„ახლა არჩევანი თქვენზეა. უკრაინა ამ ომის დასრულებას გთავაზობთ”, - ვოლოდიმირ ზელენსკი ვლადიმერ პუტინს ვრცელი ღია წერილით მიმართავს და მასთან პირისპირ შეხვედრას ითხოვს.
ეს ერთ-ერთი იშვიათი შემთხვევაა, როცა უკრაინის პრეზიდენტი რუსეთის ლიდერს 2022 წელს კრემლის სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ პირდაპირ მიმართავს. ამასთან, ეს ზელენსკის მიერ პუტინისთვის წერილის უშუალოდ გაგზავნის პირველი შემთხვევაა.
„უკრაინის შეთავაზება ამ ომის ჩვენსა და თქვენს შორის პირდაპირი დიალოგის გზით დასრულებაა“, - წერს ვოლოდიმირ ზელენსკი ვლადიმერ პუტინს და შეხვედრისთვის ზუსტი თარიღის დათქმასაც სთავაზობს.
ამასთან, იგი რუსეთის პრეზიდენტს ახსენებს, რომ ეს ომი მისი პირადი არჩევანია და რომ ისტორია მას სწორედ ასე დაიმახსოვრებს.
„თქვენი ხელისუფლებაში ყოფნის 26 წლიდან თითქმის ნახევარი უკრაინის წინააღმდეგ ომში გაატარეთ. რაც არ უნდა თქვათ ნატო-ზე, გეოპოლიტიკასა და რუსულ ენაზე, ეს ომი თქვენი პირადი არჩევანია – ომი რეალური მიზეზის გარეშე. სწორედ ასე დაიმახსოვრებს მას ისტორია. ეს წლები შეიძლებოდა სრულიად სხვაგვარი ყოფილიყო. ხშირად გვესმის, რომ ეს ომი თქვენთვის კომფორტულია. რა თქმა უნდა, არა მაშინ, როცა საქმე ვალდაიში თქვენი რეზიდენციის უსაფრთხოებას ან მოსკოვში აღლუმს ეხება. საკუთარი სიცოცხლე თქვენთვის ძვირფასია. მაგრამ ახლა ყველა ვხედავთ, რომ რუსები თავს თანდათან ნაკლებად კომფორტულად გრძნობენ ამ რეალობაში, რომელშიც ომს რუსეთისთვის სულ უფრო მეტი უარყოფითი შედეგი მოაქვს. მათ არ მოსწონთ ჩვენი დრონები და რაკეტები. არ მოსწონთ ბენზინის დეფიციტი და ფასების მუდმივი ზრდა. არ მოსწონთ მუდმივი აკრძალვები. არ მოსწონთ თქვენი განზრახვა, მობილიზაციის მეორე ტალღა გამოაცხადოთ, რათა უკრაინაში ომი სხვა მიმართულებებზე გააფართოოთ ან იგი რუსეთის სხვა მეზობლების წინააღმდეგ მიმართოთ. არ მოსწონთ, რომ თქვენს ომს დასასრული არ უჩანს. დიახ, თქვენ ჯერ კიდევ შეგიძლიათ, რუსებს ასეთ პირობებში ცხოვრება აიძულოთ. მაგრამ თქვენი რესურსები მნიშვნელოვნად შემცირდა. თქვენ აღარ გეყოფათ არც ფული და არც პოლიტიკური ძალაუფლება, რათა რუსების ერთგულება ისე იყიდოთ, როგორც ამას 26 წლის განმავლობაში აკეთებდით. და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მსოფლიომ ამ მომენტის მოახლოებაში თავისი წვლილი შეიტანოს. როგორც თავად ამბობთ, „ყველაფერი გათვლილი უნდა იყოს“, - წერს უკრაინის პრეზიდენტი.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ ისიც განაცხადა, რომ თუნდაც რუსეთს არ აღელვებდეს სამხედრო დანაკარგები, უკრაინას ადარდებს. „ჩვენ, უკრაინელებს, მუდმივი ომი არ გვინდა,“ - ნათქვამია მის წერილში.
„არც თქვენ და არც მათ, ვინც რჩევებს გაძლევდათ, არ სჯეროდათ, რომ უკრაინა ამდენ ხანს გაძლებდა. და ეს შეცდომა იყო“, - წერს უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინს.
მისი ადმინისტრაცია ადასტურებს, რომ წერილი კიევის პარტნიორებს, მათ შორის ვაშინგტონსაც გაუზიარებს.
„შესანიშნავი იქნება, თუ პუტინი და ზელენსკი შეხვდებიან“ - ასე უპასუხა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ზელენსკის ღია წერილთან დაკავშირებულ კითხვას.
„მიხარია, რომ ისინი, შესაძლოა, შეხვედრაზე საუბრობენ. ვფიქრობ, ჩვენ ამასთან ბევრი რამ გვაქვს საერთო. ვფიქრობ, შესანიშნავი იქნება, თუ ისინი შეხვდებიან. მათ ეს უნდა გააკეთონ.
ორივე მხარე წავა კომპრომისებზე. მე მათ სწორედ ეს კომპრომისები შევთავაზე. როგორც იცით, ჩვენ ამაში საკმაოდ აქტიურად ვართ ჩართული. ძალიან გვინდა ეს ვიხილოთ. ეს ორი ძალიან კარგი ხალხი, გამორჩეული და ლამაზი ქვეყანაა. მათ ეს უნდა შეაჩერონ“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.
ვოლოდიმირ ზელენსკი ვლადიმერ პუტინთან შეხვედრას აქამდეც არაერთხელ ითხოვდა და ამბობდა, რომ ტერიტორიულ საკითხებზე შეთანხმების მიღწევა მხოლოდ პირისპირ მოლაპარაკებების გზით არის შესაძლებელი.
ხუთშაბათს საღამოს კრემლმა განაცხადა, რომ ზელენსკის პუტინთან შეხვედრა მოსკოვში „ნებისმიერ დროს“ შეუძლია.
„ყველამ მოისმინა, როგორ ამბობდნენ თქვენი წარმომადგენლები ღიმილით, რომ მე მოსკოვში შემეძლო ჩასვლა. მაგრამ 26 წლის შემდეგ უკრაინის ლიდერს თქვენს დედაქალაქში არაფერი ესაქმება, ისევე როგორც რუსეთის ლიდერს - კიევში“, - წერია ზელენსკის წერილში.
