კატეგორიები

სამშვიდობო მოლაპარაკებების მოლოდინში - რუსეთმა უკრაინის ოლქები ისევ დაბომბა

სამშვიდობო მოლაპარაკებების მოლოდინში - რუსეთმა უკრაინის ოლქები ისევ დაბომბა
რუსულმა საოკუპაციო არმიამ უკრაინის რამდენიმე რეგიონზე მასირებული საჰაერო იერიშები მიიტანა.

დრონებისა და ბალისტიკური რაკეტების გამოყენებით დაიბომბა ზაპორიჟიის ოლქი, სადაც მნიშვნელოვნადაა დაზიანებული საცხოვრებელი სახლები, სასტუმროს შენობა და ავტომობილები. დაშავდა 4 პირი.

დარტყმების შედეგად მარცვლეულის საწყობი დაიწვა ჩერნიჰივის ოლქში, ხოლო ხმელნიცკის ოლქში სამიზნედ იქცა ენერგოინფრასტრუქტურა, რის შედეგადაც ომში მყოფი ქვეყნის ნაწილის ელექტრომომარაგებაში პრობლემები დაფიქსირდა.

განგრძობადი იერიშების ფონზე, უკრაინის პრეზიდენტი აცხადებს, რომ, შესაძლოა, ნოემბრის დასაწყისში შედგეს კიევი-ვაშინგტონი-მოსკოვის სამმხრივი მოლაპარაკებები. ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, თუკი საუბარია ტერიტორიულ საკითხზე, მაშინ ეს არა დიპლომატების, არამედ ლიდერების დონეზე უნდა გადაწყდეს, სხვა თემები კი, როგორც ამბობს, „ტექნიკური ჯგუფების კომპეტენციაა“.

უკრაინის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ სამშვიდობო შეთანხმების ფარგლებში კიევი არანაირად არ აპირებს, დათანხმდეს შეიარაღებული ძალების რიცხოვნობის შემცირებას ან ნეიტრალიტეტს.

25 ოქტომბერს, ვლადიმერ პუტინის თანაშემწემ საგარეო პოლიტიკის საკითხებში, იური უშაკოვმა რუსულ სახელმწიფო მედიას განუცხადა, რომ კრემლი მზად არის, 4 ნოემბრის შემდეგ მოლაპარაკებების პროცესი განაახლოს.

მისი თქმით, „პირველ შეხვედრაზეც ბევრი რამის გადაწყვეტა შეუძლებელია“ და მას „საცდელი, მოსინჯვითი ხასიათი“ ექნება.

საგულისხმოა, რომ სამმხრივი მოლაპარაკებების გამართვის საკითხი მეტწილად დამოკიდებულია შტატებში 3 ნოემბერს გასამართ შუალედურ არჩევნებზეც, სადაც ტრამპისა და, ზოგადად, „რესპუბლიკელთა“ მდგომარეობა, წინასწარი შეფასებით, არასახარბიელოა.

დაკავშირებული ამბები
სამშვიდობო მოლაპარაკებების მოლოდინში - რუსეთმა უკრაინის ოლქები ისევ დაბომბა ზელენსკის განცხადებით, რუსეთმა კიევზე კასეტური ქობინით აღჭურვილი სამი ბალისტიკური რაკეტით მიიტანა იერიში