ეს არის ამბავი რობოტზე, რომელიც გემის ჩაძირვის შემდეგ უკაცრიელ კუნძულზე ამოყოფს თავს. უმეგობრდება ადგილობრივ ცხოველებს და მათი დახმარებით ნელ-ნელა სწავლობს ახალ გარემოსთან ადაპტაციას. რობოტი დაობლებულ ბატსაც შეხვდება და მის შეფარებას გადაწყვეტს.
ანიმაციურმა ფილმმა „ველურმა რობოტმა“, რომელიც პიტერ ბრაუნის ამავე სახელწოდების წიგნს ეფუძნება, კრიტიკოსებისგან უამრავი დადებითი შეფასება დაიმსახურა და მას „ოსკარის” მოგებასაც უწინასწარმეტყველებენ.
ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი კი ფილმის მუსიკალური გაფორმებაა.
„ველური რობოტის“ წამყვანი როლის შემსრულებელი კომპოზიტორი და რეჟისორი თანხმდებიან, რომ ფილმისთვის შექმნილი ნაწარმოებები განუყოფელი ნაწილია იმისა, რაც მას ჯადოსნურს ხდის.
„ეს არის ცეკვა ანიმაციას, მუსიკასა და ვოკალურ შესრულებებს შორის. ამან ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, ყველაფერი იდეალურად ერგება ერთმანეთს“, – ამბობს ლუპიტა ნიონგო, მსახიობი.
მართალია, ისეთი ჰოლივუდის ვარსკვლავები, როგორებიც არიან ლუპიტა ნიონგო და პედრო პასკალი, უამრავ კინომოყვარულს იზიდავს. თუმცა, სცენის მიღმა არაერთი ნაკლებად ცნობადი სახეა, რომელთა მიერ გაწეული შრომის წყალობითაც „ველური რობოტი“ ყველაზე პრესტიჟული ჯილდოების პრეტენდენტი გახდა.
სწორედ ასეთი სახეა კომპოზიტორი კრის ბაუერსი, რომელმაც უბრალო საფორტეპიანო მელოდია ფილმის მთავარ მუსიკალურ გაფორმებად აქცია.
„გსურს ამ ემოციური თავგადასავლის ნაწილი გახდე, ისე რომ, არც ფიქრობდე იმაზე, თუ სინამდვილეში რა აღვივებს შენს გრძნობებს“, – ამბობს კომპოზიტორი კრის ბაუერსი.
როგორც ფილმის რეჟისორი კრის სანდერსი ჰყვება, მუსიკა გადამწყვეტ როლს თამაშობს მაყურებლის ემოციებზე.
„მუსიკა მაგიასთან ყველაზე მეტად მიახლოებული რამაა, რაც არსებობს. დიალოგში შეიძლება დაუშვა შეცდომები, მაგრამ როდესაც საქმე მუსიკას ეხება… ფილმის ბევრ მონაკვეთში იგი თავისთავად ამბობს ყველაფერს. მუსიკა არის საუკეთესო, ყველაზე ლამაზი ხმა, რაც შეიძლება მოვისმინოთ“, – ამბობს მწერალი და რეჟისორი კრის სანდერსი.
„ველური რობოტი“ ტექნოლოგიისა და ბუნების გარშემო არსებული განწყობების შესახებ გვიყვება.
მაყურებლებისა და კრიტიკოსებისგან უამრავი ბრწყინვალე შეფასების მიღების შემდეგ კი, ფილმის მსახიობები, მუსიკოსები და გადამღები ჯგუფი დაჯილდოების სეზონის დაწყებას ელიან.