლობისგან ბევრი შეღავათი მივიღეთ. რატომ უნდა გვსურდეს აშშ-სგან ჩამოშორება? მე ამას არ ვისურვებდი… ვიმეორებ, თუ იდეოლოგიური მიზნები გვამოძრავებს, მაშინ სულ მცირე, უნდა გავაოთხმაგოთ თავდაცვის ხარჯები“, – განაცხადა მარკ რუტემ.
უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი აგრესიის დაწყების შემდეგ ნატოსა და ევროკავშირის ტრადიციულად დისტანცირებული ურთიერთობა შეიცვალა. მიუხედავად იმისა, რომ ორივე ინსტიტუტი ბრიუსელშია დაფუძნებული, გაერთიანებები მეტად მკაფიოდ გამიჯნულ ფუნქციებს ითვისებდნენ.
თუმცა, როგორც ანალიტიკოსები ამბობენ, გეოპოლიტიკური ლანდშაფტის ცვლილებასთან ერთად იცვლება თავდაცვის საკითხებში ნატოს უპირობო დომინირების საკითხიც. ამას მოწმობს ევროპარლამენტის მიერ პირველი თავდაცვის კომიტეტის ჩამოყალიბება და ბლოკის ისტორიაში პირველად, თავდაცვის ევროკომისრის თანამდებობის შექმნა.