თბილისის მასშტაბით უკვე მე-18 დღეა, კვლავ უწყვეტად გრძელდება აქციები და დემონსტრაციები. აქციის მონაწილეები ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნასა და აქციების დრო დაკავებული მოქალაქეების გათავისუფლებას ითხოვენ.
.
15 დეკემბერს, შუადღეს, საპროტესტო მსვლელობა დაიწყეს რესტავრატორებმა და ხელოვნებათმცოდნეებმა, რომლებიც კულტურის სამინისტროსთან შეიკრიბნენ. ფილარმონიასთან თავი მოიყარეს ქართველმა საფეხბურთო გულშემატკივრებმა და მსვლელობით პარლამენტისკენ დაიძრნენ.
მარჯანიშვილის მოედნიდან ასევე პარლამენტისკენ გაემართა ხელოვანთა მარში, ვაჟა-ფშაველას გამზირიდან – ESM-ის კურსდამთავრებულები.
დღის ბოლოს რესპუბლიკის მოედანზე ინტელექტუალური სატელევიზიო გადაცემების – „რა? სად? როდის?“ და „წიგნების თაროს“ მოთამაშეები და მხარდამჭერები, ასევე ვეტერინარები და ცხოველთა მოყვარულები შეიკრიბნენ.
.
საბოლოოდ, ყველა ამ ნაკადმა თავი კვლავ საქართველოს პარლამენტის წინ მოიყარა.