კატეგორიები

ვიქტორ ორბანი გაეროს გენმდივნის პოსტზე?

ვიქტორ ორბანი გაეროს გენმდივნის პოსტზე?
დონალდ ტრამპს სურს, გაეროს გენერალური მდივნის თანამდებობაზე უნგრეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის კანდიდატურა წარადგინოს - ამის შესახებ გამოცემა Wall Street Journal-ი იუწყება.

თეთრი სახლის მოქმედი ადმინისტრაციის წარმომადგენლები ფიქრობენ უნგრელი პოლიტიკოსი აშშ-ის, რუსეთისა და ჩინეთის ერთიან კანდიდატად გამოაცხადონ, თუმცა, დიდი ალბათობით, ეს ინიციატივა გაეროს უშიშროების საბჭოს სხვა წევრების წინააღმდეგობას გამოიწვევს.

გამოცემის ინფორმაციით, ამ გეგმის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ერთ-ერთმა თანამშრომელმა აღიარა, რომ, მიუხედავად იმისა, რომ ერთი შეხედვით ეს წარმოუდგენლად ჟღერს, მსგავსი იდეა, შესაძლოა, მოსკოვსა და პეკინსაც აწყობდეთ.

თეთრი სახლის მთავარი იდეა სწორედ ისაა, რომ მსოფლიოს სამმა დიდმა სახელმწიფომ საერთო კანდიდატი წარადგინოს.

უნგრელმა ჟურნალისტმა, საბოლჩ პანიმ ჯერ კიდევ მაისის ბოლოს, უნგრეთისა და უცხოეთის დიპლომატიურ წრეებში არსებულ წყაროებზე დაყრდნობით, დაწერა, რომ ტრამპის მოძრაობა MAGA-ს - ანუ, „გავხადოთ ამერიკა კვლავ დიდებული“ - წარმომადგენლებში ორბანისთვის გაეროს სტრუქტურაში მაღალი თანამდებობის მოძიების იდეა განიხილებოდა.

ამ თანამდებობაზე მთავარი მნიშვნელობა, შესაძლოა, არა მის ფუნქციებს, არამედ მისგან გამომდინარე დიპლომატიურ იმუნიტეტებს მინიჭებოდა.

მიმდინარე წლის ზაფხულში, ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატის დასრულების შემდეგ, მედიაში აქტიურად იწერებოდა, რომ დონალდ ტრამპი გაეროს გენმდივნის თანამდებობაზე განიხილავდა FIFA-ს მოქმედი პრეზიდენტის, ჯანი ინფანტინიოს კანდიდატურას, თუმცა მალევე ეს ცნობები გაიქარწყლა.

ნამდვილად განიხილავს თუ არა ტრამპის ადმინისტრაცია მის ან უნგრეთის ექსპრემიერის კანდიდატურებს, ეს, სავარაუდოდ, წლის ბოლოსთვის გახდება ცნობილი, რადგან გაეროს მოქმედ გენერალურ მდივანს, ანტონიუ გუტიერეშს ამ პოსტზე ვადა 31 დეკემბერს ეწურება.

გაეროს გენერალური მდივნის არჩევის პროცედურის თანახმად, უშიშროების საბჭოში საჭიროა 15 წევრიდან, სულ მცირე, 9 ხმის მიღება, ამასთან, ხუთ მუდმივ წევრს შორის არცერთს არ უნდა ჰქონდეს ვეტო დადებული. უშიშროების საბჭოს რეკომენდაციის შემდეგ გენერალურ მდივანს გაეროს გენერალური ასამბლეა ნიშნავს.

ამრიგად, საფრანგეთსა და დიდ ბრიტანეთს შუძლიათ რეკომენდაციის დაბლოკვა, მაშინაც კი, თუ აშშ, რუსეთი და ჩინეთი მართლაც ერთიანი პოზიციით დაუჭერენ მხარს ორბანის კანდიდატურას.

დაკავშირებული ამბები
ვიქტორ ორბანი გაეროს გენმდივნის პოსტზე? „ტერორიზმის მსხვერპლები ჩვენ ვართ" – მასუდ ფეზეშქიანის სიტყვა გაეროში