„გარდამტეხი წელი“, „ცვლილებების წელი“, „არჩევნების წელი“ და სხვა… – ეს ის შეფასებებია, რომლებითაც სხვადასხვა ექსპერტი თუ პოლიტიკოსი 2024 წელს ახასიათებს. სხვადასხვა ქვეყანაში ჩატარებულ არჩევნებზე სასურველ კანდიდატებს ოთხმა მილიარდმა ადამიანმა მისცა ხმა.
განსაკუთრებული ყურადღება კი აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებისკენ იყო მიმართული. აშშ-ის არჩევნებში დემოკრატიული პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატი და აშშ-ის მოქმედი ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი აშშ-ის რესპუბლიკური პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატსა და აშშ-ის 45-ე პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს, დაუპირისპირდა.
ბევრისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა ის, რომ კამალა ჰარისი ტრამპთან იმაზე დიდი სხვაობით დამარცხდა, ვიდრე 2016 წელს ჰილარი კლინტონი. დონალდ ტრამპმა საარჩევნო კოლეგიაში 312 ხმა მიიღო და აშშ-ის 47-ე პრეზიდენტი გახდა.
ექსპერტები განსხვავებულად აფასებენ დონალდ ტრამპის თეთრ სახლში დაბრუნებას. არჩეულ პრეზიდენტს მსოფლიოში მრავალ კრიზისთან მოუწევს გამკლავება. კერძოდ, ყველა ელოდება, თუ რა პოლიტიკას გაატარებს იგი რუსეთ-უკრაინის ომთან, BRICS-ის გაფართოებასთან, ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტებთან და ნატოსთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებისას.
დონალდ ტრამპის კაბინეტის ყველა წევრი თითქმის უკვე ცნობილია. აშშ-ში ყველაზე მნიშვნელოვანი სახელმწიფო, თავდაცვისა და ხაზინის მდივნის, აგრეთვე, გენერალური პროკურორის თანამდებობებია. სასურველი კანდიდატების წარდგენა და მათი პოლიტიკური იდეოლოგია კარგად მეტყველებს ტრამპის საგარეო პოლიტიკაზე. კერძოდ, ფლორიდის სენატორის, მარკო რუბიოს წარდგენა სახელმწიფო მდივნის პოზიციაზე ნიშნავს, რომ დონალდ ტრამპი ჩინეთთან და, შესაბამისად, BRICS-ის ქვეყნებთან სავაჭრო ომისთვის ემზადება.
მარკო რუბიო საგარეო პოლიტიკის „ქორად“ მოიხსენიება და ის ავტორიტარული სახელმწიფოების – რუსეთის, ირანისა და ჩინეთის ღერძის (კავშირის) დიდი მოწინააღმდეგეა.
პირველი ვადის დროს ტრამპმა ჩინეთთან სავაჭრო ომი გამართა, რის განმეორებასაც 2025 წელს უნდა ველოდოთ. მედიასთან ინტერვიუში დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მოსახლეობას ვერ დაჰპირდება, რომ პროდუქტზე ფასი არ გაიზრდება.
ეს კიდევ ერთი ნიშანია ჩინეთთან სავაჭრო ომისთვის მზადებისა. როდესაც ჟურნალისტმა დონალდ ტრამპს კითხვა დაუსვა, შეუძლია თუ არა მას, შეჰპირდეს ამერიკელებს, რომ ამა თუ იმ პროდუქტზე ფასი დაიწევს, ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა უპასუხა: „მე არ შემიძლია ამის თქმა, ხვალინდელ დღეს ვერ ვიწინასწარმეტყველებ“.
BRICS საერთაშორისო ორგანიზაციაა, რომელიც ბრაზილიის, რუსეთის, ინდოეთის, ჩინეთისა და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის მიერაა დაფუძნებული. 2024 წელს ორგანიზაცია გაფართოვდა და ოთხი ახალი წევრი – ეგვიპტე, ეთიოპია, ირანი და არაბთა გაერთიანებული საამიროები შეუერთდა.
13 ქვეყანას კი წევრობაზე განაცხადი ოფიციალურად აქვს შეტანილი. ორგანიზაციას ძირითადად ეკონომიკური საკითხები ეხება. წევრი ქვეყნების მიზანი ვაჭრობისას აშშ დოლარის გამოყენების შემცირებაა. ორგანიზაციაში სურთ, შექმნან საერთო ვალუტა, რომელიც აშშ დოლარის კონკურენტი იქნება.
ამ ფაქტს დონალდ ტრამპი სოციალურ პლატფორმა X-ზე გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ამ ვალუტის შექმნის შემთხვევაში წევრი ქვეყნების საქონელს 100%-ით დაბეგრავს. პირველი ვადის დროს ტრამპის მიერ წამოწყებულ სავაჭრო ომს ევროკავშირი არ შეუერთდა. როგორი იქნება ევროპის პოზიცია ამჯერად, უცნობია.
რუსეთ-უკრაინის ომის საკითხი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია განსახილველ თემებს შორის. 2025 წელს ეს ომი კვლავ ყურადღების ცენტრში იქნება. 20 იანვარს დონალდ ტრამპი თეთრ სახლში დაბრუნდება და, მისი თქმით, ომს 24 საათში დაასრულებს. დონალდ ტრამპი მხარეებს მოლაპარაკებისკენ მოუწოდებს.
ბაიდენის ადმინისტრაციის 17 ნოემბრის გადაწყვეტილება, რომელიც უკრაინისთვის შორ მანძილზე მოქმედი რაკეტების გამოყენების უფლების მიცემას ითვალისწინებდა, დონალდ ტრამპისთვის მიუღებელი აღმოჩნდა.
პოლიტიკის მეცნიერთა აზრით, ჩინეთთან მოსალოდნელი სავაჭრო ომის ფონზე, ტრამპის ადმინისტრაციას ევროპის კონტინენტზე დიდი ომი არ აწყობს. ნატოს გენერალურმა მდივანმა მარკ რუტემ ბრიუსელში გამართულ სამიტზე აღნიშნა, რომ ყველაფერს გააკეთებს, რათა რუსეთთან მოლაპარაკების დროს უკრაინას რაც შეიძლება მომგებიანი პოზიცია ჰქონდეს.
„დღის წესრიგისთვის ძალიან მნიშვნელოვანია იმის უზრუნველყოფა, რომ უკრაინა, პრეზიდენტი ზელენსკი და მისი გუნდის წევრები იყვნენ საუკეთესო ფორმაში იმ დღისთვის, როცა ისინი სამშვიდობო მოლაპარაკების დაწყებას გადაწყვეტენ. ეს იმას ნიშნავს, რომ როდესაც საქმე ჩვენს თავდაცვას ან იარაღის სხვა სისტემას ეხება, ჩვენ ყველაფერი უნდა მივაწოდოთ, რაც შეგვეძლება“, – ამბობს მარკ რუტე.
შეცვლილი რიტორიკა ნატოსგან იმას ნიშნავს, რომ ევროპული სახელმწიფოები შესაძლოა დონალდ ტრამპის ამ ინიციატივას მხარს უჭერდნენ. მოლაპარაკებების პირობები უცნობია, უცნობია ისიც, მოუწევს თუ არა უკრაინას რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების დათმობა. თუმცა ტრამპი ამბობს, რომ პრეზიდენტი ზელენსკი შეთანხმებისთვის მზად უნდა იყოს.
“ზელენსკი გარიგებისთვის მზად უნდა იყოს. ძალიან ბევრი ადამიანი დაიღუპა. პუტინიც მზად უნდა იყოს შეთანხმებისთვის. მე რომ პრეზიდენტი ვყოფილიყავი, პუტინი ამ ომს არ დაიწყებდა, აგრეთვე, არ გვექნებოდა ინფლაცია, ნავთობის ფასი კი უფრო დაბალი იქნებოდა. პუტინთან კარგი ურთიერთობა მქონდა, რომელიც ახლა გართულებულია. არჩევნები რომ პატიოსნად ჩატარებულიყო, ამ პრობლემებზე საუბარი არ მოგვიწევდა“, – ამბობს დონალდ ტრამპი.
„რუსეთ-უკრაინის სიტუაცია ძალიან რთულია. ვფიქრობ, რომ შორ მანძილზე მოქმედი რაკეტების რუსეთის ტერიტორიაზე გამოყენების ნებართვა უკრაინისთვის არ უნდა მიეცათ. ეს არ იყო სწორი, ამან ომში ჩართო ჩრდილოეთი კორეა, რომელთანაც მე ერთადერთი ვიყავი, ვისაც კარგი ურთიერთობა ჰქონდა. ვფიქრობ, ჩემს ინაუგურაციამდე რამდენიმე კვირით ადრე ამის ნებართვა არ უნდა გაეცათ. რატომ გააკეთეს ეს ისე, რომ მე არ მკითხეს? მე მათ ამის უფლებას არ მივცემდი. დიდი შეცდომა დაუშვეს“, – ამბობს დონალდ ტრამპი.
არჩევნების წელი არ შეხებია გერმანიას, რადგან საპარლამენტო არჩევნები მათ 2025 წლის ზაფხულში უნდა ჰქონოდათ, თუმცა ორწლიანმა ეკონომიკურმა რეცესიამ ოლაფ შოლცის კოალიციურ მთავრობას წყალი შეუყენა. 7 ნოემბერს ოლაფ შოლცმა მოხსნა ქრისტიან ლინდნერი, ფინანსთა მინისტრი, რომელიც, კანცლერის თქმით, მოვალეობას თავს ვერ ართმევდა. 16 დეკემბერს პარლამენტმა ნდობის გამოცხადების პროცესის ჩანიშვნა მოითხოვა. ბუნდესტაგმა ოლაფ შოლცის მთავრობას ნდობა არ გამოუცხადა.
ეს იმას ნიშნავს, რომ მაქსიმუმ 60 დღეში, ანუ თებერვლის ბოლოს, გერმანიის პრეზიდენტმა ვადამდელი არჩევნები უნდა დანიშნოს. ფრიდრიხ მერცი კანცლერობის მთავარი კანდიდატია. „ქრისტიან-დემოკრატიული პარტია“, რომლის წარმომადგენელიც იყო ყოფილი კანცლერი ანგელა მერკელი, სავარაუდოდ, კვლავ მოახერხებს კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბებას.
ტრამპის ადმინისტრაციის პირველი ვადის დროს ანგელა მერკელთან პარტნიორობა დიდ გამოწვევებთან იყო დაკავშირებული. ტრამპმა სანქციები დაუწესა პროექტს „ჩრდილოეთის ნაკადი 2“, რომელიც გერმანიაში რუსული გაზის უკრაინის გვერდის ავლით შეტანას ითვალისწინებდა. ეს პროექტი გერმანიისთვის მნიშვნელოვანი იყო, თუმცა ტრამპმა ეს არ დაუშვა.
ბაიდენის ადმინისტრაციამ სიტუაციის განმუხტვა ამ სანქციების გაუქმებით სცადა. ფრიდრიხ მერცის თქმით, ის უკრაინას იმდენ იარაღს მისცემს, რამდენიც მას ომში გასამარჯვებლად დასჭირდება. „თქვენ ქვეყანას ყველაზე რთულ ვითარებაში გვიტოვებთ, ახლა გერმანიაში დიდი ეკონომიკური კრიზისია.
გერმანიის ისტორიაში სულ ორი შემთხვევა იყო, როდესაც ზედიზედ ორი წელი გვქონდა რეცესია. ერთი იყო გერჰარდ შრედერის დროს. თუმცა მან ის მაინც გააკეთა, რომ 2010 წლის დღის წესრიგი შემოიღო. მეორე შემთხვევა კი ოლაფ შოლცის დროს იყო, ახლა შოლცი აქ დგას და ამბობს, რომ ახალგაზრდების ხარჯზე უნდა გვქონდეს დავალიანება“, – განაცხადა ფრიდრიხ მერცმა, „ქრისტიან-დემოკრატიული პარტიის“ კანცლერობის კანდიდატმა. პოლიტიკური კრიზისია საფრანგეთშიც, სადაც 577-იდან 331-მა დეპუტატმა პარლამენტში მთავრობას ნდობა არ გამოუცხადა. ემანუელ მაკრონს ახალი პრემიერ-მინისტრის წარდგენა მოუწია.
ეს იყო ფრანსუა ბაირუ, რომელიც, პრეზიდენტ მაკრონის თქმით, ცენტრისტია და მრავალპარტიული პარლამენტისთვის სასურველი კანდიდატი იქნება. ფრანსუა ბაირუმ ახალი მთავრობა ისე წარადგინა, რომ ყველა პარტიისთვის მისაღები ყოფილიყო. მთავარი გამოწვევა ახალი პრემიერ-მინისტრისთვის 2025 წლის ბიუჯეტის დამტკიცება იქნება. ეკონომიკური კრიზისისა და ფასების ზრდის ფონზე, ბაირუს მოუწევს მრავალ გამოწვევასთან გამკლავება.
“ვიცი, რომ რისკები წარმატების შანსს ამცირებს. კარგად მაქვს გააზრებული ყველა სირთულე, რომლებიც ბიუჯეტთან და პოლიტიკურად გაყოფილ საზოგადოებასთანაა დაკავშირებული და რომელთა გადალახვაც მომიწევს, თუმცა მზად ვარ“, – ამბობს ფრანსუა ბაირუ.
ულტრამემარცხენე პოლიტიკოსი, ჟან-ლუკ მელანშონი, ამბობს, რომ ფრანსუა ბაირუს მთავრობა ორ თვესაც ვერ გაძლებს. 2024 წელი სამხრეთ ამერიკისთვისაც დატვირთული იყო. ვენესუელაში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებმა ქვეყანაში მასშტაბური პროტესტი და არეულობა გამოიწვია.
არჩევნებზე ერთმანეთს მოქმედი პრეზიდენტი ნიკოლას მადურო და ოპოზიციონერი ედმუნდო გონსალესი დაუპირისპირდნენ. მადურომ თითქმის ხმათა 52% მოიპოვა, თუმცა „ედისონ რისერჩის“ გამოკითხვებმა აჩვენა, რომ ედმუნდო გონსალესი მადუროს 30%-ით ამარცხებდა. ედმუნდო გონსალესს ქვეყნის დატოვება მოუწია, ის პრეზიდენტად აღიარეს აშშ-მა და ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა. 2024 წლის აგვისტოში დონალდ ტრამპმა აღნიშნა, რომ ვენესუელას დიქტატორი მართავს.
ეს კი იმას ნიშნავს, რომ ტრამპის ადმინისტრაცია მადუროს რეჟიმზე ზეწოლას, დიდი ალბათობით, კვლავ გააგრძელებს. არგენტინას უკვე წელიწადზე მეტია, რაც ახალი პრეზიდენტი ხავიერ მილეი ჰყავს. თავისი „მკაცრი გეგმის“ პოლიტიკით მან მსოფლიოს ყურადღება მიიპყრო.
საპროტესტო გამოსვლებისა და სპეციალური დანიშნულების რაზმთან დაპირისპირების არაერთი შემთხვევის მიზეზი ისაა, რომ ხავიერ მილეიმ სახელმწიფო ხარჯები მინიმუმამდე დაიყვანა. მისი გეგმა ინფლაციისა და ბიუჯეტის დეფიციტის აღმოფხვრას ითვალისწინებს. მან გააუქმა 9 სამინისტრო და სამსახურიდან დაითხოვა 15 000-ზე მეტი საჯარო მოხელე, შეამცირა სუბსიდირების პროგრამები, უნივერსიტეტის დაფინანსება, ვეტო დაადო პენსიის ზრდის გადაწყვეტილებას, რამაც მოსახლეობაში საპროტესტო ტალღა ააგორა.
თუმცა 2024 წლის 10 დეკემბერს, ინაუგურაციიდან ერთი წლის შემდეგ, ხავიერ მილეიმ განაცხადა, რომ არგენტინაში ინფლაცია დამარცხებულია.
„დღითიდღე ვუახლოვდებით იმ ეტაპს, როდესაც ინფლაცია უბრალოდ ცუდ მოგონებად დარჩება. ზუსტად ერთი წლის წინ გვქონდა ფისკალური დეფიციტი, რომლის ნაწილიც ხაზინას, ხოლო ნაწილი ცენტრალურ ბანკს ჰქონდა დამალული. დეფიციტი ყველა ჩვენი უბედურების გამომწვევი იყო, თუმცა 123 წლის განმავლობაში პირველად ჩვენ ფისკალური ნამატი გვაქვს“, – ამბობს ხავიერ მილეი, არგენტინის პრეზიდენტი. ის თავს ლიბერტარიანელად მოიხსენიებს, თუმცა ულტრამემარჯვენე პოლიტიკოსია. მან უარი თქვა BRICS-ში გაწევრებაზე და განაცხადი ოფიციალურად გამოიწვია.
ხავიერ მილეიმ მზადყოფნა გამოთქვა, ითანამშრომლოს დონალდ ტრამპის ადმინისტრაციასთან, რითაც სამხრეთ ამერიკაში აშშ მორიგ საყრდენს იპოვის. მსოფლიოში ძლიერდებიან მემარჯვენე და ულტრამემარჯვენე პარტიები.
ძლიერდება პოპულისტური მოძრაობები, რომლებიც 2025 წელს იმედოვნებენ, რომ თეთრ სახლში დონალდ ტრამპის დაბრუნების შემდეგ არჩევნებში დიდ წარმატებას მიაღწევენ. პოლიტიკის მეცნიერები უკვე ამბობენ, რომ 2024 წელს ევროპის პოლიტიკური კომპასი მარჯვნივ გადაიხარა და გერმანიის საპარლამენტო არჩევნები გარდამტეხი მომენტი იქნება. მსგავსი რეალობა ბევრისთვის ნაცნობია და 2025 წლის შესახებ ამერიკულ მედიაში ხშირად ჩნდება ფრაზა – „ისევ 2016 წელი მეორდება?“
