ვლადიმერ პუტინის მტკიცებით, რუსეთი მზად არის უკრაინაში არსებული ვითარების ერთხელ და სამუდამოდ გადაწყვეტისთვის და „არ სურს კიევთან ომი“, თუმცა, როგორც ამბობს, თუ „უკრაინის ამჟამინდელ ხელმძღვანელობას სურს ომი, დაე, იომონ“.
კრემლის ლიდერის თქმით, მოსკოვი დათანხმდა სამმხრივ მოლაპარაკებებს, ვაშინგტონის შუამავლობით, რათა განიხილოს რუსეთ-უკრაინის უსაფრთხოების საკითხები, რომელთა შედეგი უნდა იყოს საბრძოლო მოქმედებების „საბოლოოდ დასრულება და არა მათი შეჩერება დროის მოკლე მონაკვეთში“ - ამით პუტინმა, ფაქტობრივად, უარყო ზელენსკის მიერ შემოთავაზებული ცეცხლის შეწყვეტა, რაც გულისხმობს კონფლიქტის გაყინვას არსებული ფრონტის ხაზზე და მორიგ ჯერზე თქვა, რომ მოსკოვი მიაღწევს დასახულ სამხედრო მიზნებს.
„ნებისმიერ შემთხვევაში, ჩვენ ჩვენს წინაშე დასახულ ამოცანებს შევასრულებთ და სპეციალური სამხედრო ოპერაციის ყველა მიზანს მივაღწევთ.
რაც შეეხება ჩვენს მოლაპარაკებებს შეერთებული შტატების ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან, დიახ, ჩვენ შევთანხმდით, რომ მზად ვართ, სამმხრივი კონტაქტები განვაახლოთ.
ამ მოლაპარაკებების მიზანი იქნება იმის განხილვა, თუ როგორ უზრუნველვყოთ როგორც უკრაინის, ისე რუსეთის უსაფრთხოება სამშვიდობო შეთანხმებების დადების შემდეგ. საუბარია კონკრეტულად საბოლოო და გრძელვადიან შეთანხმებებზე და არა მხოლოდ საომარი მოქმედებების მოკლე ვადით შეჩერებაზე.
ჩვენ მზად ვართ, განვაახლოთ ეს კონტაქტები, რათა აღნიშნულ მიზანს მივაღწიოთ“, - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.
პოტენციურ სამშვიდობო შეთანხმებაზე საუბრისას, ვლადიმერ პუტინმა ისევ გაიმეორა მისთვის ჩვეული რიტორიკა უკრაინის შემადგენლობაში მყოფ ოკუპირებულ და ანექსირებულ ტერიტორიებზე.
მისი მტკიცებით, დონბასის, ზაპორიჟიისა და ხერსონის ოლქების, ასევე ყირიმის ნახევარკუნძულის საკითხი ამოწურულია და განხილვას აღარ ექვემდებარება, რადგან ადგილობრივმა მოსახლეობამ „რუსეთთან ხელახლა გაერთიანებას დაუჭირა მხარი“.
ამ თემაზე საუბრისას პუტინი ისევ ეყრდნობა დე ფაქტო რეფერენდუმის შედეგებს, რომელთა ლეგიტიმურობასაც მხოლოდ მოსკოვი აღიარებს, ხოლო საერთაშორისო საზოგადოება ამ ოკუპირებულ მიწებს უკრაინის განუყოფელ ნაწილად მიიჩნევს, 1991 წლის საზღვრების შესაბამისად - ცნობისთვის, ეს ტერიტორიები მაშინ მოსკოვმაც კიევის საკუთრებად აღიარა.
„უპირველეს ყოვლისა, ჩემი აზრით, ეს ტერიტორია მათ არ ეკუთვნით - ის ისტორიულად რუსეთის ტერიტორიაა. გარდა ამისა, ამ ტერიტორიებზე მცხოვრებმა ხალხმა სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის სასარგებლოდ მისცა ხმა. შემდეგ ეტაპზე კი - და მინდა, ამას ხაზი გავუსვა - მათ რუსეთის ფედერაციასთან ხელახლა გაერთიანებას დაუჭირეს მხარი. ამიტომ, ჩემი აზრით, შეუსაბამოა საუბარი რაიმე ტერიტორიულ დანაკარგებზე“, - განაცხადა პუტინმა.
სამმხრივი მოლაპარაკებებისთვის მზად არიან კიევშიც, თუმცა ამ მხრივ მოსკოვთან დაგროვებული პრაქტიკისა და მიმდინარე საომარი მოქმედებების გათვალისწინებით, უკრაინა აქტიურად აგრძელებს თავდაცვითი შესაძლებლობების განვითარებას.
ამჯერად, ხელი მოეწერა ფინეთთან 300 მილიონი ევროს ღირებულების ურთიერთანამშრომლობის დოკუმენტს.
„გზად კიევისკენ კუშნერმა მითხრა, რომ მათ რუსეთთან ისაუბრეს და რუსეთი მხარს უჭერს ნოემბერში სამმხრივი ფორმატის შეხვედრის გამართვას - ამერიკის, უკრაინისა და რუსეთის მონაწილეობით. შეხვედრა მაღალ დონეზე უნდა გაიმართოს, ტექნიკური ჯგუფების, ანუ ჩვენი მომლაპარაკებლების მონაწილეობით.
რა თქმა უნდა, თუ პრეზიდენტი ტრამპი უკრაინას ამ ფორმატში მონაწილეობის მისაღებად მიიწვევს, უკრაინა იქ უმაღლეს დონეზე იქნება წარმოდგენილი. იმედი ვიქონიოთ, რომ ეს შესაძლებელი გახდება. ჯერჯერობით ასეთი სიგნალი არ მიგვიღია. ამის იმედი გვაქვს“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
ჯერჯერობით უცნობია, მოახდენს თუ არა რაიმე გავლენას სამმხრივი შეხვედრა რუსეთ-უკრაინის თითქმის ხუთწლიანი ომის მიმდინარეობაზე და რა შეიცვლება მხარეთა რიტორიკაში. უფრო მკაფიო ეს საკითხი, სავარაუდოდ, ნოემბერში უნდა გახდეს.
