„კიევმა უნდა გაიყვანოს ჯარები რუსეთის მიერ ანექსირებული უკრაინის ტერიტორიებიდან და უარი თქვას ნატოში გაწევრებაზე, რუსეთი კი საპასუხოდ დაუყოვნებლივ შეწყვეტს ცეცხლს”, – ასეთია ვლადიმერ პუტინის კიდევ ერთი ულტიმატუმი, რომელიც მან უკრაინას წაუყენა.
პუტინი ამტკიცებს, რომ მისი წინადადება მიმართულია უკრაინის ომის საბოლოო გადაწყვეტისა და არა გაყინვისთვის.
„უკრაინის ჯარები სრულად უნდა გავიდნენ დონეცკისა და ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკებიდან, ხერსონისა და ზაპორიჟიის ოლქებიდან. უფრო მეტიც, თქვენს ყურადღებას გავამახვილებ იმაზე, რომ ჯარები უნდა გაიყვანონ ამ რეგიონების მთელი ტერიტორიიდან. როგორც კი კიევი გამოაცხადებს, რომ მზად არიან ასეთი გადაწყვეტილების მისაღებად და დაიწყებენ ჯარების რეალურ გაყვანას ამ რეგიონებიდან და ასევე ოფიციალურად შეგვატყობინებენ, რომ უარს ამბობენ ნატოში გაწევრიანების გეგმებზე, ჩვენ დაუყოვნებლივ, ფაქტობრივად იმავე წუთში, ცეცხლის შეწყვეტისა და მოლაპარაკებების დაწყების ბრძანებას გავცემთ“, – განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.
პუტინს გრძელვადიანი მშვიდობისთვის უფრო ფართო მოთხოვნებიც აქვს, მათ შორის, უკრაინის არაბირთვული სტატუსი, სამხედრო ძალის შეზღუდვა ქვეყანაში და რუსულენოვანი მოსახლეობის დაცვა.
მისი აზრით, ეს ყველაფერი უნდა გახდეს „ფუნდამენტური საერთაშორისო შეთანხმებების“ ნაწილი და რუსეთის წინააღმდეგ დასავლური სანქციებიც უნდა მოიხსნას. თუ ასე არ მოხდა, პუტინი ამბობს, რომ ყველაფერი კიევისა და დასავლეთის მორალური პასუხისმგებლობა იქნება.
„დღეს ჩვენ ვთავაზობთ კიდევ ერთ კონკრეტულ, რეალურ სამშვიდობო წინადადებას. თუ კიევი და დასავლეთის დედაქალაქები უარს იტყვიან მასზე ისევე როგორც ადრე, მაშინ საბოლოოდ ეს მათი საქმეა, ეს იქნება მათი პოლიტიკური და მორალური პასუხისმგებლობა სისხლისღვრის გაგრძელებაზე”, – ამბობს ვლადიმერ პუტინი.
პუტინის ეს განცხადებები ე.წ. მშვიდობის თაობაზე ის იშვიათი შემთხვევაა, როდესაც მან მკაფიოდ წარმოადგინა თავისი პირობები უკრაინის ომის დასრულებისთვის, თუმცა ახლაც მას ახალი არაფერი უთქვამს. კრემლი ადრეც დაჟინებით მოითხოვდა, რომ კიევს ეღიარებინა რუსეთის ტერიტორიული მიღწევები და უარი ეთქვა ნატოში გაწევრების თაობაზე.
ამასთან, რუსეთი სრულად ვერ აკონტროლებს უკრაინის იმ ოთხ რეგიონს, რომელთა ანექსიაც 2022 წელს უკანონოდ მოახდინა. სამხრეთ-აღმოსავლეთით ზაპორიჟიაში რუსეთი ვერ აკონტროლებს რეგიონის ადმინისტრაციულ დედაქალაქს და ხერსონის დიდ ნაწილსაც.
უკრაინას კი არაერთხელ უთქვამს, რომ არავითარი გარიგებით არ დათმობენ უკრაინის ტერიტორიებს და იბრძოლებენ საკუთარი ქვეყნისთვის ნებისმიერ ფასად.
ამასთან, პუტინის ე.წ. მშვიდობის გეგმა არსებითად ეწინააღმდეგება უკრაინის სამშვიდობო გეგმას. 10-პუნქტიანი წინადადება, რომელიც ადრე კიევმა წარადგინა, გულისხმობს ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას საერთაშორისო სამართლისა და წესდების თანახმად.