კატეგორიები

უკრაინა ტერიტორიული საკითხების განხილვას მხოლოდ ლიდერების დონეზე აპირებს

უკრაინა ტერიტორიული საკითხების განხილვას მხოლოდ ლიდერების დონეზე აპირებს
ტერიტორიული საკითხების განხილვა მხოლოდ ლიდერების დონეზე, უარი შეიარაღებული ძალების რიცხოვნობის შემცირებასა და ნეიტრალიტეტზე - სამმხრივი მოლაპარაკებების წინ უკრაინა იმ პრინციპულ პოზიციებს ასახელებს, რომელთა დათმობას, სამშვიდობო შეთანხმების სანაცვლოდ არ აპირებს.

რუსული, უკრაინული და ამერიკული დელეგაციები ერთმანეთს, სავარაუდოდ, აბუ-დაბიში ნოემბერში შეხვდებიან - მოსალოდნელია, რომ შტატებში გასამართი შუალედური არჩევნების შემდეგ. უკრაინის საკითხი ერთ-ერთია იმ ნუსხიდან, რაც 3 ნოემბრის კენჭისყრამდე დონალდ ტრამპისა და „რესპუბლიკელთა“ პოლიტიკურ პოზიციებს არყევს.

პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, კიევს სურს, მოლაპარაკებების პროცესში ევროპული მხარეც იყოს ჩართული - სულ მცირე იმიტომ, რომ ომი ამ კონტინენტზე მიმდინარეობს და რუსული აგრესია პირდაპირ საფრთხეს უქმნის საერთო ევროპულ კეთილდღეობას.

„ჩვენ ამერიკელებს ვესაუბრეთ, ამერიკელები კი სანქტ-პეტერბურგში ჩავიდნენ და შეთანხმდნენ, რომ ომის ორივე მხარე - ამ შემთხვევაში, რუსეთი და უკრაინა - მზად არის, სამმხრივი შეხვედრა გამართოს. განხილული იყო აბუ-დაბიც. შეხვედრა შეიძლება ახლო აღმოსავლეთში ან ევროპის ამა თუ იმ დედაქალაქში გაიმართოს.

თუმცა, ჩვენ შევთანხმდით და ამერიკელებმა დაგვიდასტურეს, რომ პუტინმაც დაუდასტურა მათ: ჩვენი გუნდები ნოემბერში სამმხრივ ფორმატში შეხვდებიან ერთმანეთს - ამერიკა, რუსეთი და უკრაინა.

რა თქმა უნდა, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ევროპაც იყოს წარმოდგენილი.

ჩვენთვის მნიშვნელოვანი შედეგია ლიდერების დონეზე სამმხრივი შეხვედრის გამართვის შესაძლებლობა. ასევე, არსებობს შესაძლებლობა, დაისვას ისეთი საკითხები, როგორიცაა ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმების შეწყვეტა ან საზღვაო ცეცხლის შეწყვეტა, რათა შევძლოთ მარცვლეულის ექსპორტი და უკრაინის ყოველდღიური ცხოვრების უზრუნველსაყოფად საჭირო საქონლის იმპორტი.

ექსპორტი აუცილებელია შემოსავლების მისაღებად და ჩვენი ბიუჯეტის შესავსებად, ასევე, რა თქმა უნდა, ტყვეთა გაცვლის პროცესის გასაგრძელებლად“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

მოლაპარაკებებისთვის მზაობას აცხადებენ მოსკოვშიც, თუმცა კვლავ ტრადიციული რიტორიკით უსვამენ ხაზს ე.წ. „სპეციალური სამხედრო ოპერაციით“ დასახული მიზნების შესრულების აუცილებლობას.

კრემლში ადასტურებენ, რომ დიალოგის მიუხედავად, საბრძოლო მოქმედებები არ შეჩერდება - ამის მიზეზად კი მოჰყავთ არგუმენტი, რომ კიევი ცეცხლის შეწყვეტას „გადაიარაღებისა“ და „ძალების მოკრებისთვის“ გამოიყენებს.

„სამმხრივი მოლაპარაკებების განახლების შესახებ მიღებული გადაწყვეტილება საბრძოლო მოქმედებებზე რაიმე შეზღუდვას არ გულისხმობს. ჩვენი შეიარაღებული ძალები აგრძელებენ სპეციალურ სამხედრო ოპერაციას და უკრაინის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის, ასევე სამხედრო და სამხედრო დანიშნულებასთან დაკავშირებული ობიექტების წინააღმდეგ მასშტაბურ და ინტენსიურ დარტყმებს.

ჰუმანიტარული მიზნებისთვის, რა თქმა უნდა, ეს შესაძლებელია. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ამ პროცესში უშუალოდ და ძალზე დადებითად არის ჩართული ამერიკული მხარე, ამერიკელი მომლაპარაკებლები და აშშ-ის პირველი ლედი მელანია ტრამპი. ჩვენ დიდად ვაფასებთ ამ ძალისხმევას.

ბუნებრივია, ამან შეიძლება პრეცედენტი შექმნას. იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ უკრაინული მხარე შეასრულებს ყველა იმ შეთანხმებას, რომლებიც მიღწეულია ამერიკელი მომლაპარაკებლების, მათ შორის მელანია ტრამპის, უშუალო მონაწილეობით“, - განაცხადა დმიტრი პესკოვმა.

კრემლის პრესსპიკერის მიერ ნახსენები ქალაქი ოლეშკი, რომელიც 4 წელიწადზე მეტია, რუსული ოკუპაციის ქვეშაა მოქცეული, ჰუმანიტარული კატასტროფის ზღვარზეა. გასული კვირის მიწურულს, შტატების პირველი ლედის, მელანია ტრამპის შუამავლობით, მოსკოვი და კიევი შეთანხმდნენ ხერსონის ოლქში მდებარე ამ ქალაქში ლოკალურ ცეცხლის შეწყვეტაზე, რათა შესაძლებელი გახდეს ადგილობრივი მოსახლეობის უსაფრთხო ევაკუაცია ან იქ მცხოვრები მოსახლეობისთვის პირველადი საჭიროების დახმარების მიწოდება.

ამან, გარკვეულწილად, გააჩინა დეესკალაციის მოლოდინი, მით უმეტეს მოსალოდნელი სამშვიდობო მოლაპარაკებების წინ, თუმცა კიევს არ დავიწყებია წარსული პრაქტიკა, როდესაც მოსკოვთან მიღწეული ლოკალური ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება დაირღვა.

ასეთი ქცევის მკაფიო მაგალითია რუსული არმიის მიერ განადგურებული ქალაქი მარიუპოლი. 2022 წლის 5 მარტს რუსეთმა და უკრაინამ შეთანხმებას მიაღწიეს მარიუპოლიდან და ვოლნოვახიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციისთვის ჰუმანიტარული დერეფნების გახსნის შესახებ.

მარიუპოლის მერის განცხადებით, ევაკუაციის დაწყებისას რუსულმა ძალებმა დერეფნის მიმართულებით ცეცხლი გახსნეს, რის გამოც მოსახლეობის გაყვანა გადაიდო.

წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტმა 6 მარტს განაცხადა, რომ მარიუპოლიდან მოსახლეობის ევაკუაციის მეორე მცდელობაც საბრძოლო მოქმედებების განახლების გამო შეჩერდა. ორგანიზაციამ ხაზი გაუსვა, რომ მხარეებს შორის არ არსებობდა საკმარისად დეტალური და მოქმედი შეთანხმება.

ამავდროულად, უკრაინულ ქალაქებზე არ წყდება იერიშები და კრემლის საოკუპაციო არმიის ერთ-ერთ მთავარ სამიზნედ კვლავ დედაქალაქი კიევი რჩება, სადაც იბომბება სამოქალაქო და ენერგოინფრასტრუქტურა. ამ მიმართულებით, მოსკოვი განსაკუთრებით აქტიურობს ზამთრის სეზონის მოახლოებასთან ერთად.

ამას გარდა, ერთ-ერთი დარტყმა დნეპრზე მდებარე კიევის სამხრეთ ხიდს მოხვდა, რის შედეგადაც ხიდის კონსტრუქცია დაზიანდა. ხიდზე საავტომობილო მოძრაობა და მეტროს მოძრაობა შეჩერებულია.

კიევის მერის ცნობით, იერიშების შედეგად არიან დაღუპულები და დაშავებულები.

ამ ფონზე, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკმაყოფილება გამოთქვა Patriot-ის ტიპის საზენიტო-სარაკეტო კომპლექსის გაჭიანურებულ მიწოდებასთან დაკავშირებით და თქვა, რომ კიევი თითქმის ერთი თვეა, ელოდება აშშ-ის ომის მდივნის, პიტ ჰეგსეთის ხელმოწერას სტრატეგიულად მნიშვნელოვანი თავდაცვითი სისტემის მისაწოდებლად.

აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექტორის მიერ სექტემბერში გამოქვეყნებულ ანგარიშში ნათქვამია, რომ თებერვლის ბოლოს, ირანის წინააღმდეგ ოპერაცია „ეპიკური რისხვის“ დაწყებიდან, ივნისის ბოლომდე ამერიკულმა ძალებმა 22,3 მილიარდი დოლარის ღირებულების საბრძოლო მასალა დახარჯეს.

უკრაინის არმიის პოლკოვნიკმა იური იგნატმა ორშაბათს გამოქვეყნებულ ინტერვიუში განაცხადა, რომ ახლო აღმოსავლეთში გამოყენებული Patriot-ის ტიპის რაკეტების რაოდენობა უკრაინაში რამდენიმე წლის განმავლობაში საბრძოლო მოქმედებების წარმოებას ეყოფოდა.

დაკავშირებული ამბები
უკრაინა ტერიტორიული საკითხების განხილვას მხოლოდ ლიდერების დონეზე აპირებს სამშვიდობო მოლაპარაკებების მოლოდინში - რუსეთმა უკრაინის ოლქები ისევ დაბომბა