მთავარიევროპაუკრაინაუკრაინელი ხალხის რთული 2024 წელი

უკრაინელი ხალხის რთული 2024 წელი

უკრაინელი ხალხისთვის 2024 წელი გამოწვევებით, სირთულითა და რუსეთის სასტიკი იერიშების სიმრავლით იყო გამორჩეული. კრემლს 2024 წელს პირველად დასჭირდა, ბალისტიკური რაკეტები ჩრდილოეთ კორეისგან მიეღო, წლის მიწურულს ფხენიანმა ცოცხალი ძალითაც გაუწია დახმარება მოსკოვს. იყო მრავალი მნიშვნელოვანი სიახლე როგორც პოლიტიკური, ისე სამხედრო მიმართულებებით.

წლის დასაწყისში აშშ-ში, თეთრ სახლში, განაცხადეს, რომ რუსეთმა ჩრდილოკორეული ბალისტიკური რაკეტები გამოიყენა უკრაინის წინააღმდეგ. ასევე საინტერესოა, რომ ამ წელს მნიშვნელოვნად გაიზარდა რუსული საავიაციო იერიშების ინტენსივობა უკრაინული დასახლებების წინააღმდეგ. მთელი წლის განმავლობაში მასშტაბურად იბომბებოდა ფრონტის ხაზიც.

ვოლოდიმირ ზელენსკი წლის დასაწყისიდანვე დასავლელ პარტნიორებს საჰაერო თავდაცვის საშუალებებს სთხოვდა. მალევე, აპრილში, აშშ-მა განაცხადა, რომ უკრაინას შორი მოქმედების რაკეტები ATACMS-ები ფარულად მიაწოდა. ინფორმაცია დაადასტურა სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა ვედანტ პატელმაც. ATACMS-ის მოქმედების არეალი 300 კილომეტრია და ამ რაკეტების გამოყენებით უკრაინას რუსეთის სიღრმეშიც კი შეუძლია იერიშის მიტანა. უცნობია, რამდენი რაკეტა გადასცეს უკრაინას. კიევი ასევე ითხოვდა, მიეღო ნებართვა, რომ დასავლური შეიარაღებაც გამოეყენებინა რუსეთის ტერიტორიაზე.

2024 წელს როგორც რუსეთის საოკუპაციო არმიამ, ისე უკრაინის თავდაცვის ძალებმა მნიშვნელოვნად განავითარეს დრონების საწინააღმდეგო საშუალებები. ასევე, უკრაინაში მეტ-ნაკლებად მოგვარდა საარტილერიო ჭურვების დეფიციტის პრობლემა. ამავე წელს უკრაინის ცაში დასავლური გამანადგურებლები  F16-ებიც გამოჩნდნენ. 2024 წელს რუსეთი სულ უფრო ხშირად იყენებდა პლანირებად ბომბებს. ბირთვული შეიარაღებით რამდენიმე სამხედრო სწავლების შემდეგ კი კრემლმა წლის მიწურულს პირველად გამოიყენა საშუალო მანძილზე მოქმედი ბალისტიკური რაკეტა „ორეშნიკი“. ეს იარაღი ბირთვული მუხტის გადასატანადაა შექმნილი. სამხედრო მიმომხილველთა აზრით, კრემლის ეს ნაბიჯი უფრო მეტად პოლიტიკური განაცხადი იყო ვიდრე სამხედრო შედეგზე გათვლილი.

წლის დასაწყისში მალევე შეიცვალა უკრაინის არმიის მთავარსარდალი ვალერი ზალუჟნი და შეიარაღებულ ძალებს სათავეში ჩაუდგა „ყასბის“ მეტსახელით ცნობილი გენერალი ოლექსანდრ სირსკი. არავინ იცოდა, რა ახალ გადაწყვეტილებას მიიღებდა და აი, აგვისტოში, უკრაინა იწყებს ოპერაციას რუსეთის კურსკის ოლქში. რეგიონიდან გაიყვანეს 130 ათასზე მეტი მოქალაქე. კიევში ირწმუნებოდნენ, რომ მათი მიზანი ტერიტორიების ოკუპაცია არ ყოფილა. მათ მხოლოდ მოსაზღვრე რეგიონიდან განხორციელებული თავდასხმებისგან საკუთარი მოსახლეობის დაცვა სურდათ. ვლადიმირ პუტინის თქმით კი, ამ ქმედებას მალევე უპასუხებდნენ და კურსკიდან უკრაინელებს განდევნიდნენ. თუმცა წლის მიწურულს რუსეთის ფედერაციამ ეს ვერ შეძლო. უკრაინელები კურსკში რჩებიან.

2024 წელს მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში ჩატარდა არჩევნები. მათ შორის რუსეთშიც, სადაც პუტინმა გაიმარჯვა. პუტინი რუსეთის ისტორიაში ბოლო 200 წლის განმავლობაში გახდა პირველი მმართველი, რომელიც ასეთი ხანგრძლივი ვადით უდგას სათავეში ქვეყანას. პუტინის გაპრეზიდენტებას მალევე მოჰყვა მისი ვიზიტი ფხენიანში, სადაც გაფორმდა შეთანხმება, რომელიც სამხედრო კომპონენტსაც – ურთიერთდახმარებასაც გულისხმობდა.

კრემლმა გაააქტიურა და გააღრმავა ურთიერთობა ირანსა და ჩინეთთან. ამ ფონზე კი მსოფლიო პოლიტიკისთვის მნიშვნელოვანი არჩევნები ჩატარდა აშშ-ში. შეიცვალა ნატოს გენერალური მდივანი. ამერიკის არჩეულმა პრეზიდენტმა რუსეთ-უკრაინის ომის საკითხებში სპეციალური წარმომადგენლის თანამდებობაზე გენერალ-ლეიტენანტი კიტ კელოგი დანიშნა. ევროპაში დაიწყეს საუბარი, რომ ევროპული სახელმწიფოები, უკრაინის ფრონტზე ცეცხლის შეწყვეტის შემთხვევაში მრავალათასიან სამხედრო კონტინგენტს გააგზავნიან.

რუსეთის ომმა უკრაინაში მნიშვნელოვანი გავლენა იქონია დასავლურ სამხედრო სისტემაზეც. ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრები ამბობდნენ, რომ თავდაცვის დანახარჯების გაზრდა უმნიშვნელოვანესია. ისინი შესაბამის გადაწყვეტილებებს უკვე იღებენ.

წლის მიწურულს ამერიკულმა მედიამ გაავრცელა ცნობები, რომ პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ გააუქმა შეზღუდვები, რომლებიც ხელს უშლიდა უკრაინას, აშშ-ს მიერ მოწოდებული იარაღი რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში შეტევისთვის გამოეყენებინა. უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის პირდაპირ არ დაუდასტურებია ინფორმაცია, თუმცა აღნიშნა, რომ მისი „გამარჯვების გეგმის” ერთ-ერთი მთავარი პუნქტი, რომელიც მოკავშირეებს წარუდგინა, სამხედროების მიერ შორ მანძილზე მოქმედი იარაღის გამოყენებას გულისხმობდა. სამხედრო მიმომხილველთა ნაწილი თვლის, რომ ვლადიმერ პუტინი ამ ვითარებაში ცეცხლის შეწყვეტას არ დასთანხმდება და აშშ-ის არჩეულ პრეზიდენტს დონალდ ტრამპს მოუწევს დამატებითი ბერკეტების გამოყენება იმისთვის, რომ შეასრულოს საკუთარი დაპირება, რომელიც უკრაინაში ომის დასრულებას ითვალისწინებდა.

როგორც წესი, ზამთარში საბრძოლო მოქმედებების ინტენსივობა ნაკლებია ხოლმე. თუმცა ამჟამად უკრაინის ფრონტზე რუსეთის საოკუპაციო არმიასა და უკრაინის თავდაცვის ძალებს შორის ჯერ კიდევ სასტიკი საბრძოლო დაპირისპირებებია.

ავტორი: გიორგი თუხარელი

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend