მას შემდეგ, რაც უკრაინამ დრონებით იერიშები მიიტანა რუსულ Google-ად წოდებულ ტექნოგიგანტ Yandex-ის, სხვადასხვა ქალაქში განლაგებულ მონაცემთა ბაზებზე, რუსეთის მოქალაქეებისთვის კომპანიის სხვადასხვა სერვისზე წვდომა შეიზღუდა, რასაც მათი უკმაყოფილება მოჰყვა.
Telegram-არხებში ადგილობრივები წერენ, რომ არ შეუძლიათ ან უჭირთ ტაქსის გამოძახება, ასევე Yandex-ის ონლაინ სავაჭრო პლატფორმით სარგებლობა.
შეფერხებებია კომპანიის კუთვნილი მობილური აპლიკაციისა და ვებგვერდის ოპერირების მხრივაც. მომხმარებელთა ნაწილს დაეგზავნა შეტყობინებები შეფერხებასთან დაკავშირებით, მიზეზები კი თავად კომპანია Yandex-მა ახსნა და განაცხადა, რომ დრონებით იერიშების შედეგად, აუცილებელი გახდა მონაცემთა ბაზებში განლაგებული სერვერების ქსელიდან დაუყოვნებლივ გათიშვა.
„ერთადერთი პრობლემა, რაც შემექმნა, ის იყო, რომ „Yandex.Market“-ზე შეკვეთა მქონდა მიცემული. დილით შევედი, რომ შეკვეთის სტატუსი შემემოწმებინა, მაგრამ გვერდი მიუწვდომელი იყო. ახლა აღარ ვიცი, SMS-ს მივიღებ თუ არა, ან კიდევ რა უნდა გავაკეთო. VPN-ით ხელახლა დაკავშირებაც ვცადე, მაგრამ ამანაც არ უშველა. არაფერი გამოვიდა“, - ამბობს მოსკოვის მცხოვრები იგორ მანი.
„გაურკვეველია, შეკვეთები როგორ შემოდის, ან საერთოდ თუ შემოდის. დღესაც ასეთი შემთხვევა მქონდა: შეკვეთა მივიღე, მომხმარებლის მისამართზე მივედი, მაგრამ მან მანქანას შეხედა და მკითხა: „ეს თქვენი მანქანაა თუ არა?“ - იმიტომ, რომ საერთოდ ვერაფერს ხედავდა. ვგულისხმობ იმას, რომ პრობლემა მხოლოდ ის კი არ არის, მივიდა თუ არა მანქანა დანიშნულების ადგილზე, არამედ ისიც, რეალურად რა ხდება მანქანასთან დაკავშირებით.
უკვე რამდენიმე შეკვეთის შემთხვევაში მომიწია დიდხანს ლოდინი, შემდეგ კი მგზავრობის გაუქმება, რადგან მგზავრთან დაკავშირებასაც კი ვერ ვახერხებდი“, - ამბობს Yandex Taxi-ის მძღოლი პაველ ბელიავსკი.
„ვებგვერდი, ძირითადად, ისე მუშაობს, როგორც ყოველთვის მუშაობდა. ხანდახან შეფერხებებია და ესეც ჩვეულებრივი ამბავია. მგონი, მსგავსი პრობლემები უფრო ხშირად შემხვედრია. გუშინ Yandex Taxi-ს გამოძახებას ვცდილობდი და საკმაოდ გამიჭირდა. რატომღაც აპლიკაცია მისამართის სწორად შეყვანის საშუალებას არ მაძლევდა. ამიტომ სხვა ტაქსის გამოძახება მომიწია და შემდეგ თავად მძღოლებს ვთხოვე დახმარება“, - თქვა Yandex Market-ის წარმომადგენელმა, ნატალია ჟუკოვამ.
ერთი მხრივ, ინტერნეტზე კრემლის დაწესებული შეზღუდვების, ხოლო, მეორე მხრივ, დასავლურ სახელმწიფოებში შემუშავებული ზოგიერთი მობილური აპლიკაციის აკრძალვის და ისეთი პლატფორმების - როგორებიცაა Facebook, Instagram, WhatsApp, YouTube - ნაწილობრივი აკრძალვის გამო, რუსეთის მოქალაქეებს უწევთ მათი გვერდის ავლით - VPN-ის საშუალებით გამოყენება, თუმცა ზოგიერთ შემთხვევაში, არც ეს არის გამოსავალი, რაც მომხმარებლებს შორის უკმაყოფილებას ზრდის.
შეზღუდვებით უკმაყოფილო რუსეთის მოქალაქეებს უკრაინის ხელისუფლება პასუხობს და აცხადებს, რომ პრობლემებს არა კიევის იერიშები იწვევს, არამედ კრემლის მიერ წამოწყებული ომი უკრაინის მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ.
Yandex-ი აერთიანებს სხვადასხვა მიმართულებას, მათ შორის ტაქსით მომსახურებას, სწრაფი მიტანის სერვისს, ონლაინმარკეტს, ავტომობილების გაქირავების, ე.წ. „ქარშეარინგის“ ფუნქციასა და ონლაინბანკინგს.
კომპანია რამდენიმე ქვეყანაში ოპერირებს.
მიმდინარე წლის 16 ივნისს, დიდმა ბრიტანეთმა Yandex-ის საბანკო განშტოებას სანქციები დაუწესა - რუსეთის ფინანსური სექტორის გლობალურ ბაზართან დაკავშირებისა და უკრაინაში კრემლის სრულმასშტაბიანი ომის ეკონომიკური მხარდაჭერის გამო.
ვიდრე მოსკოვი უკრაინის სამოქალაქო ინფრასტრუქტურას ბომბავს, კიევი ცდილობს, აგრესორ სახელმწიფოს მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს სტრატეგიულ ობიექტებზე დარტყმების განხორციელებით, რომელთა შორისაც მოქცეულია ნავთობგადამამუშავებელი ობიექტები, მონაცემთა ცენტრები და არმიის მომმარაგებელი ლოგისტიკური კომპანიები.
ერთ-ერთი ასეთია Wildberries-ი, რომელიც კრემლის ეკონომიკის ერთ-ერთი ძირითადი საყრდენია და კიევის იერიშების სამიზნედ იქცა იმ მიზეზით, რომ კომპანიის ონლაინსავაჭრო პლატფორმაზე თავისუფლად ივაჭრებოდა დრონები და სხვა ტიპის შეიარაღება, რომლითაც მოსკოვი უკრაინულ ქალაქებს ბომბავს და მშვიდობიან მოსახლეობას ხოცავს.
